ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა განაცხადა, რომ მთავრობა ხალხს ყურადღებით მოუსმენს. ეს განცხადება ლამმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თვითმმართველობის არჩევნებში პროპეკინის მხარდამჭერი კანდიდატები ოპოზიციასთან დამარცხდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, 18 ოლქიდან 17-ში პროდემოკრატიულმა ოპოზიციური მოძრაობამ გაიმარჯვა. არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა რეკორდულად მაღალი - 71%-ზე მეტი იყო.
ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში კერი ლამი ამბობს, რომ ის პატივს სცემს არჩევნების შედეგებს. "მთავრობა ყურადღებით მოუსმენს მოქალაქეთა მოსაზრებებს და სერიოზულად მოეკიდება მას", - ამბობს ჰონგ-კონგის ლიდერი გაცნხადებაში.
არჩევნებს ჰონგ-კონგის მთავრობის მმართველს კერი ლამის მხარდაჭერის ტესტად მიიჩნევენ. შედეგების მიხედვით, რაიონულ საბჭოებში ადგილებს ოპოზიცია დაიკავებს, ამასთან მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ 117 არჩეული პირი იმ კომიტეტის წევრიც ხდება, რომელიც ჰონგ-კონგის მთავრობის ლიდერს ირჩევს. კომიტეტი 1200 წევრისგან შედგება.
წინა არჩევნების შედეგად რაიონულ საბჭოებში ადგილების 75%-ს პროსახელისუფლებო პარტიები აკონტროლებდნენ, რომლებსაც მხარს მსხვილი ბიზნესმენები და პროფკავშირები უჭერენ.
მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა. ჩენგი კანონპროექტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი იყო.
მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, თუმცა დემონსტრაციები არ წყდება. აქციის მონაწილეები დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.