ბოლივიის შინაგან საქმეთა მინისტრმა არტურო მურილიომ გენერალურ პროკურატურას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ევო მორალესის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
„ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც უკვე გამოვაქვეყნეთ. ეს არის ვიდეო და აუდიოჩანაწერი, რომელშიც ევო მორალესი დედაქალაქის ბლოკადის გზით ბოლივიელების მკვლელობისკენ მოუწოდებს“, - განაცხადა მურილიომ. ევო მორალესს ბრალს ტერორიზმისა და ამბოხებისკენ მოწოდების მუხლებით წაუყენებენ და „ყველაზე მკაცრ სასჯელს“ მოითხოვენ.
მურილიოს თქმით, გამოძიება ფლობს ევო მორალესის და მისი ერთ-ერთი თანამოაზრის საუბრის ჩანაწერს, რომელზეც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დედაქალაქის ალყაში მოქცევის გეგმებზე საუბრობს. თავად ევო მორალესი ჩანაწერს ყალბს უწოდებს.
მორალესი თანამდებობიდან 11 ნოემბერს გადადგა, 12 ნოემბერს კი მან მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ის დროებითმა პრეზიდენტმა, ჟანინ ანიესმა ჩაანაცვლა.
საპრეზიდენტო არჩევნები ბოლივიაში 20 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, ევო მორალესი გამოაცხადა, თუმცა მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, კარლოს მესამ შედეგები არ აღიარა. მისი მხარდამჭერები ქვეყანაში საპროტესტო აქციებს მართავენ. 10 ნოემბერს მათ სახელმწიფო მედიასაშუალებების შენობები დაიკავეს. მორალესი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 2006 წლიდან იკავებდა.