სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად იაპონიამ კურილის კუნძულების სამხრეთ ნაწილზე რუსეთის სუვერენიტეტი უნდა აღიაროს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსული მედიის ცნობით, ასე გამოეხმაურა ლავროვი იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის იოსიჰიდე სუგის განცხადებას იმის თაობაზე, რომ იაპონიას ჯერ ტერიტორიული პრობლემის მოგვარება, შემდეგ კი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება სურს.
„ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმ მოლაპარაკებების შედეგებით, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტი და იაპონიის პრემიერმინისტრი მართავენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ არსებულ პრობლემების შესახებ 1956 წლის დეკლარაციის საფუძველზე იმსჯელებენ. ამ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ჯერ იაპონიამ მეორე მსოფლიო ომის შედეგები უნდა აღიაროს, დანარჩენ თემებზე საუბარი კი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ლავროვმა.
ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკება უკვე 70 წელიწადია ვერ ხერხდება. ამისათვის იაპონია ოთხი კუნძულის დაბრუნებას მოითხოვს. მოსკოვი კი მიიჩნევს, რომ ეს კუნძულები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევიდა და მათი სუვერენიტეტის საკითხი უდავოა.
ვარაუდობენ, რომ მხარეები შეთანხმებას იაპონია-საბჭოეთის 1956 წლის დეკლარაციის საფუძველზე მიაღწევენ. ამ დოკუმენტის თანახმად, მოსკოვი იაპონიისთვის ორი კუნძულის - ხაბომაისა და შიკოტანის გადაცემის შესაძლებლობას უშვებს, თუმცა არაფერია ნათქვამი კუნაშირსა და იტურუპაზე.
გასული წლის სექტემბერში ვლადიმერ პუტინმა სინძო აბეს სამშვიდობო შეთანხმება ყოველგვარი მოსამზადებელი წინაპირობების გარეშე წლის ბოლომდე შესთავაზა, თუმცა მაშინ იაპონიამ ეს წინადადება არ მიიღო და განაცხადა, რომ მშვიდობა ვერ იქნება, სანამ კურილის კუნძულების საკითხი არ გადაწყდება.