მსოფლიოში შესაძლოა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო გაჩნდეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კუნძულ ბუგენვილზე პაპუა-ახალი გვინეისგან დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს. რეფერენდუმის მონაწილეებს ორი არჩევანი აქვს: უფრო ფართო ავტონომია პაპუა-ახალი გვინეის შემადგენლობაში ან სრული დამოუკიდებლობა.
თუ მოქალაქეები დამოუკიდებლობას აირჩევენ, ავტონომიური პროვინცია, სადაც 206 000 ადამიანი ცხოვრობს, ახალი სახელმწიფო გახდება.
რეფერენდუმის ჩატარება 2001 წელს ბუგენვილსა და პაპუა-ახალ გვინეას შორის დადებული ზავი ითვალისწინებს. შეთანხმებით სამოქალაქო ომი დასრულდა, რომლის მსვლელობისას სულ ცოტა 15 000 ადამიანი დაიღუპა. რეფერენდუმის შედეგები დეკემბრის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.