„თუ „ნაცები“ სულ სხვა სცენარისთვის ემზადებიან, ვინ არის ამაში დამნაშავე? ვისი ბრალია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბრუნდება? რატომ აქვთ ადამიანებს ერთი ფეხი „ქართულ ოცნებაში“ ჩადგმული და რატომ ემზადებიან, მეორე ფეხი ჩადგან „ნაციონალურ მოძრაობაში“?! -აინტერესებს პაატა ზაქარეიშვილს.
For.ge შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრს, ექსპერტს კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
ხელისუფლებამ რაც არ უნდა იმართლოს თავი, რომ პროტესტანტები აბრკოლებდნენ პარლამენტის მუშაობას, მათ მაინც თმენის ვალდებულება აქვთ და ხომ არ ჯობდა, პროცესების დამშვიდებამდე ხელისუფლებას გასვლითი სხდომა გაემართა სადმე, თუნდაც ბუნების წიაღში? თქვენი აზრით, რა ფასი ჰქონდა ძალით გამართულ ბიუროს სხდომას და თალაკვაძის მიერ ბოქლომების აჟღრუნებას?
- არანაირი გამართლება არ აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საქციელს. ეს ყოვლად უგუნური და წინდაუხედავი ნაბიჯი იყო. მე მგონი, სიტყვა „პარლამენტის“ წარმოთქმა „ქართული ოცნების“ მხრიდან უკვე სირცხვილია. ოპოზიციას პარლამენტი არ დაუკეტავს, პარლამენტი აღარ არსებობს, პარლამენტი გააუქმეს თავად „ოცნების“ დეპუტატებმა. პირველად საქართველოს ისტორიაში პარლამენტმა გადადგა ცინიკური ნაბიჯი. ეს იმაზე ცინიკური იყო, რაც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა, როდესაც ტელევიზია „იმედში“ დადგა „მოდელირებული ქრონიკა“. ამათ კი პარლამენტში დადგეს „მოდელირებული ქრონიკა“ და ეს სამარცხვინოა. ამით „ოცნებამ“ თავისი თავი გააუქმა. ნებისმიერი მცდელობა, მოდით, პარლამენტში ვილაპარაკოთ, მოდით, კანონი მივიღოთ, მოდით, ახალი ინიციატივა შემოიტანეთ განსახილველად, ეს ყველაფერი უკვე ცინიკური განცხადებებია. მათ გააბახეს, გააფუჭეს პარლამენტის ცნება და ეს არ გაუკეთებია არც „მოქალაქეთა კავშირს“, არც „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ პარლამენტარიზმი მაინც არ შეურცხვენიათ.
პარლამენტის ცნების გაფუჭებაში პროპორციული სისტემის უკან წაღებას გულისხმობთ?
- უარის თქმასაც გააჩნია. მთავარია, როგორ თქვა „ოცნებამ“ უარი პროპორციულ სისტემაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ გვეუბნებოდა, თქვენი დედა, ქართველებო, არ გეღირსებათ პროპორციული სისტემა და ამ პირობას ასრულებდა კიდეც. „ნაციონალების“ დროს მართლაც არც გვეღირსა პროპორციული სისტემა. სამაგიეროდ, „ნაციონალებს“ არ ეღირსათ ხელისუფლება და წავიდნენ 2012 წელს. „ქართულმა ოცნებამ“ კი გვითხრა, როგორ გეკადრებათ, პროპორციული სისტემა გინდათ? რა პრობლემაა, თქვენ მარტო პროპორციული გინდათ, მე კი ნულოვან ბარიერსაც დაგიმატებთ ზედ, ეს არის გამაოგნებელი ცინიზმი. მთელი ცხოვრება პროპორციული სისტემის მომხრე ვარ, მაგრამ პროპორციული სისტემა კი არ არის პრობლემა, არამედ პრობლემაა ცინიკური ნაბიჯი, სპექტაკლი, ფარსი, თუ როგორ დასცინიან მთელ ქართველ ხალხს.
„ოცნების“ მთავარი მესიჯი რა არის? თქვენ ყველაფერს გადაყლაპავთ, თქვე უბედურებო, ქართველებო. ასეთ დროს უკვე მეორე პლანზე გადადის პროპორციული სისტემა და პირველ პლანზე გადმოდის, როგორ ელაპარაკება ხელისუფალი თავის ხალხს, რას ფიქრობს ის თავის ხალხზე.
მოდით, „ქართული ოცნების“ საქციელს შევხედოთ თავად „ოცნების“ თვალით. არავისთვის დაფარული არ არის, რომ „ოცნებამ“ ჩაატარა შიდა კვლევა და ამ კვლევამ მათთვის სავალალო შედეგი აჩვენა. იქნებ, პროპორციულ სისტემაზე უარის თქმით „ქართული ოცნება“ თავის გადარჩენას ცდილობს?
- ამით უარესი შედეგი მიიღეს. ეს იყო კონტრშედეგი. მათ გათვალეს, რომ პროპორციულ სისტემაში აგებენ. კი ბატონო, ვეთანხმები ამას, მაგრამ მათ ვერ გათვალეს, რომ უკან წაღებული პირობა კიდევ უფრო დაამძიმებდა მდგომარეობას. ეს უნდა გაეთვალათ, ან არ უნდა მოეცათ პირობა, როგორც ამას „ნაცმოძრაობა“ აკეთებდა, ან, თუ მოგვცეს, უკან არ უნდა წაეღოთ. დღეს არავითარი სისტემა აღარ უშველის მაგათ, იმაზე ნაკლებს მიიღებენ, ვიდრე პროპორციულში მიიღებდნენ. ახლა მხოლოდ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს ძალიან ძლიერად. მიკვირს, რატომ არ ცხადდება ყოველ საათში იმ მოღალატე დეპუტატების გვარები, ვინც თავი შეიკავა და ვინც ვითომც ხმა მისცა ამ დადგმულ სპექტაკლს, სადაც როლები ასე ნაწილდებოდა - შენ მისცემ ხმას, შენ თავს შეიკავებ. სამარცხვინო რამ მოხდა, ვითომ სამმა კაცმა მისცა მხოლოდ წინააღმდეგი და კანონპროექტი ჩავარდა. სინამდვილეში, მათ ჩააგდეს კენჭისყრა.
შესაძლოა, პარლამენტართა ნამოქმედარით აღშფოთებული საზოგადოების რეაქცია სამართლიანი იყო, მაგრამ რა დატვირთვა ჰქონდა რუსთაველზე გამოტანილ სილის ტომრებს, შეშას, აგურებს? ეს არ იყო „პაკრიშკები“, მაგრამ არც თუ უწყინარი ნივთები „ნაცების“ ხელში“ დამშვიდების საფუძველს იძლეოდა?
- თუ „ნაცები“ სულ სხვა სცენარისთვის ემზადებოდნენ, ვინ არის დამნაშავე ამაში? ვისი ბრალია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბრუნდება? ვინ მოიყვანა სასამართლო სისტემაში „ნაცმოძრაობა“? რატომ ქმნიან საზოგადოებაში განცდას, რომ „ნაცმოძრაობა“ ბრუნდება? თბილისში ეს კიდევ არ იგრძნობა, მაგრამ ყველას გვაქვს კონტაქტები რეგიონებთან. რეგიონის რომელიმე რაიონში თუკი ადრე ადამიანმა იცოდა, რომ წავიდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მოვიდა „ქართული ოცნება“, დღეს ეს ადამიანი ისევ ხედავს, რომ „ნაცმოძრაობა“ ბრუნდება. ვინ აბრუნებს „ნაცმოძრაობას?“ ცხადია, „ქართული ოცნება“. შესაბამისად, რეგიონში მცხოვრები ადამიანი ფიქრობს, რატომ უნდა დავუპირისპირდე ხვალ მომსვლელ „ნაცმოძრაობას“?! გინდ პოლიციელი იყოს, გინდ საკრებულოს წევრი, ან მოსამართლე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანებს ერთი ფეხი „ქართულ ოცნებაში“ აქვთ და ემზადებიან, მეორე ფეხი ჩადგან „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ მათ უთხრა, მე ვაბრუნებ „ნაციონალებს“.
თქვენც გრძნობთ, რომ „ნაციონალები“ რევოლუციისთვის ემზადებიან?
- მე არ მაქვს კარგი წარმოდგენა „ნაცმოძრაობაზე“, მაგრამ უკვე არც „ქართულ ოცნებაზე“ მაქვს კარგი წარმოდგენა. ჯერ კიდევ 14 ნოემბრამდე მჯეროდა „ქართული ოცნების“, ვიდრე ამ ფარსს არ გაითამაშებდნენ, მაგრამ ფარსი რომ მოხდა, ეს თვითონ მისმა წევრებმა დაადასტურეს, როცა 12 კაცი გამოვიდა „ოცნებიდან“. ამან სრულიად გამათავისუფლა მორალური პატივისცემისგან „ქართული ოცნების“ მიმართ. სრული კატასტროფაა ყველა, ვინც ახლა „ოცნებაში“ დარჩა. 14 ნოემბრის შემდეგ ჩემთვის „ქართული ოცნება“ სულაც არ არის „ნაცმოძრაობაზე“ უკეთესი. ერთადერთი, ციხეებში არ აუპატიურებენ და არ აწამებენ ხალხს. „ნაცმოძრაობა“ იყო თავხედი, უტიფარი ძალა, „ოცნება“ კი არის ქვეშქვეშა ძალა. სხვათა შორის, სკოლაში გვასწავლიდნენ იგავ-არაკს, კაცს კარგი ცხენი ჰყავდა, ზედ არავის სვამდა, ამიტომ ერთმა კაცმა გაითამაშა ხეიბრობა, პატრონმაც შემოსვა ეს „ხეიბარი“ ცხენზე, მან კი გაქუსლა. ამის შემხედვარე პატრონმა „ხეიბარს“ მიაძახა, კარგი, არ მინდა, შენი იყოს ეს ცხენი, მაგრამ ცხოვრებაში ამას ნუღარ გააკეთებ, ნუღარ მოიტყუებიო. ზუსტად ასეთი ტყუილი იკადრა დღეს „ქართულმა ოცნებამ“ და ეს არის ყველაზე გამაოგნებელი. ასეთი რამ შევარდნაძესაც არ გაუკეთებია.
შევარდნაძე პირდაპირ გევუბნებოდა, დსთ-ში შეგათრევთ, ქართველებოო, და შეგვათრია. კინორეჟისორი თენგიზ აბულაძე გონს არ იყო, ისიც კი ნახევრად მკვდარი მიიყვანეს პარლამენტში და ხმა მიაცემინეს, ოღონდ თავისი გაეტანათ. ამის შემდეგ აბულაძე ორ დღეში გარდაიცვალა.
დღევანდელობას დავუბრუნდეთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ მთლიანი ოპოზიციის პრობლემა ლიდერის არყოლაა, ქარიზმატული ლიდერი კი არ ჩანს, გამოდის, ლიდერად ისევ სააკაშვილს უმიზნებენ?
- თქვენ მეკითხებით „ნაცმოძრაობაზე“, მე გპასუხობთ „ქართულ ოცნებაზე“, ვინაიდან მე არ მადარდებს „ნაცმოძრაობა“, მე მადარდებს „ქართული ოცნება“, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია. თუ პროპორციული სისტემა იქნება, ვერც ერთი ძალა ვეღარ მოვა ერთ ძალად, ერთპარტიულად და ეს საუკეთესო მოდელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ მე დღეს იმდენად არ მეშინია „ნაცმოძრაობის“, რამდენადაც „ქართული ოცნების“, რომელიც ფლიდი აღმოჩნდა. მე მირჩევნია, „ნაცმოძრაობა“ მაგინებდეს, რადგან ომში რომ მიდიხარ და ხედავ მტერს, ესვრი მაინც. ყველაზე საშინელება კი ის არის, როცა არ იცი, ვინ არის შენი მტერი, რომელიც იქცევა, როგორც მეგობარი, გიღიმის და არ იცი, მომავალში როგორ მოიქცევა.
მაინც მინდა, ოპოზიციის ლიდერის არყოლას დავუბრუნდეთ. ეს ოპოზიციისთვის დამაბრკოლებელი არ იქნება?
- ძალიანაც კარგი, თუ მათ ლიდერი არ ჰყავთ. ეს გენიალურია, რადგან პროპორციული სისტემა გამორიცხავს ლიდერს.
მაგრამ პროპორციულს არ თანხმდება ხელისუფლება.
- ჩვენ უნდა მივიყვანოთ ხელისუფლება ამ აზრამდე. ეს მიტინგებიც სწორედ ამისთვისაა საჭირო. რაღაც ფორმით ხომ უნდა მოვიდეს ოპოზიცია ხელისუფლებაში? აბა, პარაშუტით ხომ ვერ ჩაეშვებიან პარლამენტში? „ქართული ოცნება“ აღარ ვარგა, მან არ გაამართლა და უნდა ჩამოვწეროთ.
რამდენად მოახდენს ივანიშვილის განწყობაზე გავლენას დასავლური გამოცემები და დათანხმდება თუ არა იგი უკვე განმეორებით პროპორციულ სისტემას? მოგეხსენებათ, ამერიკულმა გამოცემამ „Washington Examiner“-მა სულ ახლახანს ბიძინა ივანიშვილი პუტინის ამაყ მსახურად მოიხსენია, რომელიც კრემლის მიმართ აბსურდულ მოწიწებას იჩენს.
- ქართველებს გვგონია, ყველანი იდეალურები ვართ და, თუ ვინმე ცუდია, მას რუსეთი მართავს. ამერიკელი ჟურნალისტი ამას „ევროპული საქართველოს“ რომელიღაც პოლიტიკოსის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. პუტინი მართავს თუ არა ბიძინას, არ მადარდებს. მე მადარდებს, რომ ვიღაც ქართველი ჩემს ქვეყანას აწიოკებს, გინდ ივანიშვილი იყოს, გინდ მდინარაძე და თალაკვაძე, ან კიდევ გმირად რომ გამოჩნდა ახლახანს- ხუნდაძე. უფრო პრინციპული იქნება, ჩვენივე პუტინი მოვძებნოთ საქართველოში.
ბრძოლა საარჩევნო სისტემის ირგვლივ არის ბრძოლა ელიტის ჯგუფებს შორის, პროპორციული სისტემა მცირე პარტიების და მათი მუდმივი ლიდერ-ფეოდალების ინტერესია, რათა მიიღონ ადგილები პარლამენტში და გაზარდონ საკუთარი გავლენა. ამას თავის მხრივ მოყვება ქვეყნის მართვის სრული მოშლა, რადგან ქართული პოლიტიკური ელიტა არ არის მზად კოლეგიალური და კოალიციური ქმედებებისთვის.
ერთი რამ რაც შეიძლება ვურჩიოთ ოცნებას, ის უნდა გამოვიდეს ახლა რამდენიმე ძლიერი ინიციატივით, რაც უფრო საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის. არის ამასთან დაკავშირებით რამდენიმე იდეა და შესაძლებლობა, მაგრამ ოცნება ამას ვერ ხედავს. ის დაკავებულია ნაძვის ხეების დადგმით და ილუმინაციებით.
დამსახურებულად ნალანძღ)ოცნებას ახლა! აბა, ეკონომიკას ,ლარის კურსს და დასაქმების ბაზარს აქამდე ვერ მიხედეს და აწი, რა უნდა ქნან ისეთი, რომ ვინმე გაგვაკვირვონ?! ...ევროპის გაკვირვებაზე მუშაობას, ყავლი გაუვიდა, დიდი ხანია!
...თან განათლების სწორ პოლიტიკას, სწრაფად შეუძლია პროგრესის ნიშნები გამოავლინოს...ეფექტური მექანიზმია... თორემ ზოგადად, სერიოზული შედეგების დადებას, საკმაო დრო სჭირდება.
განათლება ეხება ყველა ოჯახს... ამაზე უკეთეს სამიზნე საკითხს ახლა ვერ იპოვიან! უნდათ ქულების ჩაწერა? ჩაიწერონ ბატონო! არ ვაკრიტიკებ, ვკარნახობ...მათი და ქართველი ბავშვების გულშემატკივარი. ორივეს საქმე ერთად გაკეთდება...
(დანარჩენ დეტალები პირადში... აქ ვიცინი. არადა,რა გვაცინებს,დაგვემხო ქვეყანა თავზე! )
უცხო ენები მაინც ასწავლონ ამ ჩვენს ნიჭიერ ბავშვებს... ეს ბავშვები მერე , თუ გაიქცევიან, მაშინვე არ წაიქცევიან! გასაქცევად მაინც ავარგებიეთ ამ ბავშვებს, ხალხი არა ხართ?!
სახლშიც წაქცეული და გარეთაც წაქცეული, ასეთი გაგონილა სადმე{!
შეეშვით სკოლებში ბავშვების კოლექტიურ გამოლაყებას,შეეშვით!!!
თორემ ეს ბავშვები და ბავშვობა წართმეული დიდები, ერთხელაც იქნება მაგ ნაციონალების გარეშე გამოგათრევენ პარლამენტიდან და ეს, არავის წაადგება!