"შარშან საქართველოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებში უდიდეს როლს თამაშობდნენ ძლიერი კრიმინალური დაჯგუფებები".
ავსტრიელმა გამომძიებლებმა ეს ინფორმაცია პანევროპული ქართული მაფიოზური ორგანიზაციის საქმის გამოძიებისას აღმოაჩინეს. ავსტრიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ანგარიშის თანახმად, როგორც ჩანს, ორგანიზაცია 2009 წელს თბილისში საქართველოს მთავრობის დამხობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დახმარებით გეგმავდა.
სააკაშვილი ხელისუფლებაში 2004 წელს "ვარდების რევოლუციით" მოვიდა. მან მალევე ანტიკორუფციული კამპანია წამოიწყო. სამსახურებიდან დაითხოვეს კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეები, დააპატიმრეს კრიმინალური ავტორიტეტები.
2008 წელს, აჯანყებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ძალით დაბრუნების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რასაც რუსეთთან ხანმოკლე ომი მოჰყვა, მოსახლეობაში უკმაყოფილებამ იმატა. 2009 წლის გაზაფხულზე თბილისში მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო: ოპოზიცია სააკაშვილის გადადგომას და პოლიტიკურ რეფორმებს მოითხოვდა. დღემდე უცნობი იყო ის, რომ თურმე ქართული მაფია ამ დემოკრატიული საპროტესტო ტალღის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობდა.
ავსტრიული სპეცსამსახურები ქართული მაფიის კვალზე წელიწადზე მეტია, დასავლეთ ევროპაში მცხოვრები ქართველების სატელეფონო მოსმენებით გავიდნენ. მარტში უსაფრთხოების სამსახურებმა ოპერაციები რამდენიმე ქვეყანაში ჩაატარეს. 75 დამნაშავე დააკავეს გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და ესპანეთში. მარტო გერმანიაში 17 კაცის დაპატიმრების ორდერი გაიცა. ოპერაციაზე პასუხისმგებელი იყო ავსტრიის კრიმინალური პოლიცია, რადგან ორგანიზაციის მთავარი წევრები ვენაში ცხოვრობდნენ და მათი ფულადი ოპერაციები უმეტესად აქ ხორციელდებოდა.
ორგანიზაციას, რომელსაც კომპანიის სახე აქვს და იერარქიულად მკაცრადაა დაყოფილი, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ლაშა შუშანაშვილი მართავდა. სატელეფონო ჩანაწერების შედეგები ავსტრიის კრიმინალური პოლიციის 66-გვერდიან საგამოძიებო ანგარიშში 15 მარტის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე მოხვდა. მასში ნათქვამია:
"ორგანიზაციის კიდევ ერთი გაცხადებული მიზანი დიდი დემონსტრაციების ორგანიზებით და საინფორმაციო საშუალებებით დესტაბილიზაციის მიღწევა და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის, კონკრეტულად კი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის და პრეზიდენტის დამხობაში კორუმპირებული მაღალჩინოსნების დახმარება იყო. ამის მიზეზი სააკაშვილის ანტიკორუფციული კანონები გახლდათ, რაც მაფიის მამებს მათი საქმიანობის უცხოეთში გადატანას აიძულებდა. მთავრობის დამხობით მაფია ძველი
გავლენის აღდგენას და საქართველოში დაბრუნებას იმედოვნებდა", - ნათქვამია ანგარიშში.
ავსტრიასა და გერმანიაში წარმართული სატელეფონო საუბრების გაშიფვრით ჩინოსნებმა გაარკვიეს, რომ ამჟამად დაკავებული პირი, ვენის ცენტრში მდებარე რესტორნის მფლობელი შუშანაშვილის ორგანიზაციისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის დამაკავშირებელი იყო.
რესტორნის მფლობელს მუდმივი კონტაქტი ჰქონდა მოსკოვში მცხოვრებ იგორ გიორგაძესთან, - ნათქვამია ანგარიშში. გიორგაძე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრია, რომელმაც 1995 წლის სექტემბერში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ თავი რუსეთს შეაფარა. თბილისმა მის დასაპატიმრებლად ინტერპოლს მიმართა. ანგარიშში ვკითხულობთ: "გიორგაძე საქართველოში დემონსტრაციების ორგანიზებითა და პოლიციის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების განხორციელების წყალობით რევოლუციის მოწყობას ცდილობს. შემდეგ მათ მიერ კონტროლირებადი მასობრივი მედიასაშუალებებით უნდა დაიწყოს კამპანია, რომელიც მთავრობას დაამხობს.
როგორც ჩანს, მაფიოზური დაჯგუფება მხოლოდ ოპოზიციაზე გავლენის მოხდენას არ ცდილობდა, მათ დიპლომატიურ წრეებშიც შეაღწიეს. ვენის კრიმინალური პოლიციის ანგარიშის თანახმად, ავსტრიაში მცხოვრებ ორგანიზაციის წამყვან წევრებს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდათ საქართველოს საელჩოს ან საკონსულოს წარმომადგენლებთან და მათი მხარდაჭერით და დახმარებით იღებდნენ ინფორმაციებს".
ეტყობა, ავსტრიის საგამოძიებო ორგანოები აცნობიერებენ, რომ მათი ცნობები პოლიტიკურად მგრძნობიარეა. ანგარიშის თანახმად, საგამოძიებო საქმის მასალებში შუშანაშვილის ორგანიზაციის წინააღმდეგ აუდიოპროტოკოლები "საქართველოში პოლიტიკურ გავლენასთან დაკავშირებით" ცალკე ინახება. წაუყენებენ თუ არა მაფიის წევრებს სასამართლო პროცესზე ამ ბრალდებებს, გაურკვეველია.