პარტია „ლურჯი და თეთრის“ ლიდერმა ბენი განცმა ისრაელის მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, განცმა წარუმატებლობა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დააბრალა და განაცხადა, რომ პარტია „ლიკუდის“ ლიდერი გაერთიანებაზე უარს აცხადებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში წელს მესამე არჩევნები ჩატარდეს.
თავის მხრივ, პრემიერმა განაცხადა, რომ განცი უმრავლესობის ნებას არ ითვალისწინებს, მორიგი არჩევნები კი ქვეყანაში „ინსტიტუციურ სიგიჟეს“ გამოიწვევს.
ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინიმ მთავრობის ჩამოყალიბების მანდატი ბენი განცს 23 ოქტომბერს გადასცა. მანამდე მანდატი ბენიამინ ნეთანიაჰუს ჰქონდა, თუმცა კოალიციური მთავრობა ვერც მან შემქნა.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართა. ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ პარლამენტში 31 ადგილი ერგო, ნეთანიაჰუს მთავარი ოპონენტის, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტიას „ლურჯი და თეთრი“ კი - 33. მესამეზე ადგილზე გასულ „არაბთა გაერთიანებულ სიას“ 13 მანდატი ხვდა წილად. ვერც ერთმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ამიტომ მთავრობის ფორმირების შესახებ კონსულტაციები ქვეყნის პრეზიდენტმა დაიწყო.