ავსტრიის ქალაქ ინის ბრაუნაუში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება განთავსდება. Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის მთავრობა ავრცელებს.
„ამ შენობის პოლიციის მიერ გამოყენებამ ნათლად უნდა აჩვენოს, რომ ის არასდროს გახდება ნაციონალ-სოციალიზმის ძეგლი“, - განაცხადა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვოლფგანგ პეშორნმა.
ჰიტლერის მშობლიური სახლის ბედი რამდენიმე წლის განმავლობაში წყდებოდა. მანამდე ავსტრიის ხელისუფლებას შენობის დემონტაჟი სურდა, რათა ის ნეონაცისტებისთვის საკულტო ადგილი არ გამხდარიყო.
2017 წელს სახელმწიფომ სახლი მის იმჟამინდელ მფლობელს, ჰერლინდა პომერს ჩამოართვა. პომერმა სახლის სანაცვლოდ 1,5 მილიონი ევროს კომპენსაცია მიიღო, თუმცა მოგვიანებით ავსტრიის ფინანსურმა პროკურატურამ ამ თანხის დასაბრუნებლად სასამართლო დავა დაიწყო. მიმდინარე წლის აგვისტოში სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპენსაციის თანხა 810 ათას ევრომდე შემცირდა.