თბილისი კვლავაც კარვების ქალაქად იქცა, ოღონდ ამჯერად რუსთაველის გამზირს ერთი შტრიხიც შეემატა - ცეცხლის დასანთებად გამიზნული კასრების სახით. რკინის კასრების მეშვეობით აქციის მონაწილეები სიცივეში გათბობას ცდილობენ.
ამასობაში „ქართული ოცნების“ რღვევის პროცესი გრძელდება და ლამის უმრავლესობიდან წასვლის რიგები დგება. მას შემდეგ, რაც „კონსერვატორებმაც“ დატოვეს უმრავლესობა, დემარშით წასულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.
ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადაყენება, ნდობის მთავრობის შექმნა, ცესკოს თავიდან დაკომპლექტება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, - ასეთია ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნები. ისინი ამბობენ, რომ ივანიშვილმა მოახერხა და ყველა ერთის წინააღმდეგ დარაზმა.
რას მოიტანს ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციის უპრეცედენტო გაერთიანება?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ესაუბრა.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს არის პოლიტიკური კრიზისი. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს შორს დგას პოლიტიკური კრიზისისგან და „ქართული ოცნება“, ავად თუ კარგად, მაინც მართავს პროცესებს. თუმცა ყველა თანხმდება იმაში, რომ „ოცნებამ“ ყველაზე დიდი პოლიტიკური „გადაგდება“ მოუწყო საკუთარ ხალხს. დაიმსახურა თუ არა ეს პროცესები „ქართულმა ოცნებამ“ და რა იქნებოდა ყველაზე იოლი გამოსავალი სიტუაციიდან?
- ხელისუფლებამ გადაკვეთა წითელი ხაზი. თავდაპირველად მმართველმა გუნდმა თვითონვე შესთავაზა საზოგადოებას პროპორციული სისტემა, დაგვარწმუნა ყველანი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მთელი საერთაშორისო მასშტაბით ამ „შემდგარი ფაქტის“ შესახებ, ლამის გაეროს ტრიბუნიდანაც იამაყეს ამით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მივიღეთ ის, რომ თავისივე ნათქვამი უკან წაიღეს. სწორედ ასეთი მოცემულობა შეიქმნა და, რა გასაკვირია, განულდა ხელისუფლების რეპუტაცია, რომ მათ შეუძლიათ სიტყვის მიცემა და ამ სიტყვის შესრულება. ხელისუფლების სიტყვამ ფასი დაკარგა. აქ მთავარი ზარალი ის კი არ არის, ერთი რომელიმე კონკრეტული საარჩევნო სისტემა იქნება თუ მეორე, უბრალოდ, ხელისუფლებასთან ლაპარაკმა აზრი დაკარგა, რადგან დილას შეიძლება მოგელაპარაკოს, ხოლო საღამოს გადაგაგდოს. პოლიტიკაში ასეთი რამ არ ხდება.
სხვა დროს სიტყვის უკან წაღება არ ახასიათებდა „ქართულ ოცნებას“ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს?
- ტყუილი პოლიტიკაში ითქმის, მაგრამ ეს რაღაცნაირად ინიღბება ხოლმე და თავისი არგუმენტებით იფარება. იმას არ ვამბობ, რომ პოლიტიკოსები არასდროს იტყუებიან. უბრალოდ, ეს არ იყო ტყუილი, ეს იყო თავხედური გადაგდება, რაც თავისივე ინიციატივით გააფორმა უმრავლესობამ. უცხოელები რატომ არიან შეშფოთებულები? იმიტომ კი არა, რომ მათთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, არჩევნების ჩასატარებლად რომელი მოდელი იარსებებს საქართველოში, არამედ უცხოელებს პროპორციული სისტემის შესახებ ტვინი გაუბურღა „ოცნებამ“. თქვენი აზრით, რატომ გავიდა თამარ ჩუგოშვილი? რადგანაც მისი პირით ლაპარაკობდნენ უცხოელებთან და თავს იწონებდნენ, ცხადია, ამ ადამიანმა შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. ფაქტობრივად, უმაღლესი თანამდებობის პირები მოატყუებინეს თამარ ჩუგოშვილს მთელ მსოფლიოში, ამით მისი რეპუტაცია დაუმსახურებად განულდა. თამარი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ იყო, ხელისუფლებამ გამოიყენა იგი და გადააგდო. ამის შემდეგ ჩვენ რას ვისმენთ? ბიძინა ივანიშვილი აქვეყნებს გრძელ წერილს, სადაც კიდევ გვეუბნება, 2020 წლის არჩევნების გარანტი ვარო. ადეკვატური ადამიანი ასე მოიქცევა? დღეს გადააგდო და ხვალ ჰპირდება, ერთი წლის შემდეგ გარანტი ვიქნებიო.
ეს თავად ბიძინა ივანიშვილს შეცდომა იყო, თუ ვიღაცამ შეიყვანა ასეთ ჩიხში?
- ბუნებრივია, ვიღაცამ ურჩია, ასე მოქცეულიყო. მას ჰქონდა შინაგანი გაწყობა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნებს მოიგებდა. რატომ ჰქონდა ასეთი განწყობა, არ ვიცი. ამის შემდეგ, ეტყობა, ვიღაცამ დაარწმუნა, რომ არსებობდა სერიოზული რისკი პროპორციული სისტემის შემთხვევაში. ძალაუფლების დაკარგვის შიშმა მას უარი ათქმევინა არათუ პოლიტიკურ ღირსებაზე, არამედ ადამიანურ, კაცურ ღირსებაზე. რაც მთავარია, ეს შეგვიფუთეს მერე უხარისხო, ვირეშმაკული სქემით, რომ ვითომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ცდილობდა, მაგრამ დაჩი ბერაიას აზრი გაითვალისწინა. ეს ის ბერაიაა, რომელსაც ღილაკზე თითის დაჭერის მეტი არაფერი გაუკეთებია თავის მოღვაწეობის განმავლობაში. თითქოს უცებ თავისუფალი ნების ბუშტი გაუსკდა ბერაიას. ამას ვინ ჭამს?
იქნებ, ბიძინა ივანიშვილსაც აწყობს ვადამდელი არჩევნები და ხელოვნურად პოლიტიკური კრიზისის შექმნა ქვეყანაში?
- გასაგებია, ბევრი ვარაუდი შეიძლება გვქონდეს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილს დღეს გეგმა აქვს. უბრალოდ, მას აქვს მიზანი, ნებისმიერი ხერხით შეინარჩუნოს ძალაუფლება. გეგმები მას აღარ აქვს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად რა მომენტში რასაც ჩათვლის საჭიროდ, იმას გააკეთებს. ფაქტობრივად, მან ეს გვითხრა თავისი ქმედებით, რომ ნებისმიერ რამეზე ხელის მომწერია, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეს ხომ მისი პირადი ტრაგედიაა? ბიძინა ივანიშვილი მარტო ფული ხომ არ არის, როგორც შიგნით თვლიან „0ქართული ოცნების“ წევრები? ბიძინა ივანიშვილი, გარკვეულწილად, ლეგენდა იყო. კი ბატონო, შეიძლება რაღაცას თამაშობდა, მაგრამ ყველას ეგონა, რომ იყო რაღაც ზღვარი, რომელსაც ის არ გადალახავდა, რადგან ჰქონდა შესაბამისი ღირსება და კაცობა. აღმოჩნდა, რომ ამაზეც უარი თქვა, მაშინ რა დარჩა? მარტო ფული? მაშინ მართლები ყოფილან „ქართული ოცნების“ ფულზე მიწებებული წევრები, მართლა ფული ყოფილა ბიძინა ივანიშვილი. ეს მისთვის არ არის სასიამოვნო.
„ქართულ ოცნებას“ ტოვებენ და თავს იმართლებენ, რომ მათი მიზანი არ ყოფილა „ოცნების“ დატოვება გასაჭირის ჟამს, უბრალოდ, „ოცნებამ“ აიძულა ისინი. ეკლექტურ „ოცნებაში“ ისედაც ხომ იყო მოსალოდნელი, რომ მათი ერთობა მყიფე იქნებოდა?
- არ ვფიქრობ, რომ „ოცნებაში“ მარტო ფულისთვის სხედან, ისინი ხვდებიან, რომ პროცესმა მიიღო შეუქცევადი ხასიათი. შეუძლებელია, ასეთი ხელისუფლების დატოვება. მე მეგონა, უკვე სტერილური იყო სიტუაცია, მაგრამ თურმე ამ სტერილიზაციასაც არ აქვს საზღვარი. საბოლოოდ წამოვიდნენ ის ადამიანებიც, რომლებმაც კომპიუტერი და ინგლისური იცოდნენ. ასეთი რეკომენდაცია მექნება „ოცნების“ მიმართ, გაიტანონ კომპიუტერები, მაინც აღარ სჭირდებათ, შეიტანონ ხინკლის ან ლუდის სახარში აპარატი და ნარდი, მეტი მათ არაფერი სჭირდებათ.
გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ მიექანება, მოელით, რომ შეიძლება მეფე ლირის ამპლუაში ვიხილოთ ბიძინა ივანიშვილი, ანუ ყველა შემოეცალოს და მარტო დარჩეს?
- ტრაგიკულია ეს ყველაფერი. ამ ხალხის ამარა დარჩენას ისევ მარტო დარჩენა სჯობს, ამ ხალხთან ყოფნა კიდევ უფრო დიდი მარტოობაა, ვიდრე მარტოობა.
თქვენი აზრით, უკეთესი იქნებოდა, პოლიტიკიდან საერთოდ წასულიყო ბიძინა ივანიშვილი?
- აქ პოლიტიკიდან წასვლაზეც არ არის საუბარი. ის შეიძლება დარჩენილიყო პოლიტიკაში, მაგრამ პარტიიდან, ყველა შემთხვევაში, უნდა წასულიყო. როდესაც შენი პარტიის სახელით ქვეყანას და მთელ მსოფლიოს გარანტიას აძლევ და მერე ამას ვერ აკეთებ, უნდა გადადგე. ეს არის პოლიტიკური სტანდარტი, ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკიდან საერთოდ მიდიხარ, მაგრამ უნდა აიღო პასუხისმგებლობა, რომ გარკვეულ მიზეზთა გამო შენი პირობა ვერ შესრულდა და ეს შეიძლება გახდეს ახალი უკეთესი სტარტი შენთვის პოლიტიკაში შემობრუნების თვალსაზრისით. ანუ ერთი კარიდან გახვიდე და მეორიდან შემოხვიდე, თუმცა ამის რესურსიც აღარ აქვს ბიძინა ივანიშვილს. ადამიანურად თანავუგრძნობ, რადგან ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს, არის ღირსების დაკარგვა და სიტყვის კაცობის სტატუსის ჩამორთმევა. მე არ ვიცი, ის ამას ხვდება თუ არა, მაგრამ მე ვფიქრობ, ის ტრაგიკული ადამიანია.
დიდ პოლიტიკურ „გადაგდებაზე“ როცა ვსაუბრობთ, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ „ოცნებამ“ არც თავდაპირველი დაპირებები შეუსრულა ხალხს - არც ცხოვრება გაუმჯობესდა, არც სამართლიანობა აღდგა, ქვეყნიდან მიგრაციის მასშტაბი არ კლებულობს...
- დიახ, მაგრამ ხალხით მანიპულირება მოსულა ჩვენში და ყველა პოლიტიკოსი ამას აკეთებს. ამას მიჩვეული ვართ, მაგრამ ეს ბოლო ფაქტი უნიკალური იყო იმ მხრივ, რომ ხელისუფლება კრიზისის დროს პროპორციულ სისტემას დაჰპირდა ყველას. რაც მთავარია, ამ დაპირებაზე შედგა მთელი პოლიტიკური ელიტის სრული კონსენსუსი. ესეც უპრეცედენტო მომენტი იყი საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ საარჩევნო მოდელს ყველა დათანხმდა, ამ სისტემას კრიტიკოსი არ ჰყავდა. წარმოდგინეთ, ქორწილში სიძემ დაპატიჟოს ბევრი სტუმარი, შეჰპირდეს მხიარულებას და მერე ადგეს და სკამები დაატეხოს ყველას თავზე. ასეთნაირად მოიქცა „ოცნება“.
რუსთაველის გამზირმა არაერთხელ იხილა გაშლილი კარვები. უკვე უწინასწარმეტყველებენ ამ აქციას, რომ ხელისუფლებას სანერვიულო არაფერი აქვს, რადგან მომიტინგეები ორ კვირაში დაიშლებიან.
- სიტუაციიდან გამოსავალს დღეს ვერ ვხედავ, რადგან მოლაპარაკების საფუძველი არ ჩანს. ბუნებრივია, ვერ მოელაპარაკები იმ ადამიანს, რომელმაც გადაგაგდო, სანამ ის არ აღიდგენს თავის რეპუტაციას. ეს რეპუტაცია როგორ უნდა აღიდგინოს, მე ამას ვერ ვხედავ. შესაბამისად, გამოსავალსაც ვერ ვხედავ, რაც შეეხება კარვებს და ქუჩას, ამის მომხრე არ ვარ და არც მიმაჩნია, რომ ქუჩაში პრობლემები წყდებოდეს. აქციის მონაწილეები შეიძლება მართლაც დაიშალონ, ან არ დაიშალონ, მაგრამ ეს ხომ მოცემულობას არ ცვლის. მე მაინტერესებს ქართული სახელმწიფო. პოლიტიკურ ოპოზიციას თავისი უბედურება სჭირს, არც მათ ვუყურებ განსაკუთრებული ოპტიმიზმით, მაგრამ საინტერესოა, თვითონ სახელმწიფო სად მიგვყავს, აბსოლუტურად ყველაფერმა დაკარგა ფასი.
რა დატვირთვა ჰქონდა ვარდის გამოჩენას აქციაზე? ეს იყო ვარდების რევოლიციის ნოსტალგია, თუ „ნაციონალების“ მობრუნების მცდელობის საკრალური ნიშანი?
- ისე მიჰყავს ბიძინას საქმე, ვეღარაფერს გამოვრიცხავ. ფაქტობრივად, ბიძინამ ხომ თვითონ ბიძინა გადააგდო, ანუ თავისი თავი გადააგდო. წარმოუდგენლად მიმაჩნდა, ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, მაგრამ ეს კაცი ისე იქცევა, „ნაცმოძრაობა“ კი არა, შეიძლება, პირდაპირ პუტინის მოადგილე დასვას პარლამენტის შენობაში.