ბოლივიაში, კოჩაბამბას დეპარტამენტში მანიფესტანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას 5 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გარდაცვლილებს ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებათ, თუმცა პოლიცია აცხადებს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებია.
აქცია კოჩაბამბაში დროებითი პრეზიდენტის, ჟანინ ანიესის წინააღმდეგ გაიმართა, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტი ევო მორალესი ჩაანაცვლა. მორალესი თანამდებობიდან 11 ნოემბერს გადადგა, 12 ნოემბერს კი მან მექსიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
საპრეზიდენტო არჩევნები ბოლივიაში 20 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, ევო მორალესი გამოაცხადა, თუმცა მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, კარლოს მესამ შედეგები არ აღიარა. მისი მხარდამჭერები ქვეყანაში საპროტესტო აქციებს მართავენ. 10 ნოემბერს მათ სახელმწიფო მედიასაშუალებების შენობები დაიკავეს. მორალესი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 2006 წლიდან იკავებდა.