არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ამ მომენტისთვის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების კონსტიტუციური საფუძველი არ არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტებს მოუწოდებს, აჟიოტაჟის ნაცვლად, საფუძვლიანად მოემზადონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. რაც შეეხება დათმობას, არჩილ თალაკვაძე მათ ეუთო–ს რეკომენდაციების ფარგლებში საარჩევნო კანონმდებლობაზე სამუშაო პროცესში ჩართვას სთავაზობს.
„ამ მომენტისთვის, კონსტიტუციური საფუძველი, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, არ არსებობს. შესაბამისად, ეს იურიდიული პროცესი ან იურიდიული ინიციატივა არ განიხილება. ოპოზიციამ მკაფიოდ უნდა თქვას მათი არგუმენტები, რით ასაბუთებენ ისინი რიგგარეშე არჩევნების საჭიროებას ან რატომ მიაჩნიათ, რომ რიგგარეშე არჩევნებზე მათი ინიციატივა, რომელიც არ განიხილება ახლა, არის უფრო უკეთესი ქვეყნისთვის.
რაც შეეხება დათმობას, ჩვენს ოპონენტებს, ყველაზე რადიკალურ ოპოენტენტებსაც კი, მე ვთხოვ, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ კონსტრუქციულ პროცესში, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ ძალიან მალე, 2020 წლის შემოდგომაზე გვექნება საპარლამენტო არჩევნები, ასე რომ, ნორმალური პოლიტიკური პროცესით უნდა მოვემზადოთ ამ არჩევნებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არანაირი კონსტიტუციური საფუძველი დღეს არ არსებობს. მისი თქმით, 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე მაჟორიტარმა ნაცების დაორგანიზებული აქციის გამო მიიღო.
„როდესაც 100-ზე მეტი ხმით გადის რომელიმე კანონპროექტი, მას სჭირდება მეორე მოწვევის პარლამენტის თანხმობა იგივე წესით, კონკრეტული ნორმა ძალაში რომ შევიდეს. ამ შემთხვევაში, ამას აზრი აქვს დაკარგული, იქიდან გამომდინარე, რომ საუბარია 2020 წლის არჩევნებზე. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არანაირი კონსტიტუციური საფუძველი დღეს არ არსებობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უმრავლესობა რიგგარეშე არჩევნებს გამორიცხავს, ოპოზიცია კი, კატეგორიულად ითხოვს. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, ოპოზიცია პოლიტიკური პროცესების ბოიკოტირებას იწყებს. „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეიძლება მოხდეს ისე, რომ არჩევნებამდე მივიდეთ სხვა უმრავლესობით, რომელიც ჩამოაყალიბებს დროებით მთავრობას. მისივე თქმით, თუ არსებული უმრავლესობა დაიშლება, შეიქმნება ტექნიკური უმრავლესობა.
„ივანიშვილი უკვე დამარცხებულია და ეს სვლა, რაც გააკეთა, არის უკიდურესი ნაბიჯი, რომ მოგვატყუოს და კიდევ ერთხელ და შეინარჩუნოს ხელისუფლება. სწორედ ამას დავუპირისპირეთ ოპოზიციის ტოტალური ერთიანობა და ერთიანი მოთხოვნები. „ქართული ოცნება“ იშლება, ტოვებს მას ხალხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონსერვატორებმა დატოვეს „ოცნება“, შეიძლება მოხდეს ისე, რომ არჩევნებამდე მივიდეთ სხვა უმრავლესობით, ტექნიკური უმრავლესობით, ამას არ გამოვრიცხავ“, –განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კონსტიტუციის ფარგლებში საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობის აუცილებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი, რომლის განცხადებით, კონსტიტუციის ფარგლებში იქნება ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი.
„საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობა ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს, რუსულ, ოლიგარქიულ, საოკუპაციო რეჟიმს ქვეყანაში! ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს ესმის, ის რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ქვეყანას ართმევს განვითარების შანსს და რა პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, ყველას ესმის, რომ ასე ვერ გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას და ქვეყანას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით, ივანიშვილი ცდილობს რუსეთისკენ წაათრიოს ეს ქვეყანა. მისი თქმით, პროპორციული სისტემა უზრუნველყოფდა სტაბილურობას, რომ ივანიშვილი წასულიყო მშვიდად, ცივილიზებულად და ყოველგვარი ხმაურის გარეშე.
„მაგრამ, მან გადაწყვიტა ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას და თქვა, ან ყველაფერი, ან არაფერი და ამიტომ იგი მიიღებს არაფერს, რადგან ქართველი ხალხი ისე გაბრაზდა გუშინ, ეს სიბრაზის ტალღა ივანიშვილს უბრალოდ წალეკავს. ჩვენი, პოლიტიკური პარტიების ამოცანაა, ეს პროცესი წარვმართოთ ისე, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ დღეს, ვადამდელი არჩევნები შესაძლოა, „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო აწყობდეს. მისი შეფასებით, ვადამდელი არჩევნები „ქართული ოცნებისთვის“ გადამწყვეტი იმდენად არ არის, რადგან „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ თავიანთი პიარი დიდი ხანია, დაწყებული აქვთ.
„ახალი მათი არც სახეებია და არც სურვილები. არის უზარმაზარი სპექტრი ქართულ პოლიტიკაში, დიდი ოდენობა პარტიებისა, რომელთა დასახელებაც არ იცის ამომრჩეველმა. ვადამდელი არჩევნები ასეთ პარტიებს მოსპობს, მათთვის არის ვადები საჭირო. ასე რომ, ვადამდელი არჩევნებით ისევ ორ წევრიან პოლიტიკურ სცენართან მივალთ და იქ იდგება ეს ორი პარტია. ამ მხრივ, წამგებიან მდგომარეობაში არიან მხოლოდ დანარჩენი პარტიები“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ აბსოლუტურად აფექტური სიტუაციაა, არც ერთმა მხარემ არ იცის რაშია გამოსავალი, არავის აქვს გამოსავლის ფორმულა, მიმდინარეობს შუბლებით შეჯახება მორევაზე. მისი თქმით, დღეს ვართ პოლიტიკურ რინგზე, სადაც ლოგიკა არის გათიშული და ყველა იყურება პოლიტიკურ კუნთებზე.
„მოლაპარაკების ცივილიზებული სივრცე ხელისუფლებამ წაართვა პოლიტელიტას. ხელი მოკიდეს და რინგზე შეაგდეს, იჭიდავეო უთხრეს და რა უნდა ქნას პოლიტიკურმა ელიტამ? ხელისუფლებამ თავისივე გადაფურთხებული ალოკა. ყველა არის შოკირებული. არ მგონია, რომ ოპოზიციას ჰქონდეს კონკრეტული გეგმა რა სურს. შოკირებული ვარ და მეც ვერ ვხედავ გამოსავალს, ჩიხში ვართ, როცა კონსენსუსის ძიების სივრცე, ველიც აღარ დატოვა ხელისუფლებამ. წარმოუდგენელი რაღაც ჩაიდინა, ეს სახიფათოა ქვეყნისთვის“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, სიტუაცია უკვე ვადამდელი არჩევნებისკენ მიდის. ოპოზიცია კი, ისე გააკეთებს, რომ ხელისუფლებას აიძულებს მოიმოქმედოს ის, რაც მას უნდა – ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები. ძაბირაძის თქმით, ოპოზიციამ მოსახლეობაში გამარჯვების რწმენა უნდა ჩანერგოს.
„საზოგადოებაში მუხტი არსებობს, მაგრამ ეს მუხტი რომ მოქმედებაში მოვიდეს, მას სხვა დეტონატორი სჭირდება და არა ის, რაზედაც დღეს მიდის საუბარი. ხელისუფლება რაც არის ვხედავთ, მაგრამ ეს ოპოზიციაც არ ვიცი, რა არის. თუ არ იფიქრებს ოპოზიცია, არჩევნებს წააგებს. აანონსებენ პერმანენტულ აქციებს, ამას ვერ გაქაჩავენ. 2009 წელს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო და კარვებით იყო გადაჭედილი, რამაც შედეგი არ მოიტანა. ამ პროტეტს არ ექნება ის რეზულტატი, რა ჩანაფიქრიც აქვს ოპოზიციას“, –აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ჯერ ერთი, აქციის ორგანიზატორს პირდაპირ ეთერში გააკეთებია მოწოდება... (ცივილიზებულ ქვეყნებში ლაივი 2-3 წუთით აგვიანებს, რათა უხამსი გამოთქმები, ან პირდაპირი მოწოდებები არ მიეწოდოს მაყურებელს.ცხადია, პერეფრაზს აკეთებს ჟურნალისტი მაგრამ ყველა ვირს, პირდაპირ ეთერში არასად არ აყროყინებენ! )
მეორე, ვიღაც ოცნების დეპუტატი მივიდა ოცნების ოფისში და ხელჯანმრთელი (მიკროფონით ხელში) ჟურნალისტი ეკითხება:- ამ შეხვედრის შემდეგ სად მიდიხართ?
წესიერი კაცი ჩანდა და მოკრძალებულად უთხრა, პირად საქმეზე, ქორწილში მივდივარო...
აი ეხლა, ეს კაცი რომ ჩემი სუპერ ქუთაისელი მეზობელი ყოფილიყო... რა, გემრიელად წამოახურავდა ამ გოგონას, თავისი ოჯახის ნიფხავ-ჯამ-ჭურჭელს!
პ.ს. ოცნების ვარსკვლავებო, ერთი სააკაშვილს დაურეკეთ და ჰკითხეთ, რატომ ჰქონდა ჯიბეში ყველა ტელევიზია... აბა, თქვენით მარტო იმას მიხვდით, რომ დემოკრატიაში ყველას, ყველაფრის თქმის და ქნის უფლება აქვს!
რაც თქვენ გჭირთ, მიამიტობა კი არა, სიბრიყვეა, სიბრიყვე!