უმრავლესობამ შესაძლოა კონსტიტუციური პროექტი განხილვაში დააბრუნოს

უმრავლესობამ შესაძლოა კონსტიტუციური პროექტი განხილვაში დააბრუნოს

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს გერმანული საარჩევნო სისტემაში ხედავს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში 2016 წელს იყო ინიცირებული. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე განმარტავს, რომ გერმანული მოდელის მისაღებად საარჩევნო კოდექსში უნდა განხორციელდეს ცვლილება, რომელსაც 76 ხმა სჭირდება და არ არის აუცილებელი 113 ხმის მოგროვება კონსტიტუციის შესაცვლელად. მისი თქმით, პროპორციულობის პრინციპი დაცულია და ვერც ერთი საარჩევნო სუბიექტი ვერ მიიღებს იმაზე მეტ მანდატს, რაც მას მიღებული ხმების პროპორციულად ეკუთვნის.

როგორც დავით უსუფაშვილი განმარტავს, არჩევნები ტარდება არსებულ მაჟორიტარულ ოლქებში და გამარჯვებული კანდიდატი უპირობოდ იღებს მანდატს, მიუხედავად მისი წარმდგენი პარტიის მიერ ნაჩვენები საერთო შედეგისა. ამავე მოდელით, საარჩევნო ბლოკები დაშვებულია და საარჩევნო ბარიერი 3 პროცენტია.

„ამ სისტემის პირობებში, თუ პარტიამ ჯამურად მიიღო ხმების 10 პროცენტი და 150 მანდატიდან პროპორციულად ერგება 15 მანდატი, ამ მანდატების მფლობელები ხდებიან, ვთქვათ, ექვსი გამარჯვებული მაჟორიტარი და პარტიული სიის კიდევ ცხრა კანდიდატი.

ანუ, გამარჯვებული მაჟორიტარები უპირობოდ იღებენ მანდატებს და მათ პარტიული სიიდან ემატებათ იმდენი დეპუტატი, რამდენიც საჭიროა პარტიისთვის მიკუთვნებულ ჯამურ რაოდენობამდე მანდატების შესავსებად. თუ პარტიამ ვერ გადალახა 3 პროცენტიანი ბარიერი, მაგრამ მისმა კანდიდატმა მოიგო მაჟორიტარული ოლქი, პარტიას ეყოლება წარმომადგენელი პარლამენტში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გერმანული მოდელს უჭერს მხარს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით ბერძენიშვილი, რომლის განმარტებით, ოპოზიცია ეცდება, უახლოეს დღეებში მოახდინოს გერმანული მოდელის ინიცირება, რომელსაც სჭირდება 76 ხმა და არა 101 ან 113. ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია მათთან ამ საკითზე ალბათ, კონსულტაციებს გამართავს.

„ნებისმიერი სისტემით ვართ მზად ოპოზიცია, რომ ბიძინა ივანიშვილის გაკოტრებულ ხელისუფლებას არჩევნები მოვუგოთ. ამას ბევრი ვამბობთ, ეს თქვა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ. ჩვენ ბევრი სხვადასხვა ვარიანტი გვაქვს. ვეცდებით, უახლოეს დღეებში მოვახდინოთ ინიცირება გერმანული მოდელის, ეს არის მზა მოდელი, მას თავის დროზე მხარს უჭერდა ყველა ოპოზიციური პარტია, ყველამ კარგად იცის ეს მოდელი, რომელიც თავისი არსით არის პროპორციული არჩევნები.

მიიღებ 20%–ს პარტია თუ ბლოკი?– გექნება 30 მანდატი, რაც არის 150–ის 20%. ამას სჭირდება 76 ხმა და არა 113 ან 101. ამას არ სჭირდება ხელისუფლებასთან კონსულტაციები. მორჩა „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციები, ამას სჭირდება უმრავლესობიდან წამოსულ ადამიანებთან თანამშრომლობა. კონსერვატორებმა მშვენივრად იციან გერმანული მოდელი და მხარს უჭერენ“, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია კონსტიტუციის გადასინჯვის ორ გზას ითვალისწინებს. ერთ შემთხვევაში კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი –113 ხმა და იგი გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად. მეორე შემთხვევაში კი, კონსტიტუციური კანონის მიღება შესაძლებელია 2/3-იანი კვორუმით, სულ ცოტა – 100 ხმა, თუმცა მისი ამოქმედება შეუძლებელია მომდევნო მოწვევის პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე.

კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციაში ვკითხულობთ: „კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. კონსტიტუციური კანონი საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცემა მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ ერთი მოსმენით განხილვიდან და სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მიერ მისი უცვლელად დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში“, – წერია კონსტიტუციაში.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კონსტიტუციური ცვლილება მოითხოვს დროს. მისი თქმით, გერმანულ მოდელსაც სჭირდება კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირება და დეპუტატთა ¾-ის მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გაიაროს ის გზა, რაც არის გაწერილი კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში, ანუ უნდა მოხდეს მისი ინიცირება, საჯარო განხილვები და შემდეგ ამასაც დასჭირდება სამი მეოთხედის მხარდაჭერა. შესაბამისად, როგორც თალაკვაძე აცხადებს, აქ საუბარია დროზე.

„2/3 თუ ¾ – ცალსახაა ის, რომ საკონსტიტუციო ინიციატივის მიღებას ერთი პარლამენტის ფარგლებში სჭირდება ¾–ის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, გუშინ ვერ მოხდა ასეთი მხარდაჭერის მობილიზება, რაც ნიშნავს, რომ ყველა სხვა ალტერნატივა, შესაძლებლობა იქნება ეს 2/3–ით თუ 100–ზე ოდნავ მეტი ხმით, ამას სჭირდება ორი სხვადასხვა პარლამენტი, შესაბამისად, ეს აცდენილია 2020 წლის არჩევნების ნიშნულს,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გერმანულ მოდელს არა, მაგრამ უმრავლესობას გამოსავალს სთავაზობს ეკა ბესელია. დეპუტატის შეფასებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე კანონპროექტის სესიაზე გატანა შესაძლებელია, იმის მიუხედავად, რომ მან 113 დეპუტატის ხმა ვერ მიიღო. მისი თქმით, თუკი კონსტიტუციური კანონის პროექტს მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, იგი მეორე მოსმენაზეც გადის. ამასთან, ბესელიას განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტი, სადაც წერია, რომ კონსტიტუციური ცვლილების განსახორციელებლად საჭიროა 113 ხმა, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან. ბესელია ხელისუფლებას რეგლამენტის გასწორებას სთავაზობს.

„გამოსავალი არის რეგლამენტის ცვლილება და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა. კონსტიტუცია არ კრძალავს თუ მეორე და მესამე მოსმენით 113 ხმას იღებს კანონპროექტი, რომ ის არ შეიძლება პრეზიდენტს გაეგზავნოს. ეს არის ერთი გზა, რომ რეგლამენტი გასწორდეს. მეორე გზა არის ხელახლა ინიცირება, რომელსაც 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება და თუ ეს პოლიტიკური ნება არსებობს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გამოიძებნოს გამოსავალი პოლიტიკური ჩიხიდან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

უმრავლესობის წევრის, ოთარ დანელიას განმარტებით, პროცედურები იძლევა იმის საშუალებას, რომ კონსტიტუციური პროექტი განხილვაში დაბრუნდეს. დეპუტატი ფიქრობს, რომ გუნდის შიგნით შესაბამისი რესურსი უნდა გამოიძებნოს.

„თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ პროცესმა ქუჩაში არ გადაინაცვლოს და საპარლამენტო სივრცეში დარჩეს, ამისთვის მაქსიმალური ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. გუნდური გადაწყვეტილების საგანი უნდა იყოს, დაბრუნდეს თუ არა საკითხი განხილვაში. ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი.

რაც შეეხება აქციებს, აქციები ყოველთვის არის დესტაბილიზაციის რისკი, ამიტომ პრევენცია უნდა გავაკეთოთ და პროცესები საპარლამენტო სივრცეში დავაბრუნოთ. ამის რესურსი არსებობს. გუნდიდან წასვლას ამ ეტაპზე არ განვიხილავ, რადგან უმრავლესობის შიგნით ბევრი სამუშაო მაქვს და ჩემს რესურს ამოვწურავ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

თავის მხრივ, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით, დეპუტატების ხელმოწერებს აგროვებს. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება. როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ განუცხადა, ხელმოწერების შეგროვების იმედი აქვს.

„იმედი გვქონდა, რომ დღეს, პლენარული სხდომა ჩატარდებოდა და სხდომაზე 76 ხმის მოგროვება გაგვიადვილდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, სხდომა გააუქმეს. ამის შესახებ დილით გავიგეთ. სია ამოვიღეთ, ვინც მხარი დაუჭირა და ინდივიდუალურად გვიწევს კონტაქტი და ხელმოწერების შეგროვება. იმედია, ვინც კრიტიკულად იყო განწყობილი, გონს მოვა და არ დააყენებს ქვეყანას რეალური კრიზისის წინაშე და პროექტს მხარს დაუჭერენ. არ მგონია, აქციების ფონზე რომელიმე დეპუტატმა გაუძლოს, თუნდაც ხალხის ფსიქოლოგიურ ზეწოლას და პროექტის წინააღმდეგ წავიდეს. თუ აქცია არ იქნება საკმარისი, დეპუტატებს დესტრუქციას საკუთარ რეგიონებში ხალხი მოუწყობს“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

არაოფიციალური ინფორმაციით, უმრავლესობა შეიძლება კონსტიტუციური პროექტი განხილვაში დაბრუნებას დასთანხმდეს. კონსტიტუციონალისტები თვლიან, რომ ყველაზე მისაღები იქნებოდა პროპორციული სისტემაზე გადასვლის ხელახალი ინიცირება. რაც შეეხება გერმანულ მოდელს, ვახუშტი მენაბდის თქმით, გერმანული მოდელი მაჟორიტარებს პრობლემას არ უქმნის.

„მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნები გერმანულ მოდელში მექანიკურად არ ჯამდება. წარმოვიდგინოთ, რომ ქვეყნის პარლამენტი შედგება 100 დეპუტატისგან, 50 არის მაჟორიტარი 50 პროპორციული წესით. არჩევნებში მიიღო პარტიამ მონაწილეობა და მიიღო ხმების 50%, თუმცა მოიგო 50–ვე მაჟორიტარული ოლქი, ამ შემთხვევაში ის 50 მაჟორიტარს შეიყვანს თუმცა პროპორციული არჩევნების შედეგები გაუუქმდება იმისთვის, რომ არ მოხდეს აცდენა მიღებულ ხმებსა და საპარლამენტო წარმომადგენლობის პროცენტებს შორის“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სახელის გატეხვის შემდეგ, გამოსავალი უნდა იპოვოს. მისი თქმით, არსებულ ვითარებაში, საჭიროა ისეთი გამოსავლის ძებნა, რომელიც გადაჭრის ამ პრობლემას, აღადგენს და გაამთელებს გატეხილ სახელს. ამისთვის კი, როგორც საყვარელიძე აცხადებს, საჭიროა პროექტის ხელმეორედ შეტანა.

მისი თქმით, თუკი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიმართულებით წავიდა პროცესი, მაშინ დღეს არსებული კანონით რომ არ ჩატარდეს, რასაც რეალურად რუსთაველზე აპროტესტებენ, მაშინ კონსტიტუციაში ცვლილება უნდა შევიდეს, რაც იგივე პრობლემას დაეჯახება პარლამენტში მაჟორიტარების მხრიდან, რასაც უკვე დაეჯახა.

„ეს მიმართულება, მგონი, ჩიხის შემცველია. ვფიქრობ, ყველაზე მომგებიანი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის იქნება ის, რომ არსებულ პროექტს მიეცეს ახალი რედაქცია, რომლის სულისკვეთება ძველი დარჩება და ხელახლა გავიდეს პარლამენტში კენჭისყრაზე. შეიძლება გაკეთდეს მცირე ცვლილებები ისეთი, რომელსაც კანონი აიტანს ხელმორედ გასატანად. როგორც ჩანს, ამაზეც არის ლაპარაკი ირაკლი კობახიძის რეაქციიდან გამომდინარე. თუკი ხელმეორედ გატანაზე მიდგება საქმე, მგონია, რომ სიტუაცია შეიძლება ჩაწყნარდეს“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძემ.

 

სოციალისტი ამ ამბებს რომ ვუყურებ და ვუსმენ ხნდახან მგონია რომ ჭკუიდნ შევიშალე!
5 წლის უკან
trampi ეს დებილები ამ ავანტიურისტებს როგორ აძლევენ სალაპარაკოს, ............ყოფილიყო პროპორციული
უმრავლესობა არ ეყოლებოდათ,(ეგეც თავიაანთი სიდებილის ბრალია) თორემ მაინც გაიმარჯვებდნენ.......
5 წლის უკან