აშშ-მა ეგვიპტის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ რუსეთისგან Su-35-ის ტიპის გამანადგურებლების შეძენის შემთხვევაში სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
ამავე გაფრთხილებას შეიცავს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს და თავდაცვის მინისტრის მარკ ესპერის ერთობლივი წერილი, რომელიც მათ ეგვიპტის თავდაცვისა და სამხედრო მრეწველობის მინისტრ მუჰამედ ზაქის გაუგზავნეს. როგორც წერილშია ნათქვამი, რუსეთთან მსხვილი სამხედრო შეთანხმებების დადება „გაართულებს ეგვიპტესა და აშშ-ს შორის ანალოგიური შეთანხმებების დადებას“ და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას შეაფერხებს.
სახელმწიფო დეპარტამენტში ამ საკითხზე კომენტარისგან თავი შეიკავეს, თუმცა აღნიშნეს, რომ აშშ მოუწოდებს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, უარი თქვან დაზვერვისა და თავდაცვის სფეროებში რუსეთთან ისეთი შეთანხმებების დადებას, რომელიც სანქციებს გამოიწვევდა.
რუსული გამოცემა Коммерсант-ი მარტში წერდა, რომ რუსეთმა და ეგვიპტემ შუ-35-ის ტიპის გამანადგურებლების მიწოდებაზე 2 მილიარდი დოლარის ოდენობის შეთანხმება გააფორმეს.