გახდება თუ არა „უკანასკნელი ტანგო ივანიშვილისთვის“ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა, ეს რამდენიმე საათში გაირკვევა. ყოველ შემთხვევაში, რომან გოცირიძე ასეთ შეფასებას უძებნის მმართველი გუნდის მხრიდან პროპორციული სისტემის უკან წაღების მცდელობას. ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა“, რომლის 30 დეპუტატსაც 5 თვის დაგვიანებით ერთდროულად გაახსენდა, რომ პროპორციული სისტემის შემოღება და ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები დიდი რისკის მომტანი იქნება ქვეყნისთვის. ეს მაშინ, როცა 20 ივნისის ტრაგიკული ღამის შემდეგ „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წავიდა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით თანხმობა განაცხადა.
ვის აწყობს და ვის არ აწყობს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება? ვინ სპეკულირებს პროპორციული სისტემით? ხომ არ იქნება ეს სისტემა ტროას ცხენი „ნაცმოძრაობის“ ხელში? ამის შესახებ For.ge შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ექსპერტს კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
პროპორციული სისტემის შენარჩუნების მიზნით სრულიად ოპოზიცია გაერთიანდა. რისთვის დასჭირდა მმართველ გუნდს პროპორციული სისტემის უკან წაღების გადათამაშება და ხომ არ იყო ეს ხელოვნური ინსცენირება ხელისუფლების მხრიდან?
- აშკარად, მე თავიდანვე ვთქვი, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეიმი ნაადრევი იყო და ნაჩქარევად მიიღეს ეს გადაწყვეტილება 20 ივნისის შემდეგ. იმ პერიოდში „ოცნება“ ისტერიკაში იყო, გავრილოვის ღამეს მათ დაინახეს, რომ სერიოზულად იყო საზოგადოება მათ წინააღმდეგ მობილიზებული და ემოციურ ფონზე მიიღეს პროპორციულ სისტემაზე დათანხმების გადაწყვეტილება. თუმცა ოპოზიციამ ხელისუფლების ეს კომპრომისი არ დაინახა და მთელი ყურადღება ისევ გახარიაზე გადაიტანა. მაშინაც ვამბობდი, რომ გახარიაზე საუბარს სჯობდა, ელაპარაკათ პროპორციულ სისტემაზე და არ მიეცათ შანსი ხელისუფლებისთვის, უარი ეთქვა ამ სისტემაზე. უფრო გონივრული იქნებოდა, იმ პერიოდში ოპოზიციას ეთქვა, რაც მოხდა, მოხდა, კარგია, რომ პროპორციულ სისტემას დათანხმდა ხელისუფლება, მოდით, ახლა ვიმუშავოთ პროპორციულ სისტემაზე. თუმცა ეს არ მოხდა. ამასობაში გაიწელა დრო, ხელისუფლებამ მაინც თავისი გაიტანა, გახარია დანიშნა პრემიერად, უკვე მოვიდა ზამთარიც, მოსახლეობაში აღარ არის განცდა მიტინგების ჩატარების. ამ ფონზე ხელისუფლება გონს მოეგო, შემოდგომის სიცივეებმა ცოტა გონება გაუხსნა მათ და „ქართულ ოცნებაში“ იფიქრეს, ნამეტანი ხომ არ მოგვივიდა?! ოპოზიცია მაინც დაუნახავია და ხომ არ გადავათამაშოთ ეს ყველაფერი უკან?! სხვათა შორის, „ქართულ ოცნებას“ სჩვევია თავის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ახლა თუ აქეთკენ წავლენ, ქართველი ხალხი უკვე აღარ აპატიებს „ოცნებას“ გადათამაშებას.
პროპორციული სისტემის უკან წაღების მცდელობა ხომ არ განაპირობა „ნაცმოძრაობის“ გააქტიურებამ? ახლაღა მიხვდნენ „ოცნებაში“, რომ პროპორციული სისტემა შეიძლება ერთგვარ ტროას ცხენად იქცეს „ნაცმოძრაობის“ ხელში?
- პროპორციული სისტემა ეს იყო უდიდესი ნახტომი დემოკრატიისკენ, მაგრამ ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ეს არის საკმაოდ სარისკო ნაბიჯი „ქართული ოცნებისთვის“, რადგან „ქართული ოცნება“ მარტო ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას.
ბოლო ხუთი თვის განმავლობაში რატომ არ ეწინააღმდეგებოდა „ქართული ოცნება“ პროპორციულ სისტემას?
- როგორც ჩანს, აქამდე ვაჭრობდა „ქართული ოცნება“ სხვა წვრილ-წვრილ პარტიებთან, რომ, თუ ისინი გავიდოდნენ პარლამენტში, თანახმანი იქნებოდნენ თუ არა, რომ შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ შეეკრათ ალიანსი და მთავრობა დაემტკიცებინათ. ეს ჩემი მოსაზრებაა და ამის მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ საბოლოო წერტილი იმაზე, რომ უარის თქმა მოუნდათ პროპორციულ სისტემაზე ის არის, რომ ვერ ნახეს სანდო პარტიები, რომლებიც გარანტირებულად მხარს დაუჭერდნენ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ კოალიციური მთავრობის შესაქმნელად. არც ის არის გამორიცხული, რომ ამით „ქართული ოცნება“ შანტაჟზე მიდის, ანუ მათ ვერ ნახეს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად გამოსადეგი პარტიები და ახლა ამ ტიპის პარტიებს აშანტაჟებენ. მე მგონი, დღევანდელი დღე იმის მცდელობაა, რომ ან მართლაც „გადააგდონ“ ქართული საზოგადოება და უარი თქვან პროპორციულ სისტემაზე, ან დააშანტაჟონ, რომ ამის გამკეთებლები არიან. თუნდაც იგივე ვოლსკი და სხვები ამბობენ, რომ ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ამ დროს დაქოქილები არიან მაჟორიტარები, რომ ამ სისტემას ეწინააღმდეგებიან. მე უფრო მეორე ვარიანტისკენ ვიხრები, რომ ეს არის ქართული საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შანტაჟი, თუ არ დაგვთანხმდებით, მაშინ თქვენვე დაზარალდებით.
„ოცნება“ ოპოზიციური პარტიების ნაწილს ამით აფრთხილებს, თუ არ დაგვთანხმდებით და უარს არ იტყვით „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოსთან“ შეკვრაზე პარლამენტში და ჩვენს სიკეთს ვერ დაინახვთ, მაშინ თქვენ დაუნახავები, უმადურები ყოფილხართ, ამიტომ არ იქნება პროპორციული სისტემა. ასე რომ, ეს უფრო შანტაჟს ჰგავს. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, დატოვონ შერეული სისტემა (მაჟორიტარულ-პროპორციული), ამით, პირველ რიგში, დაზარალდება თვითონ „ოცნება“. ახლა შემოდგომაზე თუ არ მიიღებენ დიდ მიტინგებს, გაზაფხულზე ნამდვილად მიიღებენ და შეიძლება მართლაც მოუწიოთ ვადაზე ადრე წასვლა, რაც შეიძლება „ქართულ ოცნებას“ ვუსურვო, მაგრამ ამას არ ვუსურვებ საქართველოს.
თუკი პროპორციულ სისტემას უკან წაიღებს ხელისუფლება, ამით ხომ დაადასტურებს, რომ მათ ნამდვილად არ აქვთ ამომრჩეველთა ხმების 60%, რაშიც თავს ირწმუნებდნენ ბოლო პერიოდში?
- ისინი მიხვდნენ, რომ 60% არ აქვთ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი „ოცნებამ“, რომელმაც ასე იოლად გადმოაგდო პროპორციულ სისტემაზე თანხმობა ივნისში. ახლა ამის უკან წაღება მხოლოდ „ოცნებას“ დააზარალებს. სიმართლე რომ ვთქვათ, ახალ სისტემაზე გადასვლა არც მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს აწყობთ, ანუ „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, რადგან ყველა მსხვილი პარტია ამით კარგავს პოტენციურ ხმებს და ეს ხმები ნაწილდება წვრილ პარტიებზე. შესაბამისად, ამ სამ პარტიას („ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“, „ევროპული საქართველო“) ნამდვილად არ აწყობს პროპორციული სისტემა. დღეს „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ბედნიერები იქნებიან, თუ პროპორციული სისტემა არ იქნება და ყველაფერი დაბრალდება „ქართულ ოცნებას“. თუ „ოცნება“ უკან წაიღებს პროპორციულ სისტემას, ამით მოედანი უთავისუფლდება „ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“. ამიტომ, თუ დღეს „ქართული ოცნება“ ვინმეზე მუშაობს თავისი მორიგი სირეგვენით და, თუ უარს იტყვის პროპორციულ სისტემაზე, ის ერთი-ორად, ერთი-ათად გააძლიერებს „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ პოტენციალს. ისინი ამას გამოიყენებენ, ვითომ არაფერ შუაში არიან, დაარტყამენ „ქართულ ოცნებას“, როგორ უარყავით დანაპირებიო, მაგრამ, სინამდვილეში, ბედნიერები იქნებიან, თუკი „ოცნება“ უარყოფს ამ დანაპირებს. ასე რომ, ჯოხი მოიქნია „ქართულმა ოცნებამ“ და თვითონვე გაირტყა ეს ჯოხი, საკუთარი თავის ჩაძირვით გაათავისუფლა პასუხისმგებლობისგან „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.
გრიგოლ ვაშაძე „ოცნებას“ მიმართავს, თუ პროპორციულ არჩევნებს არ დათანხმდებით, მაშინ ისეთ ქუჩას მიიღებთ, რომელიც არასდროს არ გქონიათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზამთარი ახლოვდება, ქუჩის აქციების რესურსი არსებობს? გავრილოვის ღამის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ხომ არ დაგვანახა, რომ ქუჩის აქციები შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მაინც ამოწურვადი იყოს ეს რესურსი?
- ქუჩის აქციების რესურსი დაგვანახა სააკაშვილის პერიოდმა, როცა 100 ათასი კაცი გამოვიდა ვარდების მოედანზე 15 გრადუს ყინვაში. ეს ქართველებისთვის გაუგონარი აქტიობა იყო. თუ ქართველი კაცი გამწარდა, მას თბილისის ზომიერი ზამთარი არ შეაშინებს და აუცილებლად გამოვა ქუჩაში. თუ არადა, გაზაფხულიდან დაიწყება პერმანენტული პროცესები, რადგან შეფურთხება იქნება ქართველი ხალხისთვის, თუკი „ოცნება“ ამაზე წავიდა.
დიმიტრი ხუნდაძესთან ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირებას ზოგიერთი დეპუტატი სპექტაკლად მიიჩნევს. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- რა თქმა უნდა, დიმიტრი ხუნდაძე არ არის არავითარი რევოლუციონერი და პრინციპული ადამიანი. ეს აშკარად დადგმული სპექტაკლია. ხუნდაძის ასეთმა ვითომც დაპირისპირებულმა „გამოსვლამ“ აჩვენა, რომ ეს არის შანტაჟი, თამაში. ხუნდაძეს რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს, ის არის ერთ-ერთი ყველაზე ჩამოსხმული ადამიანი, რომელიც ნებისმიერ ბოთლს მოერგება.
ამბობენ იმასაც, რომ მომავალ საარჩევნო სიაში ის ვერ მოხვდება და ამიტომაც მიდის ვა-ბანკზე.
- ხუნდაძე ექიმია და თავს გაიტანს. პარლამენტის გარეთაც ადგილს მიიღებს, ან ვიღაცის თანაშემწე იქნება. ხიდაშელის, ალასანიას და ჩემს გარდა გინახავთ მინისტრები, რომლებიც დასაქმებულნი არ არიან?! უპოვიან სადმე სამსახურს, დიმიტრი ხუნდაძისთვის ეს არ არის პრობლემა.