უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას მედიის მუშაობის რეგულირების შესახებ კანონპროექტის შემუშავება დაავალა, რომელიც 2019 წლის 31 დეკემბრამდე უნდა იყოს მზად. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კანონპროექტმა უნდა მოიცვას ისეთი საკითხების რეგულირება, როგორიც არის მედიაში ყალბი ახალი ამბების გავრცელებისა და მისი უარყოფის მექანიზმები. ასევე ზელენსკი მინისტრთა კაბინეტისგან ელოდება ისეთი კანონპროექტის შემუშავებას, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს უკრაინული მედიასაშუალების ფლობა ან დაფინანსება აეკრძალებათ.
ზელენსკის იდეასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება კულტურის მინისტრს ვლადიმირ ბოროდიანსკის მოუწია. როგორც მან თქვა, კანონპროექტი მედიასაქმიანობის შინაარსის რეგულირებას არ გულისხმობს.
„თქვენ სამართლიანად შეწუხდით და აღშფოთდით პრეზიდენტის განკარგულებაში სიტყვების „ახალი ამბების მოთხოვნებისა და სტანდარტების“ დადგენის შესახებ ფრაზის გამო. ეს ტერმინოლოგიური გაუგებრობაა, რომელიც ტერმინის „ახალი ამბების სტანდარტების“ არასწორად გამოყენების გამო წარმოიშვა. ჩვენ განზრახვად არ გვქონია და არც ვაპირებთ სიახლეების სტანდარტის რეგულირებას. ეს უფლება მხოლოდ პროფესიონალური საზოგადოებისაა“, - განაცხადა ვლადიმირ ბოროდიანსკიმ.