გაეროს საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელს განიხილავს

გაეროს საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელს განიხილავს

გაეროს საერთაშორისო სასამართლო უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას დათანხმდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამგვარად სასამართლომ არ გაიზიარა რუსეთის არგუმენტები იმის შესახებ, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანამდე კიევს ქვეყნის აღმოსავლეთით კრიზისის მოგვარებისთვის მოლაპარაკებებისთვის უნდა მიემართა.  გაეროს მოსამართლეებმა მიიჩნიეს, რომ უკრაინამ ასეთი მცდელობა განახორციელა, თუმცა უშედეგოდ.

კიევმა გაეროს სასამართლოს 2017 წელს მიმართა. უკრაინის სარჩელში ნათქვამია, რომ 2014 წლიდან რუსეთი უკრაინის შიდა საქმეებში ერეოდა, ტერორიზმის აქტებს აფინანსებდა და უკრაინის მილიონობით მოქალაქის უფლებებს არღვევდა. ამასთან, უკრაინა აცხადებს, რომ ყირიმის ანექსიით, გაეროს წესდება დაარღვია. რუსული მხარე ბრალდებებს უარყოფს.

აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი დონეცკისა და ლუგანსკის ადგილობრივ ხელისუფლებასა და რუსეთის მომხრე აჯანყებულებს შორის 2014 წლის 6 აპრილს დაიწყო. შედეგად 13 000 ადამიანი დაიღუპა, 40 000 კი დაიჭრა. ოფიციალურად რუსული ჯარი კონფლიქტში არ მონაწილეობს, თუმცა უკრაინული მხარე რეგიონებში რუსი სამხედროების ყოფნის შესახებ აცხადებს.