თურქეთი ISIS-ის წევრების ევროკავშირში დეპორტაციას 11 ნოემბერს დაიწყებს

თურქეთი ISIS-ის წევრების ევროკავშირში დეპორტაციას 11 ნოემბერს დაიწყებს

ანკარა დაკავებული „ისლამური სახელმწიფოს“ ევროკავშირის მოქალაქე მებრძოლების ევროპაში დეპორტაციას 11 ნოემბრიდან დაიწყებს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. „ხომ გითხარით, რომ მათ უკან დაგიბრუნებდით. ამას ორშაბათს შევუდგებით“, - განაცხადა მან.

გასულ კვირას სოილუმ განაცხადა, რომ თურქეთის ციხეში ტერორისტული ორგანიზაციის 1200 მებრძოლია, რომელთაც უცხო ქვეყნების მოქალაქეობა აქვთ. სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ მსვლელობისას თურქმა სამხედროებმა ISIS-ის 287 მებრძოლი დააკავეს.

ევროკავშირის მოქალაქე მებრძოლების ევროპაში დეპორტაციის თურქეთის გეგმის შესახებ სოილუმ პირველად 2 ნოემბერს განაცხადა. 9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო, თუმცა, ერდოღანის აშშ-ის ვიცეპრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ ანკარამ ოპერაცია დროებით შეწყვიტა.