ნიუ-იორკის შტატის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 8 საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის 2 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
გადაწყვეტილება უკავშირდება სარჩელს, რომელიც 2018 წელს ტრამპის წინააღმდეგ ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა, ბარბარა ანდერვუდმა შეიტანა. მისი მტკიცებით, 2016 წლის არჩევნების წინ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის ფინანსირების წესები დაარღვია და საქველმოქმედო ფონდი Trump Foundation-ი საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის გამოიყენა.
სასამართლომ გენპროკურორის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბარბარა ანდერვუდი ტრამპისგან საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის 2,8 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვდა. გარდა ამისა, ნიუ-იორკის შტატის გენერალური პროკურორი ითხოვდა, რომ ტრამპსა და მის უფროს შვილებს ნიუ-იორკის ნებისმიერი არაკომერციული ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრობა აეკრძალოთ.
სასამართლოს გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. „ალბათ, მე ვარ ერთადერთი ადამიანი ისტორიაში, რომელმაც ქველმოქმედებაზე 19 მილიონი დახარჯა, ამის სანაცვლოდ არაფერი მიიღო და ნიუ-იორკის შტატში პოლიტიკური თავდასხმების ობიექტი გახდა. არაა გასაკვირი, რომ ყველა ამ შტატს ტოვებს!“ - წერს ტრამპი Twitter-ზე.
2018 წლის დეკემბერში, სასამართლოში სარჩელის შეტანიდან 6 თვეში საქველმოქმედო ფონდი Trump Foundation-ი დაიხურა.
მიმდინარე წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა და თავისმა მეუღლემ ძირითადი საცხოვრებელი ადგილი ოფიციალურად შეიცვალეს და საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან ფლორიდაში გადავიდნენ. „ყოველწლიურად ვიხდი მილიონობით დოლარს გადასახადებში, ქალაქის პოლიტიკური ლიდერები კი ცუდად მომექცნენ“, - განაცხადა ტრამპმა.