საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანების გატაცებაზე ჩვენი კოლეგები "ქართული ოცნებიდან" ჭმუნავენ, მაგრამ როცა შემოდის პარლამენტში რეზოლუცია, რომ რაიმე დავუპირისპიროთ ამას, „ჯვაროსნულ ლაშქრობას“ იწყებენ ამის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მათ რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მხრიდან მსგავს ნაბიჯებს უპირისპირდება, „ქართულ ოცნებაში“ ქვეყნის ღალატად აფასებენ.
„როცა ასეთი რამ ხდება ცნობილი, ჩვენი კოლეგები „ქართული ოცნებიდან“ შეწუხებულ სახეებს მიიღებენ, ჭმუნავენ და მართლა სწუხან ხოლმე, რომ ასეთი რამ ხდება, მაგრამ მეორე დღეს, როცა შემოდის პარლამენტში რეზოლუცია, თუ რა დავუპირისპიროთ ამას, როგორ ჩავწეროთ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასავლურ სანქციებში, როგორ მოხდეს ჩვენი ოკუპაციის და ადამიანების გატაცების პრობლემის აქტუალიზაცია უმაღლეს დონეზე, დასავლეთ-რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში, როცა ამაზეა საუბარი, ამას ქვეყნის ღალატად აცხადებენ და „ჯვაროსნულ ლაშქრობას“ იწყებენ ხოლმე იმის წინააღმდეგ, რომ ამ პრობლემას რამე დავუპირისპიროთ“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.