ხელისუფლების წარმატებულ სპეცოპერაციებს კიდევ ერთი შეემატა - იგორ გიორგაძის მომხრეთა დაპატიმრება!
თითქმის ყველა მათგანს სამშობლოს ღალატი ბრალდება!... ალბათ, საკითხავიც არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - დაპატიმრებას გადაურჩა იგორ გიორგაძის ფონდის თავმჯდომარე, პოლიტიკური გაერთიანება „იმედის“ ლიდერი ირინა სარიშვილი. „ასავალ - დასავალი“ სწორედ მას დაუკავშირდა.
- ის, რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო, უბრალოდ, ამხელა მასშტაბის ქმედებებს არ ველოდი. როგორც კი ირაკლი ბათიაშვილი დაკითხეს, მაშინვე ვთქვი, რომ სერიოზული პოლიტიკური რეპრესიები დაიწყებოდა. ამჯერადაც განხორციელდა პოლიტიკური ანგარიშსწორება იმ ძალის მიმართ, რომელიც ხელისუფლებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და მასთან არასოდეს არანაირ გარიგებაზე არ წასულა. ვისარგებლებ შემთხვევით და აქვე ვიტყვი, ის კომენტარები, რაც საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით გაკეთდა, უგუნური და სამარცხვინო იყო.
რამდენი წელია, ერთმანეთს ვიცნობთ და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვინ რისი გამკეთებელია. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ფიქრია ჩიხრაძე, დათო გამყრელიძე ან, თუნდაც „რესპუბლიკელების“ რომელიმე წევრი რომ დაეპატიმრებინათ, პირველი მე გამოვიდოდი და ვიტყოდი, რას აკეთებთ - მეთქი.
4 მაისის შეკრება, სადაც თურმე, ხელისუფლების გადატრიალების გეგმა მზადდებოდა, ბუნებაში არ ყოფილა. ორ პიროვნებას, რომელთაც ამ შეკრებაში მონაწილეობას სდებენ ბრალად, ოფიციალური დოკუმენტი აქვთ. იმ პერიოდში ერთი მათგანი საავადმყოფოში იწვა, მეორე - საქართველოში არ იმყოფებოდა.
რას იტყვით მაია ნიკოლეიშვილის აღიარებით ჩვენებაზე?
- ხაზგასმით ვიმეორებ, ასეთ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია და ვინც უნდა თქვას ის ცრუობს, ცრუობს ისევე, როგორც ცრუობს ხელისუფლება და ბრალდების მხარე.
იცნობთ თუ არა იმ პიროვნებებს, რომლებიც მაია ნიკოლეიშვილის აღიარებით ხელისუფლებამ მოწმის სახით გამოიყვანა?
- შესაძლოა, ის ორი მოწმე, რომლებიც ზურგით სხედან და საუბრობენ, ჩვენი ერთ - ერთი პარტიის წევრებიც აღმოჩნდნენ. მრავალრიცხოვან პარტიებში ადვილი შესაძლებელია, შეგზავნილი ადამიანები იყვნენ. ერთი რამ ფაქტია, ისინი იმ შეხვედრებს, სადაც სერიოზულ ინფორმაციებთან დაკავშირებით ვმსჯელობდით, არ ესწრებოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ზურგიდან კი არა, სიბნელეშიც და ხმითაც ვიცნობდი! რომც დაგვეგეგმა ამგვარი რამ, პარტიის უბრალო წევრებს ვინ გაანდობდა ასეთ ინფორმაციას?!
ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილის და ამ ხელისუფლების შეთხზული ინფორმაციაა. რვასაათიანი ჩხრეკის შემდეგ ვიხუმრე კიდეც - რას იკლავთ თავს, ამ ფურცლებზე მაინც იმას წაიკითხავენ, რაც თვითონ უნდათ - მეთქი!
მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რატომ არ გიჭერენ?
- ცხადია, იმიტომ არ გამიფრთხილდნენ, რომ სამ შვილს ვზრდი. მაია თოფურიაც სამი შვილის დედაა. ამაში რაღაც მზაკვრული ჩანაფიქრია. შესაძლოა, ბევრად უარესი რამ არის მოსალოდნელი, ვიდრე ეს დაპატიმრებაა. ალბათ, ჩემი დაკავება მაინც გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. რაც უნდა იყოს, 20 წლის სტაჟის მქონე პოლიტიკური ფიგურა ვარ. მოვწონვარ ვინმეს თუ არა, ეს ასეა! შესაძლოა, ელოდებიან, რომ ვიღაც ისეთი გამოვა ჩემთან კავშირზე, რომლის დაპატიმრებაც ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.
ასევე არ არის გამორიცხული, ჩემი ფაქტორის ხელოვნურად მიწებება სურდეთ ერთ - ერთ მსხვილ ფიგურასთან, რომ შემდეგ მასთან ერთად დამაპატიმრონ. საუბარია საქართველოს მოქალაქეზე, მაგრამ მის სახელს და გვარს ჯერჯერობით ვერ დავასახელებ.
მოკლედ, რამდენადაც ვიცი, ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობა უნდა შეიქმნას ჩემს გარშემო და, როგორც ჩანს, დამაჯერებელიც. როდესაც ჩემი ოფისი გაჩხრიკეს, მათ თქვეს, რომ აწი უნდა იპოვონ სამხილი. თუ სამხილის არარსებობა გახდა სხვების დაპატიმრების მიზეზი, რატომ არ მოხდა ეს ჩემს შემთხვევაში?! თან ბრალდება მიდის იმაზე, თითქოს შეიარაღებულ აჯანყებას ვამზადებდით. ასეთი ეჭვის არსებობის შემთხვევაში მეც უნდა დავეპატიმრებინე, ამასთან, ისიც ცხადია, რომ ამ ხელისუფლების სიყვარულის გამო არ დამტოვეს გარეთ...
მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემს წინააღმდეგ მზადდება ავტოკატასტროფის ინსცენირება და ეს ამბავი შიდა პარტიულ გარჩევებს უნდა დაბრალდეს. თუ აქვთ იმისი იმედი, რომ ჩემით ვინმეს კვალზე გავლენ, ძალიან ცდებიან. ტყუილად დროს ნუ დაკარგავენ და ჯობს, ახლავე დამაპატიმრონ.
შეიძლება, შემთხვევით გადაურჩით დაპატიმრებას. უახლოეს წარსულს გავიხსენებ, როდესაც თქვენი მანქანა დაცხრილეს და გია ჭანტურია დაიღუპა...
- ტყვია შეიძლება გესროლონ და გადარჩე, მაგრამ დაპატიმრებას როგორ უნდა გადაურჩე?!
და მაინც, ძალიან მკაცრ განცხადებებს აკეთებთ ხელისუფლების მისამართით. არ გეშინიათ?
- არ მეშინია! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ამ ხელისუფლებას რევოლუცია უნდა, ის ამ რევოლუციას მიიღებს! რევოლუცია რომ არ გულისხმობს შეიარაღებას, ეს ყველაზე კარგად მათ უნდა მოეხსენებოდეთ. დიახ, არც ჭინჭარი ნიშნავს თოფს. ვარდიც და ჭინჭარიც ორივე მცენარეა. სხვაობა მათ შორის არის ის, რომ სხვადასხვა ადგილას გამოიყენება.
დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მე მოვდივარ ეროვნული მოძრაობიდან, არასოდეს არავის ფულით არაფერი მიკეთებია და თუ ვიქნები ამ რევოლუციის ერთ - ერთი მოთავე (გარწმუნებთ, რომ აუცილებლად ვიქნები, ამის პირობას ვდებ), არავის ფულით სარგებლობას არ ვაპირებ! ხალხი უკვე იმ ზომამდეა მისული, რომ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით რომ ქუჩაში გამოვიდეს, ამისათვის ფულის გადახდა არ სჭირდება!