ნათია თურნავა არ აკონკრეტებს, გადაეცემა თუ არა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოში სახელმწიფო ქონება 1 ლარად. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ აქამდე სახელმწიფო მზად იყო თუნდაც 1 ლარად გადაეცა სანატორიუმები ინვესტორისთვის, თუმცა ინვესტორებს ინტერესი არ გამოუთქვამთ.
რაც შეეხება ვადებს, პირობებს, ღირებულებას, ნათია თურნავა ამბობს, რომ ეს ის დეტალებია, რომლებიც შემდგომში დაზუსტდება, როდესაც მთლიანად კომპლექსურ გეგმას დაამუშავებენ. მისი თქმით, ყველაფერი კანონის შესაბამისად გაკეთდება, ისე, რომ სახელმწიფო ინტერესი არ დაზარალდეს და სახელმწიფომ სარგებელი მიიღოს აქედან.
„დღემდე ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო მზად ვიყავით თუნდაც 1 ლარად გადაგვეცა რომელიმე ინვესტორისთვის, ოღონდ ამაში ფული ჩაედოთ. ახლა საუბარია, რომ მთელი ტეროტორია იქნება აღორძინებული. ესაა უდიდესი სარგებლის მომტანი პროექტი,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რადგან სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, მიიღო გადაწყვეტილება სათავეში ჩაუდგეს წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოისყიდოს უკლებლივ ყველა – 22 სასტუმრო, 9 აბანო და დაიწყოს მათი სრული რეაბილიტაცია. ამასთან, ივანიშვილის თქმით, წყალტუბოს განვითარების პროექტზე მისი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი და მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება.
გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მზად არის, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გაასხვისოს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება.
„მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. ჩვენ ქვეყნაში მთას, ზღვას, მინერალურ წყლებს და ქვიშასაც კი, მაცოცხლებელი ენერგია აქვს. მაგრამ არსებობს სრულიად გამორჩეული ადგილები, რომლებსაც თავისი პოტენციალით უდიდესი მიზიდულობის შექმნა შეუძლია. სწორედ ასეთია წყალტუბო – უნიკალური სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ტურისტული პოტენციალით.
დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებში, პრაქტიკულად გავერანდა წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა. კურორტი, რომელიც 22 სანატორიუმითა და 9 ბალნეოლოგიური აბანოთი, ქმედით კონკურენციას უწევდა არა მარტო რეგიონის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მსგავს კურორტებს, დღეს მხოლოდ ერთი მოქმედი სასტუმროს და მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურის ამარაა დარჩენილი. კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია, მრავალ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა“, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი.
გადაწყვეტილებას მიესალმება პრემიერ–მინისტრი. გიორგი გახარიას განცხადებით, ივანიშვილი ყოველთვის საქმით დგას იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს. გახარიას თქმით, წყალტუბოს აღორძინების პროექტი არის ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი დიდი საქველმოქმედო ინვესტიცია, რომელიც წყალტუბოს თავის ფუნქციას დაუბრუნებს და საერთაშორისო კურორტის სტატუსს შესძენს.
„დღეს ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელების შესახებ გააკეთა განცხადება. წყალტუბოს აღორძინების პროექტი არის მისი კიდევ ერთი დიდი საქველმოქმედო ინვესტიცია, რომელიც წყალტუბოს თავის ფუნქციას დაუბრუნებს და საერთაშორისო კურორტის სტატუსს შესძენს. წყალტუბო გახდება მასშტაბური ტურისტული ცენტრი, რომელიც დიდ სტიმულს მისცემს იმერეთის რეგიონისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.
კურორტის აღდგენას აუცილებლად მოჰყვება რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, რაც იმას ნიშნავს, რომ ათეულობით ათას ოჯახს მუდმივი შემოსავლის წყარო გაუჩნდება. ეს არის უნიკალური პროექტი, რომლის განხორციელებაც მრავალი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც კერძო სექტორმა. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის საქმით დგას იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ხალხს“, – აცხადებს გიორგი გახარია.
გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, რომ არა ივანიშვილი, წყალტუბო დიდი ხნის ამუშავებული იქნებოდა. მისი თქმით, 2013 წელს პრემიერ ივანიშვილის მიერ კაზინოების შესაძლო აკრძალვაზე საუბრის გამო, ინვესტორებმა ისე მოძუძგეს წყალტუბოდან, რომ უკანაც არ მოუხედავთ. დეპუტატი ამ მიმართულებით 2013 წელს ქუთაისის აეროპორტის არამიზნობრივ ხარჯად გამოცხადებასაც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ამან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ წყალტუბო ვერ განვითარდა.
„პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს ქუთაისის აეროპორტი რომ არ გამოეცხადებინა „არამიზნობრივ ხარჯად“ 2013 წელს და ამ აეროპორტს რომ მისცემოდა დაგეგმილ სიმძლავრეზე – ანუ ორ მილიონ მგზავრზე გასვლის შესაძლებლობა, რაც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო, წყალტუბოს სასტუმროები დიდი ხნის ამუშავებული და დატვირთული იქნებოდა, პირველ რიგში, ევროპელი ვიზიტორებით. ძალიან ბევრ ადამიანს უკვე დიდი ხნის ნაშოვნი ექნებოდა სამსახური. ელემენტარული ციფრებია.
2012 წელს რამდენიმე სასტუმროში, მათ შორის „შახტიორში“ რომელიც ყველაზე დიდია, გახურებული სამუშაოები მიმდინარეობდა. 2013 წელსვე პრემიერ ივანიშვილის მიერ კაზინოების შესაძლო აკრძალვაზე საუბრის გამო, ინვესტორებმა ისე მოძუძგეს წყალტუბოდან, რომ უკანაც არ მოუხედიათ. ვიდრე რამეს ვიტყვით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტები არ დავივიწყოთ“, – აცხადებს გიორგი კანდელაკი.
რომან გოცირიძე ამტკიცებს, რომ წყალტუბოსთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა არის მორიგი ტყუილი, მორიგი საარჩევნო დაპირება, რომელსაც დღეს უკვე არავინ „ჭამს“. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული „ინიციატივაც ისე გაჩერდება“, როგორც სხვა დანარჩენი პროექტები, რომელსაც ხელისუფლება მოსახლეობას დაჰპირდა.
„კაპიკებად შეისყიდის და, რა თქმა უნდა, ესეც გაჩერდება ისე, როგორც გაჩერდა თერაპიის ცენტრი, რომელზეც 600 მილიონი ევრო უნდა დახარჯულიყო. სოფლის ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელზეც 120 მილიონი უნდა დახარჯულიყო. ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ახლა უნდა იყოს 300 ათასი სტუდენტი ანუ, რაც კი საქართველოში სტუდენტია მისი ნახევარი. ააშენებენ ერთ კორპუსს, 200 ან 500 კაცი ისწავლის მთელი წლის განმავლობაში და იქნება ჩვეულებრივი უნივერსიტეტი, რაც არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე თვლის, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა ქალაქ წყალტუბოს 22 სასტუმრო და 9 სამკურნალო აბანო გამოისყიდოს 27 კერძო ინვესტორისგან. მისი თქმით, ეს არის კეთილშობილებით შენიღბული რეკეტის ნიშნების შემცველი საჯარო განცხადება და ამის ავტორი არის ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი. ხაზარაძის შეფასებით, ეს არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება, რომელიც ივანიშვილმა უკვე განახორციელა პროკურატურაში, სასამართლოში, სახელმწიფო ინსტიტუტებში.
„ახლა რუსეთში ნაშოვნი გაურკვეველი წარმოშობისა და პანამის ოფშორული კომპანიიდან შემოსული ფულით განაგრძობს უკვე კერძო სტრუქტურების ნგრევასა და ჯიბეში ჩადებას. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი ნიშნავს არარსებულ საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში, მაშინ, როდესაც სახეზეა უცხოური ინვესტიციების 54% – ით ვარდნა, მაშინ, როდესაც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტიდან გადიან უმსხვილესი უცხოელი ინვესტორები.
არც ერთი ქვეყანა ასე არ განვითარებულა და არც ჩვენი ქვეყანა განვითარდება. რადგან ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილი ნიშნავს სუსტ სახელმწიფოს, სუსტ ეკონომიკას, არაჯანსაღ საინვესტიციო გარემოს, არც ისე შორეულ მომავალში კიდევ უფრო დიდ ტრაგედიას – უკიდურეს სიღარიბესა და ტოტალურ უმუშევრობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – ამის უფლებას არ მოგცემთ! ეს უნდა დასრულდეს! ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია უნდა ჩამოშორდეს ქართულ სახელმწიფოს მართვის სადავეებს!“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ხელისუფლების ოპონენტებისგან განსხვავებულია ანალიტიკოსების შეფასება. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ თუ წყალტუბოს პროექტი სიტყვად დარჩა, ბუმერანგად მოუბრუნდება „ქართულ ოცნებას“, ხოლო თუ მართლა ბოლომდე მიიყვანენ, ეს საშვილიშვილო საქმე იქნება. ლაგაზიძის შეფასებით, მთავარია, რომ სიტყვა საქმედ იქცეს და წინასაარჩევნო დაპირებად არ დარჩეს.
„როგორ განვითარდება მოვლენები, ეს 1 წელში, არჩევნებამდე გამოჩნდება. „ქართული ოცნებისთვის“ წინასაარჩევნო, უმძიმესი არჩევნების წელია. უპრეცედენტოა თავისი არსით ეს წელი, იმიტომ, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება, ეს იქნება პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდესაც მესამე ვადით რჩება პოლიტიკური ძალა ხელისუფლების სათავეში. ამიტომაც, „ოცნებას“ და თავისთავად ივანიშვილს მოუწევს უპრეცედენტო ძალისხმევა იმისათვის, რომ პოზიციები შეინარჩუნოს ან ყოველ შემთხვევაში, 2020 წელს კოალიციაში მაინც იყოს წამყვანი ძალა.
ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ამით ეს მეგაპროექტები არ ამოიწურება. კიდევ ვნახავთ „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის მიერ შემოთავაზებულ მეგაპროექტებს. მთავარია, რომ ეს სიტყვა საქმედ იქცეს და დაიწყოს ამისი რეალიზაცია. არჩევნებამდე 2-3 თვე არ არის დარჩენილი, რომ ამ პროექტის გადავადება მოხერხდეს, 1 წელია სრული და ამ ერთი წლის განმავლობაში უნდა ვნახოთ რეალური შედეგები“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
პოლიტოლოგის, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ივანიშვილის მოქმედება არ ტოვებს წინასაარჩევნო შთაბეჭდილებას, მით უმეტეს, წყალტუბო არ არის არჩევნებზე გავლენის ძლიერი იარაღი. მისი თქმით, მიმდინარე პროცესების ფონზე, წყალტუბოს შესყიდვის საკითხს საპროპაგანდო მნიშვნელობა ვერ ექნება.
„რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება დანახული იყოს იმ ჭრილში, რომ არჩევნები მოდის და აბა, კარგი საქმეების გაკეთებას თუ აპირებენ, საარჩევნოდ ხომ არ აპირებენ?! მაშინ პოლიტიკაში ჩართული ყველა პირი უნდა გაჩერდეს, თუ მაგას მოერიდება. თუ საარჩევნოდ აპირებენ, ეგაც კარგია, თუ საარჩევნოდ არ აპირებენ, კიდევ უკეთესი.
მაგრამ ივანიშვილთან დაკავშირებით ეგ ძნელად ითქმის, იმდენჯერ და ისეთ დროს აქვს ანალოგიური ნაბიჯები გადადგმული, როცა არჩევნებთან სულ არ იყო ეს ნაბიჯები კავშირში. მის ხელში ასეთი მოქმედება არ ტოვებს საარჩევნო შთაბეჭდილებას, მით უმეტეს, წყალტუბო არ გახლავთ არჩევნებზე გავლენის ძლიერი იარაღი“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.