„წარმოდგენილი მასალის გაცნობის შემდეგ, საქართველოს პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, – ასე უპასუხა შალვა თადუმაძემ „ლელოს“ ლიდერს, რომელმაც გენერალურ პროკურატურას პრემიერ–მინისტრისგან მიღებული „მუქარის წერილის“ დედანი ჩააბარა. მამუკა ხაზარაძემ საგამოძიებო უწყებას ასევე წარუდგინა წერილზე ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები.
ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, უშუალოდ „მუქარის წერილზე“ 17 ადამიანის თითის ანაბეჭდი ამოვიდა. კორძაძე მოითხოვს, რომ პროკურატურამ აღნიშნული ანაბეჭდები საქართველოს ბაზაში არსებულ თითის ანაბეჭდებს დაადაროს და ყველა მათგანი გამოკითხოს იმის დასადგენად, რა შემხებლობა ჰქონდათ აღნიშნულ წერილთან.
„არავის უთქვამს რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ წერილი გადმოგვეცა გიორგი გახარიასგან. შესაბამისად, ბრალდების მთავარი ადრესატი ის კი არაა, ვისგან გადმოგვეცა წერილი, არამედ ის ვისგან მოდიოდა ეს მუქარა, ეს არის გამოძიების დასადგენი. გახარია იყო მუქარის ავტორი, თუ პირი რომელმაც წერილი გამოატანა, ეს ჩვენი დასადგენი არაა. მამუკა ამბობს იმას, რაც იცის – წერილი მოვიდა გიორგი გახარიასგან“, – აღნიშნა ზვიად კორძაძემ.
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე განმარტავს, რომ ორი საკითხი იყო – სად არის დედანი და ვინ იყო შუამავალი. მისი თქმით, დედანი პროკურატურაშია და როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალსაც დაასახელებს. ხაზარაძე ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა ვალდებულება შეასრულა. როგორც ის ამბობს, მან წერილი მიიღო გახარიასგან, თუმცა, არასდროს არ უთქვამს ვის მიერაა დაწერილი.
„იმედია, ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც პროკურატურას დარჩა, გამოიძიებენ. ერთი წლის შემდეგ, ამ შენობის „დემონტაჟს“ გავაკეთებს ჩვენ, რათა საქართველოში დამყარდეს წესიერი მართლმსაჯულება და არა მოსყიდული და ვიღაცაზე მომუშავე პროკურორები. მათგან განსხვავებით, მე დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას და მივენდოთ გამოძიებას, რომლის იმედი არ მაქვს, თუმცა, მაინც მივყვებით ყველა კანონით დადგენილ ქმედებას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პრემიერ–მინისტრის განცხადებით, ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად არის. ჟურნალისტების კითხვაზე, შეცვლის თუ არა რამეს პროკურატურისთვის მამუკა ხაზარაძის მიერ წერილის ორიგინალის გადაცემა და არის თუ არა პრემიერ–მინისტრი მზად, საჭიროების შემთხვევაში პროკურატურაში მივიდეს?
„არ ვიცი, უკვე ამას როგორ ვუპასუხო, ისე ვითარდება ეს ყველაფერი. ერთხელ ვთქვი, ჯერ დაველოდები, რას იტყვიან და შემდეგ გავაკეთებ კომენტარს–მეთქი. ახლა ისე გამოდის სიტუაცია, ყველაფრისთვის მზად ვარ. სრულად ვემორჩილები კანონმდებლობას და თუ საჭირო იქნება, მივალ პროკურატურაში.
მე ვიყავი პირველი შს მინისტრი, რომელიც თავისი უფლებამოსილების პერიოდში მივედი პროკურატურაში არაერთხელ და მივეცი ის ჩვენება, რასაც კანონი ჩემგან მოითხოვდა. რა თქმა უნდა, იგივეს გავაგრძელებ, მე ვერ ვხედავ აქ ვერანაირ პრობლემას. ასეთი განცხადებებით ვერავინ დისკომფორტს ვერ შემიქმნის და მოქმედების არეალსაც ვერ შემიზღუდავენ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ხაზარაძის მოქმესების სტილს უწუნებს უმარავლესობა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ხაზარაძეს ჰგონია, რომ მისი პოლიტიკაში შემოსვლა პირად პრობლემებთან დაკავშირებით ინდულგენცია იქნება.
„ზოგადად, როდესაც მამუკა ხაზარაძე საუბარს იწყებს, რომ სახელმწიფოებრიობა საფრთხის ქვეშ არის, მე არ მახსოვს მისი მკაფიო და პრინციპული პოზიციები მაშინ, როდესაც იგი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო და იმავე დროს, ბანკი „ქართუ“ და სხვა ბანკები ტერორის ქვეშ იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის დროს და ახლა ხედავს ამ ქვეყანაში დემოკრატიის პრობლემებს, აქ უკვე ჩანს მისი დამოკიდებულება. მას არ მოეწონა ის პროცესი, რაც ჩემი აზრით, აბსოლუტურად კანონიერად მიმდინარეობს და მას ჰგონია, რომ მისი პოლიტიკაში შემოსვლა იქნება ინდულგენცია მის პირად პრობლემებთან დაკავშირებით,“ – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, რამდენად არის სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და შესწავლის საფუძველი წერილი, რომელზეც მამუკა ხაზარაძე საუბრობს, ეს მთავარი პროკურატურის განსახილველი საკითხია. როგორც ჟურნალისტებს ცქიტიშვილმა განუცხადა, მთავარია, სპეკულაციები დასრულდა, რომ რაღაც წერილი აქვთ, რადგან უწყებაში მიიტანეს.
„რამდენად არის აღნიშული წერილი საქმის აღძვრისა და შესწავლის საფუძველი, ეს უკვე პროკურატურის საქმეა. როგორც დეპუტატს არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, გარდა იმისა, რასაც მედიიდან ვიღებ. ვფიქრობ, პროკურატურა კანონის შესაბამისად იმოქმედებს და თუ საფუძველი არსებობს, საქმეს აღძრავს და გამოიძიებს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
„ლელოს“ პრეს–სპიკერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ „მუქარის წერილის“ საქმე აშიშვლებს მთელ სისტემას და აჩვენებს, როგორ იმართება დღეს ქართული სახელმწიფო.
„როდესაც ეს წერილი და ამბავი გასაჯაროვდა, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს იყო ფარატინა ფურცელი. დღევანდელი დღე არის დასტური, რომ ეს პოლიტიკური, ორკესტრირებული შეტევა დაიწყო სწორედ ამ წერილის მეშვეობით. წერილი არის საქართველოში, ის ახლა უკვე აქვს პროკურატურას.
არა მხოლოდ წერილი, არამედ ინგლისის ოფიციალური ბიუროს მიერ გაშიფრული ანაბეჭდები, რომლებიც ამ წერილზე იყო და არის დაფიქსირებული. მამუკა ხაზარაძემ თავისი პირობა შეასრულა და მან მოიტანა ოფიციალური დასკვნა, რომ ამ წერილზე არის თითის ანაბეჭდები. ახლა უკვე მთელი პასუხისმგებლობა, როგორც კანონის, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით აკისრია ხელისუფლებას, რომ ეს საქმე იყოს გამოძიებული“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„ლელოს“ ლიდერებისგან განსხვავებით, ხაზარაძის სიმართლის არ სჯერა ანალიტიკოსს ამირან სალუქვაძეს, რომლის განცხადებით, უკვე მარაზმში გადადის, რასაც თვითმარგინალიზაცია ჰქვია.
„გახარიასგანააო, ესაო, ისაო, ანაბეჭდების ექსპერტიზას გავაკეთებთო, დავუმტკიცებთ, რომ მას ხელში ეჭირდებოდაო და ა.შ. ექსპერტიზას ხომ გადაგვაყოლეს. მერე 120 ანაბეჭდი აღმოჩნდაო. ალბათ იმ გათვლით, რომ 120–დან ერთი ხომ მაინც აღმოჩნდებოდა პრემიერის, ანუ მაშინდელი მინისტრის?! ახლა გახარიას დაწერილი არაა, მისი სახელით მოწერილიაო. ჰოდა, რა მაინტერესებს – ეს 120 ანაბეჭდი მანამდე დაგროვდა სანამ ადრესატს გადასცეს, თუ ადრესატმა რომ მიიღო მერე ჩამოატარეს წრეზე? მოკლედ, ხომ გითხარით, ამ წერილის თანახმად ნახევარ ლონდონს დააპატიმრებენ“, – ამბობს ამირან სალუქვაძე.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, უცნაური მდგომარეობა შეიქმნა, ლაპარაკი არის რაღაცა სახის დოკუმენტზე, რომელიც მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშეა. ზარდიაშვილის განცხადებით, დოკუმენტი არც ხელმოწერილია და არც ბეჭდიანი, შესაბამისად, შეუძლებელია იდენტიფიცირება იმის, ვისი დაწერელია.
„არის რაღაცა დოკუმენტი, რომელიც თითქოსდა შუამავალმა გახარიას სახელით მიიტანა ხაზარაძესთან. პროკურატურა ჯადოქარი არ არის და ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოიძიებს ამ წერილის ნამდვილობას. ვის ხელში გაიარა, 120 ხელმოწერაა, თუ 500, ეს არაფერს არ ამტკიცებს. შტირლიცის ამბავი მახსენდება, იქ რანაიარად მოხდა კონკრეტული პირის თითის ანაბეჭდები ამის გაგება შეუძლებელია და გაუგებარია რისი დამტკიცება უნდათ.
შესაძლებელია და არ გამოვრიცხავ, რომ წინასაარჩევნო პერიოდის დროს გარკვეული ზეწოლა იყო ბიზნესზე. მიჩვეული ვართ ამ პროცესს და ბუნებრივია, რომ გარკვეული ეჭვი ამასთან დაკავშირებით არსებობს. სრულად შეუძლებლად მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან ვინმეს შეექმნა მუქარის დამადასტურებელი დოკუმენტი, შეუძლებელია ამის დაჯერება, მაგრამ თუ ასეთი მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს. არ მჯერა, რომ ხელისუფლება ისეთი სახის მუქარას გააგზავნიდა, რაც დოკუმენტალურად იქნებოდა გაფორმებული“, – აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
როგორც ზარდიაშვილი აცხადებს, ხაზარაძის მხრიდან იქმნება ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც სულ ყურადღების ცენტრშია, მაგრამ შექმნილი ვითარება ისეთ სანახაობას ემსგავსება, რომლის ფინალი არ ჩანს.
„ხაზარაძე თავის უსაფრთხოებას აზღვევს. მთელი ეს პოლიტიკური პროცესი, რაც მასთან არის დაკავშირებული, პირდაპირ არის კავშირში მის პირად უსაფრთხოებასთან. აშკარად ჩანს, რომ მას კონფლიქტი აქვს ხელისუფლების მთავარ ტიპთან, როგორც თავად ეძახიან „არაფორმალურ“ მმართველთან, ბიძინა ივანიშვილთან და დიდი ალბათობით ეს დაკავშირებულია ანაკლიის პორტთან.
მის მიერ ვალდებულებების შეუსრულებობასთან და იმასთან, რომ კვირიკაშვილმა და კონსორციუმმა სახელმწიფოს გარანტიის ხარჯზე გადაწყვიტეს კერძო ბიზნესის დაწყება. ვფიქრობ, რომ კონფლიქტის წყარო ეს არის. ჩემი ვარაუდია, რომ სწორედ ამ პრობლემასთან არის დაკავშირებული, უნდოდათ, რომ სახელმწიფო გამოეყენებინათ როგორც გარანტორი დიდი ინვესტიციების მისაღებად“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
(1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.