შალვა თადუმაძეს ჯერ არ აქვს მოფიქრებული, სად გააგრძელებს საქმიანობას, თუ პარლამენტი მხარს მის კანდიდატურას არ დაუჭერს და მოსამართლედ არ განმწესდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოქმედ გენერალურ პროკურორს უსმენდნენ, მთავარი განხილვის თემა თადუმაძის დიპლომი იყო. ხმაურიანი განხილვის მიუხედავად ოპოზიციამ ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე – თადუმაძე დიპლომიანია, თუ უდიპლომო.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის მსურველმა თადუმაძემ ვერ დაასახელა 3 კურსელის სახელი. ამის მიუხედავად საკუთარ თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განიხილავს და მიაჩნია, როგორც გენერალური პროკურორი მსახურობს სახელმწიფოს წინაშე, ისე, რომ „მის უკან არ არის არც ერთი ამბავი, რომ ვინმეს შალვა თადუმაძის სახელით დაურეკეს, რაღაცა ჩამოართვეს, რაღაცა წაართვეს, რაღაცა გადაიფორმეს, ღამის ნოტარიუსები მოაწყო“,0 – ასე უპასუხა თადუმაძემ დამოუკიდებელი დეპუტატს, ლევან კობერიძეს, რომელიც დაინტერესდა, რა დამსახურებები აქვს შალვა თადუმაძეს, რის გამოც თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ განიხილავს.
როგორც შალვა თადუმაძემ განაცხადა, ის საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას ყოველთვის უკომპრომისო იყო.
„ერთი იმ დამსახურებისთვის, რომ ძალიან ბევრი ვერ ბედავდა იმას, რასაც მე ვბედავდი იმ პერიოდში, როცა სახელმწიფო მანქანა მუშაობდა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე. იმ პერიოდში სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობდი. მე პროფესიულ ნაწილში საკმაოდ დიდი გამბედაობები მაქვს გამოჩენილი“, – მიმართა შალვა თადუმაძემ.
რაც შეეხება თადუმაძის დიპლომს, რაც იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მთავარი განხილვის თემა იყო, შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ პასუხისმგებლობას საბჭოთა განათლების კანონზე ვერ აიღებს.
„არ მაინტერესებს სად იყო გახსნილი სასწავლებელი. სადაც იყო გახსნილი, იქაც სახელმწიფომ დაუშვა, მათ შორის მიწისქვეშ გადასასვლელშიც უნივერსიტეტის გახსნა. სადაც იყო გახსნილი, იქ მივედი, რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე, რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე. მე ამის შესაძლებლობა მქონდა კანონით და ვერ ავიღებ იმაზე პასუხისმგებლობას, 1997 წლამდე საბჭოთა განათლების კანონი რომ მოქმედებდა ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
თადუმაძის ამ პასუხმა ოპონენტები ვერ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ კი მისი განათლებით დაინტერესდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ სხდომაზე შალვა თადუმაძის ფრაზები წაიკითხა, რომელიც ბროშურადაა გამოცემული.
„ახლა ვციტირებ თქვენს ფრთოსან სიტყვებს: „როგორც ყველა ქართველს, მეც მეზიზღება ის ჯალათი, რომელმაც პირველი საკათედრო ტაძრის აღმშენებელს მარჯვენა მოკვეთა. მსგავსი რამ ახლა არ უნდა განმეორდეს“. „დიდოსტატის მარჯვენა“ ვინ დაწერა?“, – მიმართა რომან გოცირიძემ თადუმაძეს, რაზეც გენერალურმა პროკურორმა უპასუხა – „არ ვიცი“.
ამის შემდეგ გოცირიძე დაინტერესდა, ამ ფრაზაში რა მარჯვენაზეა საუბარი, ვის მოკვეთეს მარჯვენა მაშინ და ვის მოკვეთეს მარჯვენა დღეს?
„ჩემგან გინდათ პასუხები ისეთ რაღაცებზე, რომლის კითხვებიც თქვენ არ იცით? ეგ ციტატა არის ამოღებული ისეთი საკითხიდან, რომელსაც წინ უსწრებდა მსჯელობა. ჯერ ერთი მე და თქვენ რომ ვილაპარაკოთ წარმატებული ადვოკატის საადვოკატო გამოსვლაზე, მგონი ძალიან უხერხული იქნება ჩემი მხრიდან. ეს არის საადვოკატო საქმიანობის დროს, სასამართლო დარბაზში ნათქვამი რეპლიკა, რომლის საბოლოო წინადადება არის ამოღებული. ეს რეპლიკა დაახლოებით ერთ ფურცლიანია და იქ მიდის მსჯელობა. თქვენ თუ გინდათ მე შემიმოწმოთ სასამართლო დარბაზში როგორ გამოვდიოდი, არ გამოგივათ, რადგან კარგად გამოვდიოდი“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
რომან გოცირიძემ კიდევ ერთხელ გაუმეორა შეკითხვა, თუ ვის გულისხმობდა მის ფრაზაში, რაზეც თადუმაძემ განმარტა, რომ გულისხმობდა მოსამართლეს, რომელიც იქცეოდა როგორც ჯალათი.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია ჯერ იმით დაინტერესდა ნამეცადინები მოვიდა თუ არა თადუმაძე. დეპუტატმა მას იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს ნათქვამი მისივე ფრაზა გაახსენა – „თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ აქ ნამეცადინები მოვდივარ?“.
„გავიგეთ, რომ არ გაგიმართლათ და ასეთ საოცარ უნივერსიტეტში სწავლობდით, რომელიც თვითონვე აყალბებდა თავისივე დოკუმენტებს, თქვენ კი არა - ის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ და სამი კურსელის დასახელება სთხოვა შალვა თადუმაძეს, მოგვიანებით კი – 3 ლექტორის. ორივე შემთხვევაში შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ 10 სახელის და გვარის დასახელება შეუძლია, თუმცა, მათგან ამის ნებართვა არ აუღია და ვერ დაასახელებს.
„შალვა თადუმაძის კურსელობა გამამტყუნებელი განაჩენია? კურსელების დასახელება ყოფილა მათი შეურაცხყოფა, ამხელა საზოგადოებრივი ინტერესია და გსურთ, კითხვები მოიხსნას და სამ კურსელს ვერ პოულობთ, რომ საზოგადოებას უთხრათ, მათი გვარები, რომლებიც გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ ერთად სწავლობდით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
საპასუხოდ თადუმაძემ ბოკერიას წარსული შეახსენა, როდესაც ამავე დიპლომით თავისუფლების ინსტიტუტში აყავდათ იურისტად.
„დიპლომთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თქვენგან მიკვირს ბატონო გიგა. 2001 წელს თავისუფლების ინსტიტუტს ავყავდი მაგ დიპლომით ადვოკატად სამხედრო მოსამსახურეების დარღვეულ უფლებაზე და იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი თქვენ იყავით. ცოტა უხერხულია, თქვენ მელაპარაკებით მე კვალიფიკაციაზე და იურისტის დიპლომზე. მიზანი არის ის, რომ თქვენ შექმნათ ახლა ის ლეგენდა“, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
შალვა თადუმაძეს დიპლომს უწუნებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე განმარტავს, რომ წარმოუდგენელია, ვსაუბრობდეთ გენერალურ პროკურორზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე და იქ იყოს დიპლომთან დაკავშირებული პრობლემა. მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ შალვა თადუმაძე ან „ქართული ოცნება“ აღიარებს დიპლომთან დაკავშირებულ პრობლემას, რადგან ამის აღიარება, სალაძეს განცხადებით, ნიშნავს იმას, რომ მათ კანონის დარღვევით გაამწესეს თავის დროზე გენერალურ პროკურორად თადუმაძე.
„დიპლომი არის ის საკითხი, რაზეც ვფიქრობ, რომ დღეს პარლამენტში უნდა დაისვას კითხვა. ასევე, უნდა დაისვას კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი წელი არ იყო გასული, რაც ბატონი თადუმაძე გამწესდა გენერალურ პროკურორად და გამოთქვა სურვილი, გადასულიყო უზენაეს სასამართლოში, როდესაც მთელი პროცესი ვიხილეთ თავის დროზე გენერალურ პროკურორად გამწესების ნაწილში. მთელი მმართველი პარტია უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ შალვა თადუმაძე საუკეთესო გენერალური პროკურორი იქნებოდა და ის სწორედ ის კადრი იყო, რომელიც სჭირდებოდა პროკურატურას.
ახლა მნიშვნელოვანია გვითხრას, ასე სწრაფად რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადაინაცვლოს უზენაეს სასამართლოში ან რატომ მიაღებინეს ეს გადაწყვეტილება. აქ საინტერესოა ისიც, რომ თადუმაძე არ არის ერთადერთი, მისი მოადგილე, ბატონი ვასაძეც გამოთქვამს სურვილს და ორივე ნომინირებულია პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. რაც შეეხება დიპლომის ნაწილს, რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტი კითხვა ჩნდება ამ პროცესში“, – განაცხადა სულხან სალაძემ.
ამასთან, სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში საუბარია შალვა თადუმაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შეუსაბამობაზე კანონის მოთხოვნასთან. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანდიდატის მიერ შერჩევის პროცესში წარმოდგენილი და ასევე სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული დოკუმენტაცია აჩენს სერიოზულ კითხვებს შალვა თადუმაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების თაობაზე.
კერძოდ: 1. დიპლომში მითითებულია, რომ ის ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, მაშინ როდესაც დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წლის 25 აგვისტოს მიიღო. 2. 1993 წელს შალვა თადუმაძე მხოლოდ 15 წლის იყო. 3. დიპლომში საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია „ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ მაშინ, როდესაც აღნიშნული სახელწოდება მას ეწოდა ვაკე–საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, ხოლო დიპლომი გაცემულია 1998 წელს. 4. საარქივო მასალებში დაცულია თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის მხოლოდ 1997–1998 სასწავლო წლის სასწავლო სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავს 4 (ოთხ) კურსს“, - ნათქვამია ანგარიშში.
იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ მთავარ პროკურორს დიპლომი გაყალბებული აქვს. სხვა შემთხვევაში, მუხაშავრია დარწმუნებულია, რომ შალვა თადუმაძე დიპლომის ნამდვილობას აუცილებლად დაადასტურებდა.
„არ გამოვრიცხავ, რომ იმ პერიოდში შალვა თადუმაძე მართლაც სწავლობდა, მაგრამ შესაბამისი დიპლომი არა აქვს და ამიტომ იძულებულია, უხერხულ სიტუაციაში ჩაიყენოს თავი. სირცხვილია, ადამიანი დაინიშნა გენერალურ პროკურორად, ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე აქვს პრეტენზია და დიპლომის ნამდვილობას ვერ ადასტურებს.
დიპლომში ეს შეუსაბამობა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ შენიშნა?! ამისთვის საკმარისზე მეტი დრო არსებობდა. მგონია, რომ თადუმაძის დიპლომი ნამდვილი არ არის და ყალბია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ხელს რა უშლის, რომ ასეთი ელემენტარული საკითხი დააზუსტოს? მისთვის ამ საკითხში თავის გამართლება სავალდებულოა“, – განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
1995 წელს ტემპლის(აშშ) სამართლის სკოლა;
1999 წელს ფრანკფურტის საბანკო აკადემია.