მალე სოფელი სიღატაკესთან ბრძოლის მთავარი ასპარეზი უნდა გახდეს. აზრთა ჭიდილია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მეთოდებით იქნება დაძლეული არაეფექტური მეურნეობის პრობლემა. სპეციალისტთა აზრი ორადაა გაყოფილი: ერთი ნაწილი სოფელს საბჭოთა გადმონაშთად მიიჩნევს და სოფლად დასაქმებულთა მომსახურების სფეროში გადაყვანას ემხრობა. მეორე ნაწილისთვის ის სასურსათო უსაფრთხოების პირობა და ქვეყნის იდენტობის ერთერთი შემადგენელია, რომელიც უგულებელყოფა არ შეიძლება.
ფილოსოფიის დოქტორი, ლერი შატბერაშვილი ევროკავშირის გამოცდილებაზე აპელირებს და სოფლის მეურნეობაში ინოვაციური პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს.
2010 – 2012 წლებში თქვენ გამოაქვეყნეთ რამდენიმე სტატია სასოფლო-სა მეურნეო საინოვაციო პოლიტიკის საკითხებზე ევროპასა და საქართველოში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ სოფლის მეურნეობის სპეციალისტი არა ხართ. რით არის გამოწვეული თქვენი ინტერესი ამ სფეროს მიმართ?
– მე სოფლის მეურნეობის სპეციალისტი არა ვარ. დისერტაცია ლაზერების ფიზიკაში მაქვს დაცული. მაგრამ თითქმის 40 წლის განმავლობაში მჭიდროდ ვარ დაკავშირებული ერთის მხრივ, საინოვაციო სისტემების დაგეგმვასთან და რეალიზაციასთან, ხოლო მეორე მხრივ, სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციასთან. მე გახლავართ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის საოფლო-სამეურნეო კვლევითი ინსტიტუტების ასოციაციის (CACAARI) მმართველი საბჭოს წევრი. ამას გარდა, ვთავმჯდომარეობ ასოციაციას „ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის“. 2009 წელს, როდესაც დავიწყეთ ევროპული საინოვაციო სისტემების შესწავლა, ერთადერთი დარგობრივი სისტემა და შესაბამისი პოლიტიკა, რომელსაც ყურადღება დავუთმეთ, იყო სასოფლო-სამეურნეო სისტემა. ჩვენთვის ცხადი იყო, რომ ეს დარგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგადად კაცობრიობისთვის და, კერძოდ, საქართველოსთვის. ამავე დროს, ჩვენ ვხედავდით, რომ ამ სფეროს საქმიანობა საქართველოში ძლიერ დაშორდა საერთაშორისო პრაქტიკას, რაც ჩვენ ხიფათის შემცველ ფაქტორად მივიჩნიეთ.
დამოუკიდებლობის ოცწლიანი პერიოდის მანძილზე სოფლის მეურნეობა პირველად გახდა აქტუალური. სიღატაკე სოფლად აქამდეც არსებობდა, მაგრამ არცერთი ხელისუფლება ამ საკითხის კომპლექსური განხილვით არ დაინტერესებულა...
– როცა სახელმწიფო მართვის კრიტერიუმი მოსახლეობის კეთილდღეობის ნაცვლად, ერთი ჯგუფის კეთილდღეობაა, დარგის მიმართ მსგავსი გულგრილობა სრულიად ლოგიკურია. იმპორტი გაცილებით ადვილია, ვიდრე დარგის განვითარება. მონოპოლიზირებული იმპორტი მცირე ჯგუფის ინტერესებს ემსახურება; სოფლის მეურნეობის განვითარება ამ ინტერესების შეზღუდვას ნიშნავდა. სპეციალისტთა ნაწილი სოფლის მეურნეობას დღესაც საბჭოთა გადმონაშთად მიიჩნევს.
ეს თეზისი გასდევს ბევრ პუბლიკაციას; თუმცა, წინასაარჩევნო მარათონში, ყველა პოლიტიკური ძალის, პირველ რიგში, სახელისუფლო პარტიის მთავარი გზავნილი ძლიერი სოფელი გახდა: ექს - პრემიერი, ვანო მერაბიშვილი ხან რთველში იღებდა მონაწილეობას, ხან პომიდვრის ექსპორტის საკითხებს წყვეტდა. რამ გამოიწყვია ასეთი ცვლილება?
– ძველი მიდგომა მთავრობის პოლიტიკის იდეოლოგიური გამართლება იყო. მაგრამ მთავრობაზე ევროკავშირმა ზეწოლა მოახდინა. ევროკავშირმა სამეზობლო პოლიტიკის წლიურ ანგარიშებში რამდენჯერმა შეგვახსენა, რომ სოფლის მეურნეობაში სტრატეგია არ გვაქვს შემუშავებული! USAID - მა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა შექმნა. პროგრამა შედარებით დიდ სავარგულებზეა გათვლილი, ასე 5 ჰექტარიდან ზემოთ, რომელიც ისეთ კომპონენტებს მოიცავს, როგორიცაა ფერმერთა გადამზადება, მიწათმოქმედება. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ სოფლის მეურნეობა თავისი პროგრამის სათავეში მოაქცია, არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ ყველა დანარჩენმა პარტიამ ქრისტიან-დემოკრატების ჩათვლით, თემა აიტაცა და წინასაარჩევნო დაპირებების უმთავრეს ნაწილად აქცია. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს, სოფელი მოდაშია! მაგრამ ფაქტია - სოფლის მეურნეობის განვითარება არსებულ ეკონომიკურ მოდელს შეცვლის. მოდელში ვგულისხმობ სისტემას!
განვითრებული ქვეყნების ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობას საკმაოდ მცირე წილი უკავია - მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით, 2-3 %, მაგრამ აკმაყოფილებს სურსათზე მოთხოვნის 70 %-ს. ჩვენთან შეფარდება სულ სხვაა: სოფლის მეურნეობა მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს ქმნის, რაც, საკმაოდ ბევრია, მაგრამ აკმაყოფილებს სასურსათო მოთხოვნილების მხოლოდ 20–30 პროცენტს. დანარჩენ საჭიროებას იმპორტით ვავსებთ. ეს დარგის არაეფექტურობაზე მიუთითებს... წინა მთავრობისთვის სწორედ ეს იყო სოფლის უსარგებლობის მთავარი არგუმენტი.
ჩვენი დასუსტებული სოფლის მეურნეობის მიერ რვაპროცენტიანი წილის უზრუნველყოფა ეკონომიკის სხვა დარგების განუვითარებლობაზე მიუთითებს. საბჭოთა დროს, დღევანდელთან შედარებით გაცილებით განვითარებული მრეწველობის პირობებში, სოფლის მეურნეობა შიდა სასურსათო მოთხოვნილების 70 პროცენტს აკმაყოფილებდა და გარეთაც ბევრი გაქონდა. ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას საკმაოდ დიდი ბაზარი ჰქონდა. საბჭოთა მთავრობას ჩვენში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწყებულ ინდუსტრიალიზაციაზე მეტად აგრარული სექტორის განვითარება აწყობდა. დღეს ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტი ისაა, რომ ჩვენ აბსოლუტურ, ფულად მაჩვენებლებში გვაქვს კლება და ძალიან ცოტას ვაწარმოებთ -დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის პროდუქციას. თითქმის იგივე ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს აწარმოებს სინგაპური, რომელსაც მიწა პრაქტიკულად არა აქვს.
სოფლად საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს. მათი ორი მესამედი სიღატაკის ზღვარს მიღმაა. რამდენად შესაძლებელია სოფლის მეურნეობის განვითარებით სიღატაკის დაძლევა? არცერთ წარმატებულ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა წამყვანი დარგი არ არის.
- სოფლის მეურნეობის განვითარება სიღატაკიდან გამოსვლის ყველაზე სწრაფი და სწორი გზაა. ხაზს ვუსვამ – სიღატაკიდან გამოსვლის და არა გამდიდრების. სოფლის მეურნეობას არცერთი ქვეყანა არ გაუმდიდრებია, მცირე გამონაკლისების გარდა. მაგრამ დარგის განვითარება პირველი ნაბიჯია სიღარიბის მძიმე პრობლემის მოსაგვარებლად.
სიღატაკის დაძლევის კიდევ ერთ გზად განიხილებოდა სოფლის მცხოვრებთა გადაყვანა ახალაშენებულ ქალაქებში, მაგალითად, მომავლის ქალაქ ლაზიკაში. თუ არ ვცდები , მსგავსი პრაქტიკა ჩინეთში გამოიყენება... რამდენად შედეგიანია ეს პოლიტიკა?
– ჩინეთში, ქალაქების მშენებლობის პარალელურად, გაცილებით მნიშვნელოვანი ინდუსტრიის სოფლად განვითარება იყო. მთავრობის უმთვრესი ძალისხმევა სწორედ აქეთ გახლდათ მიმართული. ჩინეთმა პირველი შედეგები ეკონომიკაში 80-იანი წლების ბოლოს აჩვენა მსოფლიოს. იმ პერიოდში ბევრს ვმოგზაურობდი იქ. სოფლებში უამრავი პატარა საწარმო მაქვს ნანახი. ეს იყო კირის, აგურის, კრამიტის მცირე წარმოებები. იქვე გავეცანი სოფლის ინტერესებში საინფორმაციო ცენტრების მუშაობასაც: ისინი დასავლური ნაწარმის ნიმუშებს ყიდულობდნენ და ადგილობრივებს უჩვენებდნენ. ეკითხებოდნენ, რის გაკეთებას შეძლებდნენ: მოქსოვდნენ თუ არა ბადეს, შეკერავდნენ თუ არა დასავლურის მსგავს ბურთებს. რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარების პარალელურად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ხალხის რაოდენობა, ნელნელა ჩვენთანაც უნდა შემცირდეს. ხალხმა წარმოებასა და მომსახურების სფეროში უნდა გადაინაცვლოს. მაგრამ ეს დროში გაწელილი პროცესია და ნელნელა, უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს.
ასოციაციის 2011 წლის კრებულში გამოქვეყნებული გაქვთ სტატია: ”ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა და საინოვაციო პროცესები სოფლის მეურნეობაში“, სადაც აღნიშნავთ, რომ ევროპული პოლიტიკა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში სოციალიზმში დაბრუნებად ჩათვალეს. არსებობს რამე მსგავსება ევროპულ ფერმერობასა და საბჭოთა კოლმეურნეობებს შორის?
– არანაირი მსგავსება არ არსებობს, გარდა იმისა, რომ სოფლის მეურნეობა მკაფიო პოლიტიკის შესაბამისად რეგულირდებოდა. ევროპაში ხდება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, დახმარება და არა მითითება. სოციალისტური წარმოება აქრობდა სტიმულებს, ევროპული მიდგომა კი სახელმწიფოსთვის საჭირო სფეროებში დამატებით სტიმულებს ქმნის. ეს კი დიდი სხვაობაა. ფაქტია - ყველა ქვეყანა, როგორც განვითარებული, ასევე, განვითარებადი, მეტ-ნაკლებად გეგმიურად ვითარდება.
ეს არ ნიშნავს სოციალიზმში დაბრუნებას. თუ გვჭირდება კარტოფილის წარმოების ზრდა, უფრო მეტად ვეხმარებით სწორედ კარტოფილის წარმოებას. თუ საჭიროა ნიადაგის გამოფიტვის საწინააღმდეგო ღონისძიებები, ვაფინანსებთ სწორედ ამ სფეროს. სოციალიზმი მითითებებს იძლეოდა იმის თაობაზე, ვის რა უნდა ეწარმოებინა; განსაზღვრავდა რაოდენობას, რომლის მიღწევა სავალდებულო იყო.
დასავლეთში არის მთელი რიგი საკითხები, რომელზეც ყველა პოლიტიკური ძალა შეთანხმებულია. ამერიკაში არავინ დავობს იმაზე სჭირდებათ თუ არა განათლება, ან იგივე სოფლის მეურნეობა - არც დემოკრატები, არც - რესპუბლიკელები. სათანადოდ, სახელმწიფოს დადებითი ზემოქმედება ამ სფეროებზე სოციალიზმად არ აღიქმება. დღეს, ევროპაში ბევრია პატარა და მცირემიწიანი, ასევე მთიანი ქვეყნები, სადაც მოქმედებს სოფლის განვითარების პროგრამები. სოფელი ეროვნულ იდენტობას ქმნის. ის აუცილებელია სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, ტურიზმისა და კვების მრეწველობის განვითარებისთვის. მოსახლეობა ყველაგან უნდა ცხოვრობდეს, როგორც ურბანულ, ასევე არაურბანულ მიწებზე. ათვისებული მიწების გაჩერება გავერანებას, გატიალებას ნიშნავს. სოფლად დამატებით შემოსავალს გადამამუშავებელი მრეწველობა იძლევა. საშუალო ფერმას 30 ათასი ევრო მოაქვს წელიწადში, რაც ევროპის ქვეყნებში ცხოვრების შესაბამისი დონის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის. სოფლის მცხოვრებს დამატებითი საქმიანობაც ჭირდება. პატარა ფერმა, შესაძლოა, კოოპერატივში იყოს გაწევრიანებული, რომელიც, თავის მხრივ, გადამამუშავებელ ქარხანაზეა მიბმული. სოფლის მეურნეობა კვების მრეწველობასთან ერთად უკვე დოვლათის 10-15 პროცენტს ქმნის. სასურსათო უსაფრთხოება საკუთარი წარმოების ხარჯზე მოთხოვნილების 70-80 პროცენტის დაკმაყოფილებას გულისხმობს.
ზემოთ აღნიშნეთ, რომ ჩვენი ეკონომიკა გარკვეული ჯგუფის სასარგებლოდ მუშაობდა. ასეთ ვითარებაში აზრს კარგავს ამა თუ იმ დარგის განვითარებაზე საუბარი.
– თავისუფალი ბაზარი, სამწუხაროდ, თაღლითების ლოზუნგი გახდა. რეალურად ჩვენთან ყველაფერი ადმინისტრაციულად რეგულირდებოდა, ოღონდ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, გარკვეული ჯგუფების სასარგებლოდ და, ხშირად, კანონებს მიღმა.
თეორია, რომლის თანახმად ბაზარი დაარეგულირებს ყველაფერს, ისეთივე უტოპიაა, როგორც კომუნიზმი. ლიბერტარიანული იდეოლოგია სოფლის მეურნეობაში ვერ განხორციელდება. საკუთარ სოფლის მეურნეობას ეხმარება ისეთი თავისუფალი ეკონომიკის ქვეყანა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ დახმარება არ ნიშნავს იმას, რომ შენ ამდენი უნდა აწარმოო და მე ამდენ ფულს მოგცემ. განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში სოფლის მეურნეობის დახმარება გარემოსდაცვითი და საინოვაციო ღონისძიებების დაფინანსებას გულისხმობს და არა უშუალოდ წარმოების სუბსიდირებას.
მაგალითად, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესების თანახმად დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან პროდუქტის შეძენა გადამეტებულ ფასებში. სამაგიეროდ, ნიადაგის ანალიზს ამერიკელი ფერმერი უფასოდ ან შეღავათიან ფასში აკეთებს. ხარჯებს შტატის, ან ცენტრალური მთვრობა ფარავს. ასევეა ევროპაში. სუბსიდიას აძლევენ გარემოსდაცვითი სტანდარტების დასაცავად ნაკვეთის სიდიდის მიხედვით. დახმარების ფორმაა პროდუქტის ხარისხის შემოწმება. ბაზარი მოითხოვს რთულ, ძვირადღირებულ ანალიზებს. თანამედროვე ლაბორატორიების შექმნა, სიძვირის გამო, არც ფერემრებს შეუძლიათ და არც კოოპერატივებს. მათ სახელმწიფო ქმნის. სახელმწიფო აფინანსებს დარგის განვითარებისთვის აუცილებელ კვლევებს და ლაბორატორიებში დასაქმებულ მეცნიერებს.
ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში მეცნიერთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა. ეს სფერო აღარ არის მიმზიდველი....საიდან უნდა გამოჩნდნენ კვალიფიციური სპეციალისტები?
– რაღაც რაოდენობის სპეციალისტები სოფლის მეურნეობაში, ისევე, როგორც მეცნიერების სხვა დარგებში, ჯერ კიდევ დარჩენილია. გარკვეული რაოდენობა მზადდება. რაღაც რაოდენობა მუშაობს უცხოეთში. თუ ეს დარგი პრესტიჟული გახდა, ახალგაზრდებს მიიზიდავს. მგავსი პრობლემა ბევრ ქვეყნას გადაულახავს, თუმცა არსად მომხდარა ისეთი რამ რაც ჩვენთან - განადგურდა ლაბორტორიების, საცდელი სადგურების, ჯიშთა გამოცდის სისტემა. მოხდა აგრარული უნივერსიტეტის პრივატიზაცია, მას კვლევითი ინსტიტუტები გადაეცა. . . უცხოელ სპეციალისტებს ეს მოვლენები ანცვიფრებს.
არსებული ცოდნა საკმარისი აღარ არის, თუმცა, ხშირ შემთხვევაში ამ ცოდნასაც არ ვიყენებთ: ამის ნათელი მაგალითია ჰიბრიდული სიმინდის შემოტანა - შემოვიტანეთ ჰიბრიდი, რომელიც ხრუშჩოვის დირექტივების ანალოგიურად, ყველანაირ ნიადაგზე და ყველა ზონაში დავთესეთ. ზოგან ამოვიდა, ზოგან – არა. არადა სიმინდი თვდაპირველად საცდელ სადგურებში უნდა დაეთესათ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს საქმე სპეციალისტებს არ მიანდეს.
სოფლის მეურნეობა ბევრი ფილოსოფოსისა და სახელმწიფო მოღვაწის ინტერესის საგანი იყო. მაგალითად, გასული საუკუნის დასაწყისში, მიწის გამოფიტვის პრობლემა სილეზიელ გლეხებს რუდოლფ შტაინერმა გადაუწყვიტა. მის მიერ შემუშავებული ბიოდინამიკური მეთოდი დღეს ფართოდ გამოიყენება. ჩვენთან სოფლის მეურნეობაზე წერდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, უამრავი ინფორმაცია აქვს მოგროვილი ივანე ჯავახიშვილს ...
– დღეს, ამ საკითხებზე სპეციალიზებული ორგანიზაციები - კვლევითი და საკონსულტაციო ცენტრები მუშაობენ, რომელიც ჩვენშიც უნდა ჩამოყალიბდეს. ამ კუთხით, ბევრი რამ კეთდება განვითარებად ქვენებში, სადაც მეცნიერთა რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება. დაგროვილია უამრავი ჩვენთვის სასარგებლო მასალა. ჩვენთან, სამწუხაროდ, მეცნიერება თითქმის გაქრა. ადრე საქართველოში, მთლიანად მეცნიერებაზე შიდა პროდუქტის 3% იხარჯებოდა, ახლა, დაახლოებით 0,15%. საერთაშორისო გამოცდილებაა მშპ-ს არანაკლებ 1%. ევროპა ისწრაფვის სამი პროცენტისკენ. ფინეთსა და შვედეთში, აგრეთვე სინგაპურში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში სამეცნიერო კვლევებზე ოთხი პროცენტი იხარჯება. სახელმწიფო რთული მანქანაა. დღესდღეობით, მართვიდან დაწყებული წარმოებით დამთავრებული, წარმატებული სახელმწიფო სწორედ კვლევას ეყრდნობა.
საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა. რამდენად გვაქვს ჩვენ მეცნიერების შენახვის რესურსი?
– ”მეცნიერების შენახვა” საქართველოში დამკვიდრებული ტერმინია, რომელიც, სამწუხაროდ, პოლიტიკოსებისგანაც მსმენია და თვითონ მკვლევარებისგანაც. მეცნიერებას კი არ ”ინახავენ”, არამედ მასში ინვესტირებას ახდენენ, ავითარებენ იმისთვის, რომ ყველა სხვა სფეროში მოხდეს განვითარება. პასუხი თქვენ კითხვაზე კი ასეთია. განვითარებისა და წინსვლის პოტენციალი ყოველთვის არსებობს. ამის მაგალითს ბევრი ქვეყანა იძლევა, რომელსაც არცთუ დიდი ხნის წინ სავალალო სასტარტო მდგომარეობა ჰქონდა. თავის დროზე სინგაპური ჭაობიანი ადგილი იყო და მეტი არაფერი. სამხრეთ კორეა კი - ჩრდილოეთზე უფრო ჩამორჩენილი, რომელსაც უწიგნურობის პრობლემაც ქონდა დასაძლევი. დღეს ეს ქვეყნები მეცნიერებაზე ხარჯების მხრივ მოწინავეთა რიგებში არიან! დამეთანხმებით, რომ ჩვენ მათზე უკეთესი სასტარტო პირობები გვაქვს. წერა-კითხვის უცოდინარობის პრობლემა არ გაგვაჩნია. გვაკლია მხოლოდ პროფესიული ცოდნა და ამ ხარვეზის ამოვსებასაც მოვახერხებთ საჭირო ნების შემთხვევაში. ევროპაშიც კარგი მოდელებია. ავიღოთ ირლანდია, სლოვაკეთი. ირალნდიამ, რომელიც ძალიან ძლიერია სოფლის მურნეობასა და კვების მრეწველობაში, ეს გზა არცთუ დიდი ხნის წინ გაიარა. გვეუბნებიან, ჩამოდით და ისწავლეთო. მათ კარგად აღჭურვილი კვლევითი ინსტიტუტები აქვთ.
როგორია დღეს მსოფლიო ტრენდი სოფლის მეურნეობაში?
– მინდა გითხრათ, განვითარებად ქვეყნებში ტრენდი არის წარმოების ზრდა და არა კლება; კოოპერაცია და არა მეურნეობების ხელოვნური გამსხვილება. სასოფლო სამეურნეო მეცნიერება ცდილობს შექმნას ისეთი ტექნოლოგიები, რომელიც მცირემიწიან ფერმერებს მოემსახურება. ასეთი ფერმერული მეურნეობების უგულებელყოფა შეუძლებელია ევროპაში, აზიასა თუ აფრიკაში.
დავუშვათ, განვითარდა სოფლის მეურნეობა - რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ჩვენი პროდუქცია ?
– ჩვენი ხილი და ბოსტნეული არაფრით ჩამოუვარდება სხვა ქვეყნეში წარმოებულს. ანდა, ვინ თქვა, რომ იმპორტზე ბაჟი არ უნდა იყოს? ასეთი რამე არ გამიგია. ამას ყველა აკეთებს. აბა, შეიტანე პროდუქცია ევროპაში! საკმაოდ მაღალი ბარიერები აქვთ! ჩვენ დღეს ღვინოსაც კი ვერ ვაწარმოებთ საჭირო რაოდენობით. ნელნელა შევამცირებთ იმპორტს და გავზრდით ადგილობრივ პროდუქციას. კაკაოს და ყავას შემოვიტანთ, მაგრამ კარტოფილი და ხორცი რატომ უნდა შემოგვქონდეს? სამრეწველო პროდუქტისთვის შეიძლება ადგილობრივი ბაზარი საკმარისი არ იყოს, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით სასოფლო პროდუქტებზე. სურსათზე ჩვენ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება გვაქვს. რაღაც სახეობების ექსპორტი მოხდება, მაგრამ ეს უფრო რთულია, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა... მთავარია სახელმწიფომ ფერმერსა თუ გლეხს პირობები არ დაურღვიოს. იყო შემთხვევა: დათესეს ხორბალი, მერე ვიღაცამ შემოიტანა და ადგილობრივი ვერ გასაღდა. ბაზარზე ასეთი ხელოვნური ჩარევები დაუშვებელია. ვიმეორებ, ბაზარი, თუ იგი ხელოვნურად არ დაამახინჯეს, გარანტირებულია. მთავარია შეიქმნას ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების დაცვით, სახელმწიფო გლეხს არსებითად დაეხმარება - მას შეუძლია გაუიაფოს ფერმერს კრედიტი, უზრუნველყოს კოოპერაცია, სწავლება და პროდუქტის ხარისხის შემოწმება.