14 წლის მოზარდი მე–7 სართულიდან გადმოვარდა, 16 წლის მოზარდი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა, 17 წლის მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო, - ასეთია ბოლო ერთი კვირის სტატისტიკა, რაც ჩვენი საზოგადოების დიდი ტრაგედია გახდა. ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ბავშვს ძალიან ფაქიზი სული აქვს და როგორც კი რაიმე ხდება, ყველაფერზე მძაფრ, რადიკალურ ემოციურ რეაქციას იძლევა. ამიტომ, უფრო ხშირია ბავშვობის ასაკში თვითმკვლელობის ფაქტები, რისი მიზეზი ბევრია.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბარა.
მოზარდების მკველობა, თვითმკვლელობა და მკველობამდე მიყვანა – ბოლო ერთი კვირის სტატისტიკა რომ ვნახოთ, ვითარება მძიმეა. ვიღაც მოკლეს იმიტომ, რომ თანატოლს ტელეფონი არ მისცა, ვიღაც ბულინგის მსხვერპლი გახდა და ა.შ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გარდაცვილი და მოძალადე ბავშვების დედა, ან მამა საზღვარგარეთ სამუშაოდ იმყოფებიან. როგორ ნაწილდება ოჯახის, სახელმწიფოს და სკოლის პასუხისმგებლობა, როცა მოზარდებში ძალადობა გახშირდა?
რამაზ საყვარელიძე: რა თქმა უნდა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. მით უმეტეს, რომ ბავშვს ძალიან ფაქიზი სულიერი ქსოვილი აქვს თავში. როგორც კი რაიმე ხდება, ყველაფერზე ემოციურ რეაქციას იძლევა, თან მძაფრ რადიკალურ ემოციას. ამიტომ არის უფრო ხშირი ბავშვობის ასაკში თვითმკვლელობის ფაქტი. მიზეზები ბევრია, თქვენც შეეხეთ თამაშების თემას.
პოსტსაბჭოთა სივრცეში ვხედავთ სურათს, როდესაც ბავშვი მხოლოდ კომპიუტერთან ურთიერთობს და ამ ურთიერთობაში რაღაცა პირობები არის ჩადებული, რომ ბავშვი გადაწყვეტს გამოესალმოს სიცოცხლეს. ეს ის ასაკია, როდესაც ძალიან ბევრი რამ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიცოცხლე. ახალგაზრდობაში სიცოხლის ფასი იმდენად არ იციან, რამდენადაც მოგვიანებით. არც იმათმა იციან, რომლებიც გარკვეული ემოციების გავლენით დგამენ ამ ნაბიჯს.
ალბათ, ემოციის გაღვივება ბავშვებში პრობლემას არ წარმოადგენს...
– გეთანხმებით, რთული არ არის, პრობლემა იწყება მერე, უკვე ბავშვისთვის და მისი ოჯახისთვის. ექიმებიც ვერ ახერხებენ ბავშვის ამ ემოციასთან განმკლავებას, არადა მათგან იწყება ეს თემა, რასაც თვითმკვლელობის თემა ჰქვია. ითვლება, რომ თვითმკვლელობა სულიერად ჯანმრთელ ადამიანს არ უნდა მოუნდეს. თუ მოუნდა და გადაწყვიტა ე.ი. მისი სულიერ ცხოვრებაში ხდება იმ ტიპის აშლილობა, რომელიც სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. ამიტომ, უმეტეს წილად, ექიმებს ეხება ეს თემა.
ძალიან მცირე საბაბიც კი საკმარია, რომ ბავშვმა გადადგას ასეთი რადიკალური ნაბიჯი. ეს უკვე რაზე მიუთითებს?
– იყო ასეთი ფაქტი და არა საქართველოში – მოწაფემ მიიღო ოთხიანი და ამის გამო სკოლის ფანჯრიდან გადახტა და თავი მოიკლა. ეს ფაქტი უმრავლესობისთვის ღიმილის მომგვრელია, რომ ნიშნის გამო თავი მოიკლა, მაგრამ ეს ტრაგედია მშობლების არასწორი მოქმედების გამო მოხდა. კონკრეტული პიროვნება იჩენს ზედმეტ ემოციურობას, რომლის გამოც შეიძლება მას პატარა რაიმეც კი, ძალიან დიდ ტრაგედიად მოეჩვენოს და გადაგას ასეთი ნაბიჯი. ზედმეტი ემოციურობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანი მშობელთან რამდენი ხანია ნამყოფი და როგორ. მშობელი მარტო ჩვილობის პერიოდში არ არის მთავარი - როცა ჩვილი ტირის, ხელში აიყვანს და მშვიდდება. უკვე მკაფიოდ ჩანს, რომ მშობელი ბავშვის დამშვიდების, მისი სიწყნარის, ემოციური მდგრადობის სიმბოლოა და მისი გვერდით ყოფნა ამ სიმშვიდის განსახირებაა.
როცა დედა საზღვარგარეთ არის წასული, მამა სამსახურშია, ბავშვი მიტოვებულია და ეს არის ყველაზე ემოციური პერიოდი, როცა ბავშვს სუიციდური აზრები აწუხებს, ამ პერიოდში ის მარტო რჩება თავის პრობლემებთან და უწევს მარტო გადაწყვეტა. ასეთი მომენტებისთვის მშობელი გვერდით ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. საერთოდ, მშობლის გვერდით ყოფნა და იმის გრძნობა, რომ მას მშობელი ეფერება, მნიშვნელოვანი ემოციური სიმყარის წყაროა.
ფარლო იყო ასეთი მკვლევარი, რომელმაც მაიმუნებზე ჩაატარა კვლევა. 4 ახლად დაბადებული მაიმუნი აიყვანა და განსხვავებულ პირობებში ჩააყენა. ერთს მშობელი წაართვა, მეორე დედასთან იზრდებოდა, დანარჩენი ორი ხელოვნურ პირობებში, ანუ მაკეტი დაუდო. ერთ მაკეტში დამონტაჟებული იყო რძე, მეორეს გარშემო შემოხვეული ჰქონდა ბალბიანი ნაჭერი. ამ ექსპერიმენტით ვისაც ობლობა ერგო, ის იყო ნევროტული, აგრესიული, ურთიერთობებში ვერ შედიოდა, რაც აგრესიის ერთ–ერთი ფორმა იყო. აღმოჩნდა, რომ ნორმალური იყო ის მაიმუნი, რომლის დედა იყო თბილი. ანუ, დედა, რომელთან ჩახუტება მაიმუნს შეეძლო. მაიმუნი, რომელსაც მხოლოდ მკვებავი დედა ჰყავდა, ხასიათი ისე ჩამოუყალიბდა, როგორც ობოლ მაიმუნს. აქედან გაკეთდა დასკვნა, რომ ცოცხალ არსებას დედა სითბოსთვის სჭიდება.
ეს კვლევა ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია შვილისთვის დედა. სუიციდისკენ მიდრეკილი ბავშვების მთავარი პრობლემა არის სითბოს არარსებობა, რატომაც ექმნებათ ფსიქოლოგიური პრობლემა?
– ჩვენ, მოზრდილი ადამიანები მთელი დღე გადაღილი რომ ვართ, მთელი რიგი უარყოფითი შთაბეჭდილება გვიგროვდება და საღამოს მერე ვატყობთ, რომ ადვილად გვეშლება ნერვები. ქმარი ცოლს ეკამათება, ცოლი ქმარს და ა.შ. იგივე ხდება წლების განმავლობაში ბავშვებში, როდესაც ვერ გრძნობს მშობელს თავის გვერდით და განცდა აქვს, რომ დაუცველია, ეს ბავშვის ემოცური დაძაბულობის მიზეზია. შემდგომ, უკვე, ცხოვრებაში რამე თუ მოხდა, მეტ–ნაკლებად გამაღიზიანებელი, ეს ბავშვი კიდევ უფრო დაიძაბება - დაღლის, იმედგაცრუების და უსუსურობის ფონზე იძლევა რეაქციას, რომელიც, ხშირად, შეიძლება იყოს გადაჭარბებული. გარდამავალი ასაკის პერიოდში სად არის მშობელი და როგორ იქცევა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვი გრძნობს თუ არა მშობლის მხარდაჭერას.
ყველა შემთხვევაში, როდესაც მშობლის და შვილის განშორების თემა დგება, მიზეზი არის ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა. თავის მხრივ, ოჯახის მზრუნველობას მოკლებული ბავშვი ხდება მოძალადე, ან ძალადობის მსხვერპლი, ზოგი თვითმკვლელობით ამთავრებს სოცოხლეს. როდესაც დედა იძულებულია შვილი დატოვოს და სხვა ქვეყანაში წავიდეს სამუშაოდ, აქ რამდენად დიდია სახელმწიფოს დანაშაული?
– სკაიპი გახდა ოჯახის წევრების ურთიერთობის ერთ–ერთი ფორმა. მაგრამ თქვენ როგორც დასვით საკითხი, სახელმწიფოს როლი – ბევრნაირად შეიძლება ეს საკითხი გაიშიფროს. ეკონომიკა რომ უკეთესი ყოფილიყო, მიგრანტების ამ ნაკადს არ მივიღებდით. მაგრამ ისიც ვნახოთ მსოფლიოს რომელი ქვეყნიდან არიან მიგრანტები. აფრიკის და მუსულმანური ქვეყნებიდან დიდი ნაკადით მიდიან ემიგრაციაში. ჩვენ, შეიძლება, ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესი გვაქვს, მაგრამ ჩვენ ჩვენს გზას ვირჩევთ, ეს არ არის მარტო იმის შედეგი, ეკონომიკა როგორია. შეიძლება უკეთესი მდგომარეობა იყოს, მაგრამ მაინც იყოს მიგრაცია. გამოდის, რომ სანამ ევროპის დონეზე არ იქნება საქართველო, მანამდე მიგრაციის პრობლემა უნდა გვქონდეს? თვითონ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იმის სულისკვეთება, რომ იქ, სადაც არიან, იშოვონ სამსახური, ააწყონ თავისი ცხოვრება, ვინც ამაში ხელს უშლის, მაგალითად სახელმწიფო, თავზე დაამხოს ყველაფერი და თვითონ აიწყოს ცხოვრება და იზრუნოს ამ ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. ასე შეიქმნა ამერიკა. ადამიანთა მენტალიტეტი უნდა დადგეს ისე, რომ ჩვენს ქვეყანას ჩვენ თვითონ მოვუაროთ, წასვლა არ არის საჭირო.
ის ხალხი, რომელიც წასულია, ძირითადად წასულია რეგიონებიდან. ამ დროს, იმ რეგიონებში რომ ჩახვიდე, ნახავთ ასეთ სურათს – კაცები კარტს, ან ნარდს თამაშობენ და ელოდებიან ცოლი ფულს როდის გამოუგზავნის. რომ უთხრა: აგერ ფული და წადი დაბარე, ან რამე სამსახური შესთავაზო, არ უნდა. ურჩევნია ცოლმა გამოუგზავნოს და რიგ შემთხვევაში ცოლი აგზავნის ფულს ამ კაცისთვის და მისი საყვარლისთვისაც. ოღონდ ვისი ბრალია? კონკრეტული ადამიანების? – არა. ესეც სახელმწიფოს ბრალია, რომ მან მოქალაქეებში ეს სულისკვეთება ვერ დანერგა. ჩვენთან ხომ სახელმწიფოს მარტო ეკონომიკის გამო ვიხსენებთ, მაგრამ სულიერებაც სახელმწიფოს საქმეა.
იქნებ გამოსავალი არის სკოლებში ფსიქოლოგების შეყავანა, რომ თაობა რომელიც იზრდება მიდრეკილი არ იყოს ძალადობისკენ?
– რა თქმა უნდა, განათლების კუთხითაც არის ეს პრობლემა დასანახი. ცოტა ხნის წინ მედიცინის კუთხე ვახსენე, ფსიქოლოგიური კუთხეც სახსენებელია. მე ვირჩევდი, რომ სახელმწიფოს ჯერ ნარკომანიიდან თვითმკვლელობის თემამდე პრობლემატიკა დაელაგებინა. აშკარად არის ეს პრობლემა, მერე ეს პრობლემა გადაეცა სოციოლოგებისთვის, ფსიქოლოგებისთვის და ეკონომისტებისთვის. ანუ, იმ პროფესიონალებისთვის, ვინც საზოგადოებას სწავლობენ. იმათ შეესწავლათ როგორია ამ პრობლემის მექანიზმი. მას მერე, რაც მეცნიერები დადებენ დიაგნოზს, გადასულიყო მკურნალობაზე. ჩვენ ახლა იმ ექიმს ვგავართ, რომელიც დიაგნოზის გარეშე აძლევს წამალს ავადმყოფს.
გვაქვს იმის საშუალება და რესურსი, რომ ჯერ შევისწავლოთ პრობლემა, გავარკვოთ ამ პრობლემის არსი და მერე გადავიდეთ მკურნალობაზე, სადაც განათლების სამინისტროს თავისი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მასმედიის როლი, სკოლის პრობლემები, რომელიც თქვენ წამოწიეთ, აქ იმდენად არ არის, რამდენადაც მშობლების პობლემაა. ჩვენ გვავიწყდება, რომ 6 წლამდე და მერე დიდ ხანს, ბავშვი იზრდება ოჯახში. სიტყვა აღზრდას, რომ ვახსნებთ სკოლა გვახსენდება და იმ სკოლაში 6 საათია ბავშვი, მაგრამ დანარჩენი დრო ხომ ოჯახშია. ის ოჯახი რას აძლევს ბავშვს?!
როგორც წესი, ბავშვს სჯერა თავისი ოჯახის წევრების და მიაჩნია, რომ ყველაზე ჭკვიანები არიან. ამ ყველაზე ჭკვიანებს რისკენ მიჰყავთ ბავშვი, ვიცით? აი, აქ საჭიროა მასმედია. მშობლების განათლებას და მენტალიტეტს ცვლის მასმედია. რასაც ჩვენი მასმედია, რა თქმა უნდა, არ აკეთებს. ასე რომ, რამდენიმე ფაქტორიანი მოვლენაა, მარტო სკოლა არ არის, არის მშობლები, რომელთა შეცდომები იძლევა იმას, რომ ბევრი თვალსაზრისით, გაუნათლებელი თაობა გვყავს.
ახალგაზრდათა გაუნათლებლობა მარტო ჩვენი პრობლემაა?
– არა. ასეთი პრობლემა აწუხებდა ამერიკას, ევროპას და ამიტომ მოიგონეს სხვადასხვა შოუები, ინტელექტუალური კონკურსები, რომ აი, შეჯიბრებებით ინტელექტუალური წონა გაუზარდონ ბავშვეს, რომ საზოგადოებაში ინტელექტუალური და განათლებული ადამიანი კარგად აღიქმებოდეს. ასეთ ინტელექტუალურ შოუებში რამდენიმე მილიონს იგებს გამარჯვებული. თანხით ცდილობენ გამოხატონ დამოკიდებულება. ასეთი კომპონენტები მუშაობს. ანუ, მთლიანი ფრონტით არის საქმე გასაკეთებელი და ამ მთლიან ფრონტს სახელმწიფოს გარდა სხვა ვერავინ ვერ მოუვლის. ოღონდ ჩვენთან, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ სახელმწიფომ არ იცის ასეთი მიდგომის აუცილებლობის შესახებ.
ნარკომანია ახსენეთ. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაუშვა მარიხუანას ლეგალიზაცია, ამას მოჰყვა უკუშედეგი, საჯარო სივრცეში, ბავშვების თვალწინ ამზადებენ მარიხუანას და ეწევიან. ეს მძიმე ფაქტი დაუშვა სახელმწიფომ და არ გათვალა მისი უკუჩვენება. 16 წლამდე ბავშვზე სიგარეტს არ ვყიდით, მაგრამ ეს 16 წლის ბავშვი მარიხუანას თავისუფლად ეწევა. აქ არ არის სახელმწიფოს ბრალეულობა?
– არ ვიცი, არის თუ არა და იცით რატომ? – დაუდევრობა დანაშაულად არ ითვლება და სახელმწიფოს მხრიდან ეს არის აბსოლუტური დაუდევრობა. მიზეზი სახელმწიფო არის და გეთანხმებით, მაგრამ დაუდევრობის გამო იქცევა ეს სახელმწიფო ასე. ის გაუნათლებლობა, რომელიც თქვენ პრობლემად ახსენეთ, მარტო მოქალაქეების გაუნათლებლობა ხომ არ არის, თვითონ სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან გაუნათლებები. ეს დაახლოებით ისეთი რამეა, თქვენ ბინა თავზე რომ გენგრეოდეთ, მოიყვანოთ ხელოსანი და უთხრათ, რომ როგორც საჭიროდ ჩათვლი, ისე გააკეთე. ის კი, გააკეთებს ისე, როგორც მისთვის უფრო იოლი იქნება.
ვისი ბრალია? – ჩვენი ბრალია, ანუ ხელისუფლების ბრალია, რომელმაც ისიც არ იცის, რა უნდა მოსთხოვოს იმ ადამიანებს, რომლებმაც რაღაცა უნდა გადაწყვიტონ. სახელმწიფოს ეს უცოდინრობა გვიბრუნდება მძიმე შედეგებით ჩვენ, ადამიანებს. ასე არ არის, რომ ხელისუფლებამ რაღაცა იცის და სხვამ არა. პრობლემა სწორედ ისაა, რომ ძალიან ბევრი რამე ხელისუფლების უცოდინრობის პროდუქტია. ამას როგორ უნდა ეშველოს, ეს უკვე არ ვიცი. გადაბმული ჯაჭვია: მშობელი უცოდინარია და ამიტომ შვილს კარგად ვერ უვლის; მშობელი, რომ მცოდნე იყოს და ეს პრობლემები კარგად გადაწყდეს, ხელისუფლება უნდა ერკვეოდეს ამ პრობლემებში. როგორც ჩანს, ამ პრობლემის მოგვარების უნარი ხელისუფლებასაც არ აქვს. დიახ, ამ უცოდინრობაში ხელისუფლება არის დამნაშავე.