„ბესელიას რატომ შესჩივლა იმან, ვისაც აშანტაჟებენ, გაუგებარია“

„ბესელიას რატომ შესჩივლა იმან, ვისაც აშანტაჟებენ, გაუგებარია“

ეკა ბესელია გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. თუმცა დეპუტატი დროის უქონლობის გამო, მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება. გამოძიებას აინტერესებს, რა კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აცხადებს ეკა ბესელია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით ადამიანებზე ზეწოლა და შანტაჟი ახლაც ხდება და ამის რამდენიმე ფაქტი იცის.

შს მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის განმარტებით, პირი, რომელმაც კადრები პირველად ხელმისაწვდომი გახადა და მასიურად გაავრცელა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებში, მიცემულია პასუხისგებაში. კახა საბანაძეს სიცრუეში ადანაშაულებს დეპუტატი და მოუწოდებს დაასახელოს ის ადამიანი, რომელიც დაკავებულია.

„ეს არის ცრუ განცხადება, რომელიც მეორედ გაკეთდა, არავითარი პირველწყარო იდენტიფიცირებული არ არის და თუ ასეა, დაასახელოს მაშინ ბატონმა საბანაძემ. თუ ის გულისხმობს სომხეთის ციხეში მყოფ პატიმარს, რომელზეც იყო მინიშნება, თითქოს ის არის პირველწყარო, ეს არის ტყუილი, რადგან იმ ადამიანმა ეს უკანონო ჩანაწერი ატვირთა 3 დღის შემდეგ, მას შემდეგ, რაც უკვე გავრცელებული იყო. ეს ადამიანი არ არის პირველწყარო, ვისზეც საუბრობს მინისტრის მოადგილე. მივმართავ მას, გაასწოროს მისი მცდარი, შეცდომაში შემყვანი განცხადება ან დაასახელოს, თუ ამ რამდენიმე დღეში მოხდა რაიმე, მაგრამ გარწმუნებთ, არაფერი მომხდარა, თორემ მეცოდინებოდა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას განცხადების სისწორეში დარწმუნებულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე, რომელიც ვარაუდობს, რომ ბესელია ფარულ ჩანაწერებზე განცხადებას ზერელედ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ გააკეთებდა. გოცირიძე აცხადებს, რომ ბესელიას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს.

„ეკა ბესელია, რომელიც მრავალი წელი ადვოკატი იყო, რომელიც 6 წლის განმავლობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო და ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობდა, რა თქმა უნდა, ექნება ინფორმაციის ის წყარო, რომელიც მისი ამ განცხადების სისწორეში ეჭვს არ შეგვატანინებს. არ მგონია, რომ მან განცხადება ზერელედ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გააკეთა. ბუნებრივია, ის წყაროს არ დაასახელებს.

ხელისუფლება კი ვალდებულია, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება. პოლიტიკურად საჭირო ადამიანების დაქვემდებარებისთვის ამ ხელისუფლების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი შანტაჟი გახდა. შანტაჟი არ არის მხოლოდ პირადი ცხვოვრების ამსახველი კადრების გამომზეურება. აშატაჟებენ ბიზნესმენებს საგადასახადო თუ სხვა საკითხებით. აი, ყურმოჭრილად უზით ბიზნესმენი დეპუტატები, რომლებსაც ყოველთვის ააწევინებენ ხელს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რომან გოცირიძემ.

ეკა ბესელიას უზნეობაში ადანაშაულებს ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი, რომლის განცხადებით, პოლიტიკური უზნეობაა გუნდს დააბრალო ის, რაც არათუ მის ხელწერაში არ შედის, არამედ მიაჩნია მიმართულებად, რომელსაც უნდა ებრძოლოს. მისივე თქმით, ეკა ბესელიამ ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც სახელმწიფოს პოლიტიკურ საფუძვლებს ანგრევს. დეპუტატი ამბობს, რომ თუკი ეს სიმართლეა და ეკა ბესელია ამის მიუხედავად, არ აძლევს ჩვენებას, ეს პოლიტიკური უზნეობაა.

„საწყენი იყო, მე რაც ეკა ბესელიას მიმართ ვთქვი, მაგრამ რეალობაა. მე გავიმეორებ, ეს არის პოლიტიკური უზნეობა. რაც შეეხება მლიქვნელობას, არ ახასიათებს ჩვენს გუნდს, ბიძინა ივანიშვილს მლიქვნელური გარემო არასდროს ჰქონია და 2011 წლიდან მოყოლებული, ვინ თუ არა ეკამ იცის, რომ ეს არ არის ჩვენს გუნდში დაფასებული და პირიქით, იწვევს აგრესიას.

რაც შეეხება ჩემს ეკონომიკურ ინტერესებს, ეს კიდევ ერთი პოლიტიკური უზნეობაა. არც მე, არც სხვას არაფერი გარდა იმისა, რაც დეკლარაციაში აქვთ მითითებული, არ გაგვაჩნია, ზოგს ბევრი აქვს, ზოგს ნაკლები“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი თვლის, რომ პროკურატურაში მისვლაზე უარის თქმის მიზეზად მოუცლელობის დასახელება ბევრ კითხვას ბადებს. დეპუტატის განცხადებით, როდესაც ეს მძიმე დანაშაული საკუთარ თავზე გაქვს განცდილი, პირველ რიგში, უნდა იყო დაინტერესებული ამ ინფორმაციის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემით.

„საკმაოდ მძიმე ბრალდებაზე გაავრცელა ინფორმაცია ქალბატონმა ეკა ბესელიამ. რაც უნდა აბსურდულად ჟღერდეს ეს, თუკი მისი ეს ინფორმაცია არის დანაშაულის მატარებელი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, თვითონ როგორც უფლებადამცველი, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სასწრაფოდ მოახდინოს ამ ინფორმაციის გადაცემა სამართალდამცავი ორგანოებისთვის და მყისიერი რეაგირების რეჟიმში ეს დანაშაული იყოს აღკვეთილი, თუ მას ნამდვილად აქვს ადგილი. აღნიშნული საკითხი საკმაოდ სენსიტიურია და საკმაოდ მძიმე დანაშაულზე საუბრობს ეკა ბესელია, ამიტომ, თუ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა, რეაგირება მყისიერი უნდა იყოს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

უმრავლესობის ყოფილი წევრი, ეკა ბესელია ვიცე–სპიკერს ურჩევს გამოფხიზლდეს, პერსონალურ და ტუტუცურ თავდასხმებს თავი დაანებოს, იმიტომ, რომ მისი თქმით, სახე დაკარგა. გარდა ამისა, ბესელია ამბობს, რომ სიბრიყვეა, უხერხულია, როდესაც მაია ცქიტიშვილს ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან ფარული ჩანაწერების გავრცელების თემით იღლება. მისი თქმით, ვიცე–პრემიერის განცხადებები, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმე გახსნილია, არის უპასუხისმგებლო. ამიტომ ურჩევს, რომ პრემიერთან შევიდეს და ჰკითხოს, ეს საქმე გამოძიებულია თუ არა.

„ვინმემ მაია ცქიტიშვილს ყურში მაინც ჩასჩურჩულოს, რომ ნუ აკეთებს ასეთ ბეც და უპასუხისმგებლო განცხადებებს, რომ ეს საქმე გახსნილია. ის მაინც უთხრან, რომ არ არის ეს საქმე გახსნილი, მიუხედავად საჯარო დაპირებისა და დღემდე ვერ დაადგინეს, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც პირველმა განიზრახა და რატომ განიზრახა ამის გაკეთება. ამ დიდმა პიარ–სამსახურმა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, იქნებ ურჩიოს ცქიტიშვილს, რომ თავი დაანებოს ამ თემაზე კომენტარების კეთებას, ან სისულელე არ ილაპარაკოს. შეგნებულად ვერიდები, ქალია მაინც და არ მინდა, რომ არაკორექტული რამე წამომცდეს, მაგრამ სიბრიყვეა, უხერხულია, ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან ამ თემით იღლება. ის მაინც უნდა იცოდეთ, ქალბატონო მაია, რომ არ არის ეს საქმე გახსნილი. შედით პრემიერთან და ჰკითხეთ, გახსენით ეს საქმე თუ არა-თქო და გეტყვით, რომ ვერ თუ არ გახსნეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ცივილიზებულ საზოგადოებაში ყოვლად მიუღებელია და აღშფოთება გასაგებია, თუმცა ბესელიას თუ რამე ფაქტი აქვს, რაზეც მან მიუთითა, პარლამენტის ტრიბუნიდან განცხადების გაკეთების ნაცვლად, ვალდებულია სამართალდამცავ ორგანოებთან ითანამშრომლოს. მისი თქმით, პოლიტიკურად ბესელია იგებს იმას, რასაც ედავებიან, თუნდაც იმას, რომ ყურადღების ცენტრშია.

„ზოგადად, ასეთი განცხადებები ემოციასთან არის დაკავშირებული. ასევე, იგი ბრალს დებს მმართველ ძალას, ხელისუფლებას უტევს. გასაგებია, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა, პოლიტკაში ასეთი რაღაცეები ხდება და ამას იყენებს. თუ ამის საფუძველი აქვს, ასეთი პოლიტიკური განცხადებები კი არ უნდა აკეთოს, რასაც პარლამენტიდან აკეთებს. და რატომ აკეთებს? – იმიტომ, რომ პოლიტიკურ დივიდენდებს ელის. ეს ძალიან სენსიტიური საკითხია.

ბესელია იურისტია და უნდა იცოდეს, რომ ყველა ვარიანტში აუცილებელია სამართლებრივი რეაგირება. აუცილებელია საგამოძიებო უწყებაში მისვლა და გამოძიების დაწყება. თუ პოლიტიკური სპეკულაციაა, როგორც ვოლსკიმ უწოდა, ძნელია არ დაეთანხმო. თუ საფუძვლიანია გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს, თუ უსაფუძვლოა პარლამენტის ტრიბუნიდან ასეთი განცხადების გაკეთება არის სწორედ პოლიტიკური სპეკულაცია, რაც არ არის მთლად კარგი საქციელი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

ანალისტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, მსგავსი შინაარსის განცხადება პოლიტიკურ ველზე დასამკვიდრებლად, არ არის სწორი განსაზღვრება. მისი თქმით, პოლიტიკური დივიდენდების თვალსაზირისით, ასეთი განცხადება ბესელიას არაფერს აძლევს.

„მე პირიქით მგონია, ასეთ განცხადებას ფასი მაშინ ექნებოდა, თუ ბესელია იტყოდა ვისზეა ლაპარაკი. ამას დამტკიცება უნდა. ვოლსკი ლაპარაკობს, ბესელია ვერ ასახელებს. ამიტომ რა შეიძლება ვიფიქროთ გარდა იმისა, რომ ბესელიას პოლიტიკური ქულების მოპოვება უნდა. შეიძლება ბესელიამ ნამდვილად იცის ასეთი კადრების არსებობა, მაგრამ საკითხავი ის არის, რომ ბესელიას რატომ შესჩივლა იმან, ვისაც აშანტაჟებენ, რომ ასეთი კადრები არსებობს. და თუ შესჩივლა, მაშინ რატომ არ ასაჯაროვებს? ბესელიამ ხომ უნდა იფიქროს, რომ თუ წყაროს ვერ დაასახელებს, მაშინ ეს განცხადება მის საწინააღმდეგოდ იმუშავებს. ჩათვალეთ, რომ ეს წაგებული თამაშია და მოგებული რჩება ხელისუფლება. რატომ აკეთებს ამას, ვერ გეტყვით. ვერ გათვალა? არ ვიცი“, – აღნიშნა for.ge–საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

სოციალისტი ძალიან ცუდად წარმოაჩინა თავი ეკა ბესელიამ! როცა პარლამენტში ასე უმსგავსოდ იქცევა წარმომიდგენია სახლში რას იზამს!
5 წლის უკან
tngh ვაი ამის ქმრების, ყოფილის, ეხლანდელის და მომავალის ბრალი...
5 წლის უკან