ეკა ბესელია ამტკიცებს, რომ უმრავლესობის რამდენიმე წევრს პირადი ცხოვრების კადრებით აშანტაჟებენ. დეპუტატი ამბობს, რომ სწორედ ფარული ჩანაწერებით შანტაჟი იყო რამდენიმე ადამიანისთვის უმრავლესობიდან შემაკავებელი ფაქტორი და ეს ზუსტად იცის. როგორც დეპუტატი აცხადებს, დაშანტაჟებულებს შორის არა მხოლოდ ქალები, არამედ მამაკაცებიც არიან.
კონკრეტულად, ვინ აშანტაჟებს დეპუტატებს, ბესელია ამის შესახებ არ საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ იურისტმა ბესელიამ კარგად იცის, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის არგამჟღავნებით თვითონ ხდება დამნაშავე.
„ეს უკანონო ჩანაწერი რაც გავრცელდა, ნამდვილად არის ჩაწერილი წინა ხელისუფლების დროს. თუმცა, ეს არის მონტაჟი, ახლა რაც გავრცელდა. წინა ხელისუფლების დროს ამის გავრცელება ვერავინ გაბედა. მე ვიცოდი, რომ ეს ჩანაწერი არსებობდა. არც მაშინ არ შემშინებია და არც დღეს.
კიდევ რის გამოც გადავწყვიტე რომ ამ ღია ბრძოლაში შევსულიყავი, ვიცი რომ არის რამდენიმე ადამიანი, ვისაც ამით აშანტაჟებენ დღეს და რაღაცნაირად მინდა მაგალითი მივცე. მე ვიცი რამდენიმე ასეთი ადამიანი, თვითონ უთქვამთ. მინდა, რომ ეს მოჯადოებული წრე გაირღვეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატის სკანდალური განცხადების საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ეკა ბესელიას განცხადების საფუძველზე შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება უნდა დაიწყონ. ასევე, კალაძე მოუწოდებს უმრავლესობის ყოფილ წევრს, რომ სრული ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას.
ბესელიას განცხადებაში სიმართლის დანახვა უჭირთ უმრავლესობის წევრებს. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ბესელია პირადი ცხოვრების კადრებით ცდილობს პოლიტიკურ ველზე დამკვიდრებას. ბესელიას ბრალდებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, რომლის განცხადებით, ბესელია ვალდებულია გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია, იმიტომ, რომ ეს შესაძლოა, გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი.
„ეკა ბესელია თუ აცნობიერებს მისი სიტყვების მნიშვნელობას, ვალდებულია, გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდოს. მე სერიოზულად ვერ მოვეკიდები ამ სიტყვებს და რაიმე სერიოზულ კომენტარს ამ ტიპის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ, თუმცა თუ მან ასე განაცხადა, ამით გაუჩნდა ვალდებულება, გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ბესელია პოლიტიკურ ველზე თავის დასამკვიდრებლად იბრძვის.
„სისულელეს ლაპარაკობს და ამავდროულად, ლოგიკურად რომელი ასპექტიდან შეიძლება ეს თემა კომპეტენტურად ნათქვამი იყოს ბესელიას მხრიდან? ძალიან კარგად იცის, ეს უნამუსობა საიდან მოდის, ვინ აკეთებდა და ხალხს ასეთი მასალებით ვინ აშანტაჟებდა. მისი მხრიდან ხელის გაშვერა უსაფუძვლოა და ვერ არის ზნეობასთან ახლოს. განცხადება არის სისულელე, თან შემაძრწუნებელია, როცა ადამიანი ასეთ ნაბიჯზე მიდის“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გია ვოლსკიმ.
ბესელია კი ვიცე–სპიკერს მხდალს უწოდებს და აცხადებს: „ვის ზნეობაზე ლაპარაკობს ვოლსკი. ვოლსკის მინდა ვუთხრა, ეს ისეთი მხდალი კაცია, რომელსაც შეუძლია ზურგს უკან ბიძინა ივანიშვილი ლანძღოს, მათ შორის ჩემთანაც და პირში ელაქუცოს. მას აქვს თავისი პირადი მერკანტილური ინტერესები, თავისი პირადი ბიზნეს ინეტრესები და თავისი პირადი... აი, ამით მოაღწია აქამდე“.
უმარვლესობას ბესელიას განცხადების არ სჯერა, ოპოზიციაში კი, აცხადებენ, რომ მსგავსი სამარცხვინო რამ ადრეც ხდებოდა, მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლებამ პოლიტიკოსების დაშანტაჟების მეთოდი ახალ სიმაღლეზე აიყვანა. „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, საგულისხმოა ისიც, რომ ხშირად, ხელისუფლების წარმომადგენელთა საჯარო გზავნილები ემთხვევა იმ გზავნილებს, რასაც შანტაჟის ობიექტები იღებენ.
„მსგავსი სამარცხვინო რამ ადრეც ხდებოდა, მაგრამ ივანიშვილის ხელისუფლებამ ეს მეთოდი პოლიტიკური მოტივით, პოლიტიკური მიზნით ახალ სიმაღლეზე აიყვანა და ხშირ შემთხვევაში გამოსაძიებელიც არაფერია, რადგან „ქართული ოცნების“ ლიდერების საჯარო გზავნილი ემთხვევა ხოლმე იმ გზავნილს, რასაც იღებენ შანტაჟის ობიექტები და ამის მომსწრენი არაერთხელ გავმხდარვართ“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.