„მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისას სპეკულაცია მეტი იქნება, მაგრამ პროცესი სწორია“

„მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისას სპეკულაცია მეტი იქნება, მაგრამ პროცესი სწორია“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მერაბ გაბინაშვილს მოუსმინეს. გაბინაშვილი სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა. ის უმაღლეს ინსტანციაში მსურველი კანდიდატების პირველი 10-კაციანი სიის წევრიც იყო. მოქმედი მოსამართლის მოსმენა ხმაურის და ურთიერთბრალდების ფონზე მიმდინარეობდა. მოსამართლე გაბინაშვილს არაერთხელ შეახსენეს წარსულში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები. შეკითხვები დაუსვეს მედიისა და თმენის ვალდებულების თაობაზე. ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის შეკითხვის საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ თმენის ვალდებულება მაღალი აქვს. გაბინაშვილის თქმით, ბალანსი უნდა იყოს დაცული და თუ კი, მედია არ შელახავს მის პირად ღირსებას, თმენის ვალდებულება გააჩნია. მისი თქმით, უნდა მოხდეს დაბალანსება გამოხატვის თავისუფლებასა და ღირსების შელახვას შორის.

კომიტეტის სხდომაზე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატს დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჰკითხა, შეეძლო თუ არა ლევან მურუსიძეს სანდრო გირგვლიანის საქმის აპელაციაში დაბრუნება და კერძო განჩინების გამოტანა, რაზეც გაბინაშვილმა უპასუხა, რომ ლევან მურუსიძე მისი კოლეგაა და კოლეგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არც ავად და არც კარგად არ შეაფასებს.

საკმაოდ მწვავე იყო დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელმაც მოსამართლეობის კანდიდატს მიმართა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება დაინახოს ადამიანი, რომელიც სუნთქავს და არა მოსამართლე, რომელიც შეერთებულია დენის წყაროზე და ყოველ მეორე სიტყვაზე ამბობს, რომ პასუხს არ გასცემს, იმიტომ, რომ მოსამართლეა: „რაღაც, დაქოქილი ფორთოხალივით გვესაუბრება აქ“, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა, რომელმაც იურიდული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს პროცედურებთან დაკავშირებით მიმართა უზრუნველყოს ის, რომ კანდიდატმა დასმულ შეკითხვას მარტივად უპასუხოს – კი ან არა.

„მინდა კითხვებზე პასუხი „კი“ და „არა“, პასუხი საქართველოს მოქალაქის, რომელმაც უნდა ჩაიბაროს ჩვენი სასამართლოს მომავალი და უნდა განსაჯოს, მინიმუმ, მომავალი ორი თაობის საქმეები. დღეს აქ, მინიმუმ, ორი პოლიტიკური თაობის საქმეს ვაკეთებთ, ამიტომ, უზრუნველყავით, რომ მინიმალური სტანდარტი დაიცვას მოქალაქე მერაბ გაბინაშვილმა და გვესაუბროს, როგორც პასუხისმგებლობით, ისტორიული შეგრძნებებით, სოციალური შეგრძნებებით აღვსილმა საქართველოს მოქალაქემ. მშრალი პასუხები, რომ მოსამართლე ვარ და იმის იქით არ ვარსებობ, არ უნდა იყოს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია დაინტერესდა მართლა კარნახობდა თუ არა თამარ ალანიას, რომელსაც პარლამენტმა გუშინ მოუსმინა.

„თქვენზე თქვეს, რომ დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ქალბატონ თამარ ალანიას კარნახობდით. სიმართლე გითხრათ, მე არ აღვშფოთებულვარ. ვფიქრობ, საკმაოდ კეთილშობილური ნაბიჯი იყო თქვენგან და ქალბატონმა თამარმა დაგიფასათ ეს დახმარება?“, – მიმართა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მერაბ გაბინაშვილს, რომელმაც დაადასტურა, რომ მის კოლეგას, თამარ ალანიას მოსამართლეობის კონკურსზე გასაუბრების დროს გამამხნევებელი მესიჯი მისწერა. გაბინაშვილის თქმით, ის საკუთარ ქმედებაში კანონდარღვევას ვერ ხედავს.

მოსამართლეობის ყველა კანდიდატის ჩაგდებას და იუსტიციის საბჭოს დაშლას ითხოვს დეპუტატი ლევან კობერიძე, რომელიც ყველა კოლეგა დეპუტატს მოუწოდებს, ჩააგდოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატი თამარ ალანიას ჩათვლით.

„არ მჯერა, რომ ეს მოსამართლეები, მათ შორის ქალბატონი თამარი, „ცუდები“ იყვნენ და ახლა „კარგები“ გახდნენ. სასამართლო სისტემაში რეალური რეფორმა უნდა დაიწყოს და არა ეს ფასადური ცვლილებები, პირველი ნაბიჯი კი, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გზაა. იუსტიციის საბჭოს არსებული შემადგენლობა უნდა დაიშალოს“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი განმარტავს, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებისას პოლიტიკურ ველზე დაძაბულობა და სპეკულაცია მეტი იქნება, მაგრამ პროცესი სწორია. როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ქვეყანაში ამ დონის გამჭვირვალეობა პირველია და შესაბამისად, შეუჩვეველი ატმოსფეროა, თუმცა ეს სწორად გადადგმული ნაბიჯია.

„ერთმა ჩემმა კოლეგამ პროცესი ამერიკაში კონგრესში არსებულ მოსმენას შეადარა, თუმცა ეს გაცილებით უფრო მეტია, ვინაიდან კითხვებს დეპუტატების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციებიც სვამენ. პოლიტიკურ ველზე დაძაბულობა და სპეკულაცია მეტი იქნება, მაგრამ პროცესი სწორია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდის შეფასებით, მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს სასამართლო სისტემაშია გადასაჭრელი, არის „კლანის“ წასვლა. როგორც მენაბდემ აღნიშნა, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევები არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

„ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში სხვა პრობლემებთან ერთად, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს, უნდა გადავჭრათ და აღმოვფხვრათ ის გამოწვევა, რომელსაც ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს არარსებობა ჰქვია. მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს გადასაჭრელია სასამართლო სისტემაში, ეს არის „კლანის“ წასვლა. დღესდღეობით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანს აქვს მყარი უმრავლესობა, ის აკონტროლებს მოსამართლეთა დანიშვნა–გათავისუფლებას და ზედამხედველობს მათ ყოველდღიურ საქმიანობას“, – აღნიშნა კონსტიტუციონალისტმა. ამიტომ, მისი თქმით, ამ პირობებში, შეუძლებელია ვისაუბროთ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ნებისმიერ იმედზე. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული 2/3–იანი უმრავლესობა აღარ იყოს და შემდეგ უკვე, აქედან დაიწყება სასამართლოს გათავისუფლება.

„აქ საუბარია, იმაზე, რომ „კლანი“ აკონტროლებს მოსამართლეებს. შესაძლოა, არიან მოსამართლეები და იმედი გვაქვს, რომ არიან, რომელთაც შეუძლიათ სამართლიანი და კარგი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა საბჭოში არსებული მარწუხები მათ აიძულებთ, რომ იმოქმედონ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მოთხოვნების შესაბამისად“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

 

 

სოციალისტი ვინც უმაღლესი სასამართლოს დაკომპლექტება ტელეშოუდ გადააქცია არის დასახვრეტი!
5 წლის უკან
tngh "მეგრანტეებს" ერთად ერთი საქმე აქვთ... ნებისმიერი საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დემაგოგიით გააზავონ...
5 წლის უკან
tngh "მეგრანტეებს" ერთად ერთი საქმე აქვთ... ნებისმიერი საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დემაგოგიით გააზავონ...
5 წლის უკან