„თვეების განმავლობაში, ანგი ხუციშვილი იყო დაკავებული შესაწყალებელთა სიის შედგენით“

„თვეების განმავლობაში, ანგი ხუციშვილი იყო დაკავებული შესაწყალებელთა სიის შედგენით“

34 შეწყალებული პატიმრის საქმე, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს. გარდა იმისა, რომ მარიამობის დღესასწაულისთვის პრეზიდენტმა მკვლელობაში მსჯავრდებული პირები შეიწყალა, აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში ასევე არიან ძებნილები, ნარკოდანაშაულისთვის, ქურდობისთვის, ყაჩაღობისთვის მსჯავრდებულები.

ძებნილი, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა, შპს „ჰორიზონტის“ დირექტორი, გელა გოგოლაძეა, რომელსაც ციხეში არც ერთი დღე არ გაუტარებია. სკანდალურ შეწყალებაზე გამოძიება დაიწყო გენერალურმა პროკურატურამ. იმ შემთხვევაში, თუ დაკითხვა გახდება საჭირო, ვიცე–სპიკერის განმარტებით, პრეზიდენტიც დაიკითხება. გია ვოლსკი ფიქრობს, რომ საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით მკაცრი და გაუგებარი შეფასება ჰქონდა.

„გამოვრიცხავ კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა თქვას. რასაც სააკაშვილი ახდენდა, ნებისმიერ სტანდარტთან შეუსაბამობას - მათ შორის მკვლელების შეწყალებას და როდესაც მარგველაშვილსაც ვაკრიტიკებდით, ადამიანები, რომლებსაც საერთოდ ყურადღება არ მიუქცევიათ შეწყალებებისათვის, მაშინ ამას ორკესტრირებულ შეტევას უწოდებდნენ.

აქედან გამომდინარე, არც იმ ადამიანების პათოსის და გრძნობის მჯერა, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ ეს არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს. ჩვენი ოპონენტების მიერ საზოგადოების ინტერესების მოყვანა არგუმენტად, არის უზნეობა, ფარსი და ძალიან უნიჭოდ გათამაშებული სპექტაკლი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ევროპული საქართველო“ ამტკიცებს, რომ პატიმართა შეწყალების პროცესში აქტიურადა იყო ჩართული პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, ასევე ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას. თავად გაბუნია ამბობს, რომ საქმესთან შეხება არ ჰქონია, რადგან შეწყალების საკითხებს მისი უფლებამოსილება არ ფარავს და ამაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.

როგორც გაბუნია აცხადებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი, რომელსაც თავისი კურატორი ჰყავს და ეს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეა, რომლიც მისი ინფორმაციით, თვეების განმავლობაში შესაწყალებელ პატიმართა სიის შედგენაში იღებდა მონაწილეობას. ბრალდების მიუხედავად, მედიასთან განმარტებას არ აკეთებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.

„როგორც კი დამიბარებენ, მე აქტიურად ვითანამშრომლებ და რაც ჩემს ხელში ინფორმაციაა, ბუნებრივია, მივაწვდი და დავიკითხები. კატეგორიულად მიუღებელია თითის გაშვერა საპარლამენტო მდივნისკენ, რომელსაც არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ამ პროცესში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. ამისთვის ადმინისტრაციაში არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს თავისი კურატორი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანგი ხუციშვილი, რომელიც ჩემი ინფორმაციით, იყო დაკავებული თავიდან ბოლომდე, თვეების განმავლობაში ამ სიის შედგენით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიბრძანდება ეს ადამიანი და ადამიანები გამოძიებაში“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას დიმიტრი გაბუნიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ამტკიცებს, რომ წყაროს მხრიდან პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ასეთი შეწყალებების უკან გაბუნია ფულს აკეთებს. თუმცა, გამოკითხვისას წყაროს იდენტიფიცირებას არ აპირებს. ნადირაშვილისთვის გაუგებარია, რატომ ელოდება დიმიტრი გაბუნია პროკურატურას, როცა გვერდზე ჰყავს პრეზიდენტი და ჰკითხოს, ვისი რეკომენდაციით შეიწყალა ეს ადამიანები.

„ჩვენ დაგვიკავშირდა წყარო, რომელმაც იმ გარემოებებზე შეგვატყობინა, როგორ ერევა ბატონი გაბუნია შეწყალებების საკითხებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შესაბამისად, მე ამ ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას, მათი მხრიდან იყო სურვილი ჩემი გამოკითხვის. რაც შეეხება იდენტიფიცირებას ჩემი წყაროსი, მე შევეცდები, რომ არ მივაწოდო ასეთი ინფორმაცია რამდენადაც შესაძლებელი იქნება, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება ასეთი წყარო გახდეს თვითონ სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან დევნის საგანი და არა გაბუნია ან პრეზიდენტი, რომლებმაც არნახული შეწყალებები განახორციელეს.

ჩემი წყაროს მხრიდან, პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ აი, ასეთი ტიპის შეწყალებების უკან, გაბუნია უბრალოდ ფულს აკეთებს. ეს არის მისი ბიზნესი. ეს იყო ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ჩვენს წყაროს პირადი გამოცდილებით ჰქონდა ეს ინფორმაცია. რომ გითხრათ, რომ ველოდები ზურაბიშვილი აქ მოვა, არ ველოდები ნამდვილად. მაგრამ ჩვენ არ ვითხოვთ მარტო ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას, იგივე სახალხო დამცველი, პარლამენტის ტრიბუნიდან ითხოვდა, რომ სისხლის სამართლის საქმე იყოს აღძრული“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

კითხვებს, რომლებიც გაჩნდა მკვლელების, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პასუხებს გასცემს გამოძიება. წულუკიანი ამბობს, რომ შეწყალების თემასთან დაკავშირებით მისი მთავარი სათქმელი უკვე თქვა. რაც შეეხება შეწყალების საქმეში დიმიტრი გაბუნიას გვარის არსებობას, წულუკიანი ამბობს, რომ ამ საკითხზე ყველაზე მეტი საქმის გამომძიებელმა იცის და საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაცია ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

„ამის შესახებ ყველაზე მეტი გამომძიებელმა იცის. შეწყალების სიაში არის არა მარტო 109–ე მუხლით მსჯავრდებული სამი მკვლელი, როგორც საზოგადოებამ იცის, არის 260–ე მუხლი, ნარკოდანაშაული, არის ქურდობის, ყაჩაღობის მუხლები და ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ნელ-ნელა უფრო დეტალურად გახდება ცნობილი. ზოგადი ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებამ უკვე იცის.

ახლა გამოძიება მიმდინარეობს. ვფიქრობ, ახლა როგორც თქვენ, ასევე მეც უნდა დავაკვირდეთ ამ პროცესს, რათა იმ კითხვებს, რაც გაჩნდა მკვლელების, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით, გაეცეს პასუხები. ამ კითხვებს პასუხებს გასცემს გამოძიება, შესაბამისად დღეს ამ თემაზე დამატებითი კომენტარი ან ნაადრევი, ან უადგილო იქნებოდა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეწყალებების სკანდალთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარდა, სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, დაუდევრობის, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ადამიანს შეიძლება მეორე ადამიანი შემოაკვდეს, მაგრამ ეს არ ანთავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. მისი თქმით, პასუხისმგებლობა, ანუ სასჯელი შეიძლება შემცირდეს, მაგრამ განთავისუფლებით არ განთავისუფლდება.

„ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტი ჩავარდა ისეთ პირობებში, რომ მას მოუწია ამ ბრალდებულების განთავისუფლება. გარდა იმისა, რომ უსიამოვნო ფაქტია, თუ კანანოდარღვევაც გვაქვს და შეიძლება გვქონდეს, ერთ–ერთი ბრალდებული ვადაზე უფრო ადრეა გამოშვებული და მნიშვნელოვნად ადრე.

ამ პირობებშიც ადამიანი, რომლესაც თუნდაც შემთხვევით მოუწევს კანონზე გადაცდომა, ის არის პასუხისმგებელი. დარწმუნებული ვარ, რომ დანაშაულთან არ გვაქვს საქმე, მაგრამ თუ ადამიანური სისუსტე გამოავლინა, ასეთ შემთხვევაშიც დასასჯელია, მაინც უნდა დაისაჯოს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსის, გია აბაშიძის შეფასებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ავადსახსენებელი აგვისტოს შეწყალების სიის გარშემო კონფლიქტის სპირალი ჯერ არ ჩერდება. არც შეჩერდება, სანამ კვანძი არ გაიხსნება, სანამ სრული სიცხადე არ იქნება, თუ ვინ და როგორ შეიმუშავა ეს სია იუსტიციის სამინისტროსთან კონსულტაციების გარეშე.

„ამასობაში კი, ეტაპობრივად ვიგებთ ახალ–ახალ დეტალებს. სრული სიის გამოქვეყნება კი პირადი მონაცემების დაცვის მოტივით, ოფიციალურად არ ხდება. ჯერ არც სრული სიის „გაჟონვა“ მომხდარა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გაბუნია ხელს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისკენ იშვერს. ეს უკანასკნელი კი ჯერ დუმს. აქ და ახლა არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორი მანკიერი იყო პრაქტიკა სააკაშვილისა და მარგველაშვილის პირობებში შეწყალებულთა სიებზე.

ვერც პრეზიდენტ ზურაბიშვილის ჰიპოთეტურად ზეწარმატებული ვიზიტი გაეროში გადაფარავს ამ ორომტრიალს. ვუბრუნდებით მთავარ შეკითხვებს – ვინ, როგორ, რანაირად, რატომ? და რაც მთავარია, ე მანდ, ვინმემ ხომ არ იხეირა? საჭიროა დროული პასუხების გაცემა პროკურატურიდან, შეწყალების კომისიისა და მექანიზმების უსწრაფესი შექმნა კი - პარლამენტიდან! დროში ამხელა ვაკუუმის არსებობაზე თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა მოქმედ დეპუტატს“, – ამბობს გია აბაშიძე.

იუსტიციის მინისტრის მწვავე განცხადება კონსტიტუციონალისტებს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის ემზადება. for.ge–სთან საუბრისას ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ რისთვის შეიძლება იმპიჩმენტის დაწყება და რისთვის არა. ის, რომ პრეზიდენტმა ვიღაცა შეიწყალა, რაც არ უნდა მძიმე დანაშაულისთვის ყოფილიყო მსჯავრდებული, მისი თქმით, ეს იმპიჩმენტის საფუძველი ვერ გახდება.

„მეორე მხრივ, თუ აქ იყო მხოლოდ კორუფციული სქემა, მაშინ შესაძლოა, დაწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. თუ 50 დეპუტატი შეძლებს სათანადო მტკიცებულების მოპოვებას, რომ პრეზიდენტის ქმედებაში არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, საკითხი განსახილველად გადეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც განიხილავს ამ საკითხს. იმ შემთხვევში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არსებობს, მაშინ ის განსახილველად დაუბრუნებს პარალამენტს და უკვე პარლამენტს 100 ხმა სჭირდება იმისთვის, რომ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს“, – აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

რაც შეეხება პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებას, მენაბდე ამბობს, რომ დღეს ძალიან ძნელია პასუხის გაცემა იმაზე, რას იზამს პროკურატურა. მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება სპეკულაცია.

„გააჩნია როგორ დალაგდება ინტერესები მმართველ ძალაში ამ საქმის გარშემო. სწორედ იმის მიხედვით იმოქმედებს პროკურატურა. მე არ მაქვს მოლოდინი იმისა, რომ პროკურატურა იქნება მიუკერძოებელი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ პროკურატურა არ გამოიძიებს ამ საქმეს, თუ ამ საქმის გამოძება ხელსაყრელი არ აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის. მაგრამ, თუ ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი იქნება, ასეთ შემთხვევაში პროკურატურას საქმის გამოძიება არ გაუჭრდება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახუშტი მენაბდემ.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი აცხადებს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება შესაძლებელია, თუკი დეპუტატები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტს დანაშაული აქვს ჩადენილი.

„მხოლოდ და მხოლოდ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეიძლება პრეზიდენტის გადაყენება. ამიტომ, საბოლოოდ პარლამენტი წყვეტს ამ საკითხს, მაგრამ მანამდე ერთ მესამედს შეუძლია დააყენოს იმპიჩმენტის დაწყების პროცედურა და გადაუგზავნიან საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნისათვის. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტის ქმედებაში არის დანაშაულის ნიშნები, ამ დასკვნას გადაუგზავნის პარლამენტს და ამის შემდეგ პალამენტი ორი მესამედით დააყენებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს. მაგრამ, არ მგონია, რომ იმპიჩმენტის პროცედურას ჰქონდეს პერსპექტივა. პროკურატურა ვერაფერს ვერ იზამს. დავუშვათ, რომ დაადგინა დანაშაული, მერე რა? პრეზიდენტის გადაყენება შეუძლია მხოლოდ პარლამენტს იმპიჩმენტის წესით. სხვა გზა არ არსებობს, რადგან პრეზიდენტი ხელშეუხებელია სანამ პრეზიდენტია. პროკურატურა ვერ გადააყენებს, ვერ დაიჭერს და პატიმრობაში ვერ მისცემს. ერთადერთი ეს არის კონსტიტუციური შესაძლებლობა, რომ დაიწყება იმპიჩმენტის პროცედურა, რის საფუძველზე გადააყენებენ და მერე შეიძლება სისხლის სამართლებლივი დევნა დაიწყოს“, – აცხადებს დემეტრაშვილი.

როგორც კონსტიტუციონალისტი განმარტავს, პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაული არ არის, ეს არის მსოფლმხედველობითი, რიტუალური შეცდომა, რაც პრეზიდენტს სჩვევია.

„რამდენიმე შემთხვევაში დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღო. ამ შემთხვევაშიც, ალბათ, ამასთან გვაქვს საქმე. კარგია, რომ გასაჯაროვდა ეს სია, სხვა დროს დაფიქრებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. მორიგი შეცდომა იყო მორატორიუმის გამოცხადება. ეს კონსტიტუციის მიხედვით აბსოლუტურად გამორიცხულია. მორატორიუმის აქტი რომ ყოფილიყო გამოცემული, ჩათვალეთ, რომ ეს დანაშაულის ნიშნები იყო“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილმა.

Katana . "საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, 2018 წლის 29 აგვისტოს ანგი ხუციშვილმა საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას სალომე ზურაბიშვილის შესწირა 901 ლარი. პირველ სექტემბერს კი განახორციელა 1830 ლარის ოდენობის არაფულადი შემოწირულობა." -- რადიო "თავისუფლება"
ე.ი., 2731 ლარად უყიდია თბილი ადგილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
გაბუნიას ინფორმაცია თუ სწორია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ძალიან დიდი მოგებით ამოიღებდა დანახარჯს!
5 წლის უკან