„მოძრაობა ქართული სახელმწიფოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ირაკლი ბათიაშვილი მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
ამ გადაწყვეტილებამ საგრძნობლად გაუადვილა საარჩევნო კამპანია მიხეილ სააკაშვილს, ექსომბუდსმენს დავით სალარიძესა და ბათუმური ბლოკის წარმომადგენელს იოსებ ეგუტიას.
ვაკის რაიონის საარჩევნო „ველს“ უშიშროების ექსმინისტრი უბრძოლველად ტოვებს.
ირაკლი ბათიაშვილი მაჟორიტარობაზე „თავგადადებულ“ სააკაშვილთან და სალარიძესთან შერკინებას ერიდება. სანაცვლოდ დეპუტატი საკუთარი პოლიტმოძრაობის „მამობილს“ ბლოკს „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ გაორმაგებული დატვირთვით მუშაობას ჰპირდება. ექსმინისტრი სწორედ ამ ალიანსის სიით იყრის კენჭს.
რატომ გადაიფიქრეთ მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილეობა?
- საამისოდ მთავარი რაც არის - ფული, ეს არ მაქვს და სხვათა შორის, დროც... ამჯერად სულ ბლოკის საორგანიზაციო საქმიანობით ვარ დაკავებული.
თქვენს ბლოკში სოლიდური ფიგურებია თავმოყრილი, ბაკურ გულუა, მრეწველი თოფაძე. ნუთუ მათ თქვენი საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებელი ფული არ აღმოაჩნდათ?
- ჩვენს საარჩევნო ბლოკს სულ არ ულხინს. ასეც რომ არ იყოს, ამომრჩეველთათვის ადრე ნათქვამი მქონდა, რომ ჩემს თავს თავად დავაფინანსებდი.
იქნებ სერიოზული კონკურენციის შეგეშინდათ. ვაკის რაიონიდან მაჟორიტარობას სააკაშვილი და სალარიძეც გეგმავენ. მათ კი „ცუდი სახელი“ ნამდვილად არ აქვთ...
- ეს არაფერ შუაშია. აბა გაიკითხეთ ამ რაიონში, ვის უფრო დაუჭერდნენ ამომრჩევლები ხმას, მე თუ მათ...
„ბრძოლის ველზე“ დარჩენილებიდან გამარჯვებას ვის უსურვებთ?
- ჯერ ამას ვერ ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთს ნამდვილად მივცემ ხმას და ეს ხმა გადამწყვეტი იქნება.