ჩვენ არ ვიცით, რა ბედი ელის გაკეთილშობილების სკამების სიყვარულით გამოწვეულ პროცესს ან რით დასრულდება „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“. თუმცა დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში სახელისუფლებო ელიტა (ოღონდ არა მხოლოდ ის) ზუსტად ისე იქცევა, როგორც პოეტი ამბობდა: „დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა და საქართველოს უღელი.“
შესაბამისად, გრძელდება პატიოსან გვამთა თანხლებით ხან გადასასვლელი ხიდების გახსნა, ხანაც - მოქალაქეთა ბინებში ცისფერი ალის აციმციმება, ხოლო შიგადაშიგ - მეტროპოლიტენით მგზავრობა, რათა ხაზი გაესვას, რომ „ერის წყლული მაჩნდეს წყლულად.“
სწორედ ამ ეგიდით ეწვია აჭარას ჩვენი ქვეყნის პირველი პირიც, სადაც პროგრამა „ბათუმი ბარაკების გარეშე“ ძალაში შედის, რაც, საბოლოოდ, ჯერ ერთი, ბათუმს ბარაკებისგან გაწმენდს, ხოლო მეორე მხრივ კი, ბათუმელების საბინაო პირობებსაც გააუმჯობესებს.
ამ მეტად აქტუალურ პროცესში პირადად მიიღეს მონაწილეობა ქვეყნისა და რეგიონის პირველკაცებმა (ამ უკანასკნელმა, სავარაუდოდ, პირველის წაბაძვით).
ამიტომაც, რაკი ბატონმა სააკაშვილმა თავისი ხელით გადაზიდა ერთ - ერთი ბათუმური ოჯახის ჭრელი ჩანთა, მას არც ბატონი ვარშალომიძე ჩამორჩა, კერძოდ, თასი იშიშვლა (თუმცა შეუდარებლად მომცრო).
ამ მართლაც ამაღელვებელმა აქტმა კი ასოციაცურად გაგვახსენა აჭარის დედაქალაქში არცთუ ისე დიდი ხნის წინათ განვითარებული მოვლენები, როდესაც დევნილები იქაური სასტუმროებიდან, რომლებსაც სამოწყალოდ აფარებდნენ თავს, ნიღბიანი სპეცრაზმის დახმარებით გამოაპანღურეს, რაც ბუნებრივად ბადებს რიტორიკულ კითხვას: სად ბრძანდებოდა ბატონი ვარშალომიძე მაშინ, როდესაც ბათუმის სასტუმროების კიბეებზე სპეცრაზმი ქროდა?!