კახა ძაგანია, ლეიბორისტული პარტია:
„8 ნოემბერს, ღამის 2 საათსა და 30 წუთზე სპეციალური დანიშნულების რაზმის და პოლიციის თანამშრომლები ერთდროულად შევიდნენ შალვა ნათელაშვილის სახლებში - ბაზალეთსა და თბილისში, ასევე ლეიბორისტული პარტიის ოფისში.
დილით, პარტიის ოფისში მისულებს ოფისის დაცვის თანამშრომელმა განგვიცხადა, რომ ღამის 2 საათსა და 30 წუთზე კარზე დააკაკუნეს. უთხრეს, რომ შს სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ და მან კარი გაუღო.
დაცვის თანამშრომლის განცხადებით, ოფისში რამდენიმე ათეული პოლიციელი შემოიჭრა. მათი უმეტესობა ჟანდარმის ფორმაში იყო გამოწყობილი, ნაწილი სამოქალაქო ფორმით იყო. ოფისის დაცვის თანამშრომელს განუცხადეს, რომ „შალვას ეძებდნენ“.
ძალოვანებმა შეამტვრიეს ყველა კარი, რომლის გასაღებიც ჩვენი დაცვის თანამშრომელს არ ჰქონდა, მათ შორის, შალვა ნათელაშვილის კაბინეტისაც. ყველაფერი იატაკზე დაგვხვდა გადმოყრილი. რა საბუთებია გატანილი, ჯერჯერობით, არ ვიცით.
ვერ გეტყვით, შალვა ნათელაშვილი დაკავებულია თუ თავისუფალი. მასთან და მის ოჯახთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ.
შესაძლოა, დაკავებულიც კი იყოს. დავრეკეთ ბატონი შალვას ოჯახში და ოჯახის ნათესავმა გვიპასუხა, ამჟამად სახლში არც მისი მეუღლე და შვილები იმყოფებიან და არ ვიცით, სად არიანო.“