სამასამდე კაცი ღრიალებდა -

სამასამდე კაცი ღრიალებდა - "გამოიყვანეთ ნოდარ იმნაძე, ჩავქოლოთო"

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაცია 1948 წლის 10 დეკემბერს მიიღო. ამ დოკუმენტს, სხვა სახელმწიფოებთან ერთად, საბჭოთა კავშირმაც მოაწერა ხელი. მიუხედავად ამისა, საბჭოთა იმპერიაში ადამიანთა უფლებები უხეშად ირღვეოდა და ამ მხრივ არც საქართველო იყო გამონაკლისი.

ეროვნული მოძრაობის აღმასვლისას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართებოდა ხალხმრავალი მიტინგები და მანიფესტაციები, სადაც აქციის მონაწილენი კომუნისტურ ხელისუფლებას გარკვეულ მოთხოვნებს უყენებდნენ. 1989 წლის 20 ნოემბერს ბათუმში ჩატარდა დიდი მიტინგი, სადაც შემდეგი მოთხოვნები იყო: "თავისუფლება საქართველოს", "ეკლესია მლოცველებს", დაუყოვნებლივ დაიხუროს ბათუმის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა"... მომიტინგეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ბათუმის ცენტრში, ლაბორატორიადქცეული ახლანდელი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის საპატრიარქოსათვის გადაცემა. ამის შესახებ ჩვენმა გაზეთმა დეტალურად მოგითხროთ 1-8 დეკემბრის (006) ნომერში. 20 ნოემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მოთხოვნების შესასრულებლად გარკვეული დრო მიეცა და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს ბათუმში მიტინგი დაინიშნა. აქციაზე დასასწრებად თბილისიდან ბათუმისაკენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები გაემართნენ, მაგრამ დანიშნულ ადგილს ვერ მიაღწიეს. ედპ-ს თავმჯდომარე, გია ჭანტურიაც მათ რიცხვში აღმოჩნდა.

ირინა სარიშვილი-ჭანტურია, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, 10 დეკემბრის დილას ასე იხსენებს: "ადამიანის უფლებების დაცვის დღე იყო. მაშინ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქციებს ვმართავდით. 10 დეკემბერს ბათუმში მიტინგი იყო დანიშნული. თბილისიდან წავედით აქციაზე დასასწრებად. იმაში, რაც მაშინ გადაგვხვდა თავს, განსაკუთრებული არაფერი იყო. მსგავსი "სითბოთი" გვხვდებოდნენ თბილისშიც და სხვა რეგიონებშიც. ჩაქვამდე მატარებლით ვიმგზავრეთ, შემდეგ კი ტაქსში ჩავსხედით. ფორმიანი მილიციელები დაგვხვდნენ და ტაქსიდან გადმოგვსვეს. საწყალ ტაქსის მძღოლს ჩვენი პარტიის გულსაბნევი ვაჩუქეთ. იმ უბედურმა გაიკეთა. რომ გაგვაჩერეს, მილიციელებს ისიც ჩვენი პარტიის წევრი ეგონათ და ცემეს. ფორმიანები მან ვერაფრით დააჯერა, რომ ჩვენთან არაფერი საერთო არ ჰქონდა.

შემდეგ რაღაც შენობაში მიგვიყვანეს და ცოტა ხნის მერე გვითხრეს, გარეთ ქვებით შეიარაღებული ხალხია და უნდა ჩაგქოლონო. რომ გადავიხედეთ, არც ისე ბევრნი იყვნენ. თან მე მათ თანამშრომლებს სახეებზე ვცნობ (ასე მხოლოდ მე არა ვარ).

აშკარად ჩანდა, რომ ისინი სამოქალაქო ტანისამოსში ჩაცმული მილიციელები იყვნენ. 

მათ ხელში ქვები ეჭირათ და არაფერს ამბობდნენ. ფიზიკურად არ შემხებიან, ძირითადად გიას ჰქონდა დიდი "ფანარი" თვალზე

იმ შენობიდან ღამით ჯერ მე გამომიშვეს და მითხრეს - დანარჩენებიც გამოგყვებიანო. იქიდან მარტო წამოვედი. ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ორიენტაციის არანაირი უნარი არ გამაჩნია. თბილისში, ქუჩაში რომ დამტოვო, შეიძლება სახლს ვერ მივაგნო. ჩაქვში მარტო გამოშვებული რა სანახავი ვიქნებოდი?! იქიდან უახლოესი პუნქტი, სადაც შეიძლებოდა მივსულიყავი, თერჯოლა იყო, სადაც ჩვენი თანაპარტიელი, ვანო ხუხუნაიშვილი ცხოვრობდა.

რაღაც მანქანა გავაჩერე და ვთხოვე თერჯოლაში წავეყვანე. დღემდე არ მჯერა, როგორ მივაგენით ვანოს სახლს თერჯოლაში. ვანოსთან ტირილით შევვარდი: ვაიმე, გია იმდენი ცემეს, მოკლეს-მეთქი, ვიძახდი. ნახევარ საათში ვანოსთან გიაც მოვიდა. თვალი დალურჯებული ჰქონდა, იცინოდა და მეც სიცილი ამიტყდა".

1988 წლის 7 დეკემბერს სომხეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ათეულობით ათასი ადამიანი დაიღუპა. ამის გამო საბჭოთა კავშირში 10 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. მიტინგის ორგანიზატორმა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნოდარ იმნაძემ ბათუმში 10 დეკემბერს დანიშნული მიტინგის გადადება განიზრახა და ბათუმის მილიციის უფროსთან შეხვედრა სცადა, რათა მისთვის ეს ამბავი ემცნო.

აი, რას წერს იმ პერიოდში გამომავალი "არაფორმალური" გაზეთი "ერთიანი საქართველო" (რომლის სარედაქციო კოლეგიის წევრები გახლდნენ მერაბ კოსტავა, ირაკლი ბათიაშვილი, თედო პაატაშვილი და ირაკლი წერეთელი) იმავე წლის 4 თებერვალს:

"1988 წლის 10 დეკემბერს ბათუმში, სადაც უნდა შემდგარიყო სამართალდამცველთა მოლაპარაკება ბათუმის ხელისუფლებასთან ეკლესიის საპატრიარქოსთვის გადაცემის თაობაზე, ამავე ხელისუფლების მიერ ჩადენილ იქნა ამაზრზენი დანაშაული. უკვე 8, 9 და 10 დეკემბერს მთელი ქალაქი მილიციითა და ჯარის ნაწილებით ალყაში იქნა მოქცეული. 9-ში საღამოს საკომენდანტო საათი გამოცხადდა, ხოლო 10-ში სანიტარული დღე. მოსახლეობის დასაშინებლად რამდენიმე ტანკი და ჯავშნოსანი გამოიყვანეს.

გზაზე, უმეტესწილად ჩაქვში დააკავეს თბილისიდან მომავალი ასობით მგზავრი, რომელთა ფიზიკურ შეურაცხყოფასაც არ მოერიდნენ. მაგალითად, მილიციის მუშაკებმა სასტიკად სცემეს გიორგი ჭანტურია, ვალერი კალანდარიშვილი, გოგი რევიშვილი და სხვები. შემდეგ კი ფარისევლურად გაათამაშეს სცენა - თითქოს მათ განრისხებული ხალხისაგან იცავდნენ.

სომხეთში მომხდარი მიწისძვრის გამო 10 დეკემბერი საბჭოთა კავშირში გლოვის დღედ გამოცხადდა. ბათუმელ სამართალდამცველთა ლიდერმა, ნოდარ იმნაძემ ქალაქის მილიციის უფროსთან შეხვედრა მოითხოვა, რათა ემცნო, რომ იმ დღეს ბათუმში მიტინგი არ ჩატარდებოდა. მილიციის თანამშრომლებმა ამ შეხვედრაზე უარი განაცხადეს, რადგან ხელისუფლებას სხვა განზრახვა ჩაედო გულში.

აჭარის საოლქო კომიტეტის მდივანმა, გურამ ემირიძემ ხულოდან, ქედიდან და შუახევიდან ავტობუსებით სამასამდე კაცი ჩამოიყვანა. როგორც შემდეგ გავიგეთ, მათი მეთაური ვინმე ქედელი სელიმ ჟღენტი იყო, რომელსაც თან ხულოს, ქედისა და შუახევის რაიონის რაიკომის მდივნები და მათ აქტივი მოჰყავდა. ამ სამას კაცში არც ერთი მშრომელი გლეხი არ ერია.

სელიმ ჟღენტის შვილი, რამაზ ჟღენტი აჭარის ასსრ პროკურორის პირველი მოადგილეა. სელიმ ჟღენტს ამ აქციის ჩატარება უშუალოდ ემირიძისგან დაევალა, რომელიც აქციის წარმატებით დაგვირგვინების შემთხვევაში თავის მხრივ გარკვეულ მისაგებელს ჰპირდებოდა.

10 დეკემბერს, დილის 10 საათზე, ნოდარ იმნაძეს სახლში დაახლოებით ოცი კაცი დაადგა თავზე

ის ახსნა-განმარტების მისაცემად ძალით გაიყვანეს ქუჩაში, სადაც რაიონებიდან ჩამოყვანილი სამასამდე აჭარელი ელოდებოდა. მათ ყური არ ათხოვეს ნოდარ იმნაძისა და მეორე სამართალდამცველის, რობერტ ნადირაძის საუბარს და მათ ჩასაქოლად გამოემართნენ. მათ თავი შეაფარეს ნოდარ იმნაძის სახლს. გავეშებულმა ბრბომ სცემა ნოდარ იმნაძის მეგობარი თემურ ქობალავა და შეურაცხყოფის მიყენების მიზნით ძებნა დაუწყო იმნაძის მეუღლესა და ქალიშვილს.

ნოდარი გამოიყვანეს და ცემით წაიყვანეს სადალაქოსკენ, სადაც წვერის გაპარსვა დაუპირეს. მილიცია და ხელისუფლების წარმომადგენლები იქვე იდგნენ და ბრბოს თვითნებობას ხელს არ უშლიდნენ. ერთმა მოქალაქემ გადაულაპარაკა მეორეს, რომ დალაქისათვის ხელი გაეკრათ და ნოდარისათვის ყელი გამოეჭრათ. დალაქმა ეს გაიგონა და გაპარსვაზე სასტიკი უარი განაცხადა, რისთვისაც უმოწყალოდ სცემეს. ბოლოს ემირიძეს შეეშინდა საჯარო-სანახაობათა ტერორის ბოლომდე მიყვანის და და შიკრიკის პირით მოძალადეებს ქალაქის ორგანიზებულად დატოვება უბრძანა.

დღე, რომელიც გლოვის ზარად იქნა გამოცხადებული, რის გამოც სამართალდამცველებმა თავად განაცხადეს უარი მიტინგის ჩატარებაზე, არაფრად ჩააგდეს აჭარის მთავრობამ, მილიციამ და ბათუმში ლამის "ბართლომეს ღამე" მოაწყვეს. მხოლოდ ნოდარ იმნაძისა და მისთა მეგობართა თავშეკავებამ ჩაშალა ეს განზრახვა.

ყოველივე ამისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ემირიძეს, ქართველთა შორის სარწმუნოებრივ ნიადაგზე შუღლის მთესველს და საბჭოთა საქართველოს მთავრობას, რომელმაც არ ალაგმა მისი თავგასულობა, არ ათავისუფლებს მათ თანამდებობიდან და არ გადასცემს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში". სარედაქციოკოლეგია, 1989 წლის 4 თებერვალი.

ნატო იმნაძე, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის აჭარა-გურიის სამხარეო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნოდარ იმნაძის ქალიშვილი იხსენებს: "დილის ათ საათზე რაღაც გაურკვეველმა ხმაურმა ქუჩაში გამოიყვანა ჩვენს ახლო-მახლო მცხოვრებნი. ისინი დაუჯერებული სანახაობის მოწმენი გახდნენ. სამასამდე კაცი შემოსეოდა ეზოს ჭიშკარს. ისინი გაჰყვიროდნენ, ნოდარ იმნაძის სახლიდან გამოსვლას მოითხოვდნენ. მათივე ყვირილიდან ირკვეოდა, რომ მე და მამაჩემი უნდა ჩავექოლეთ.

როცა მამამ თავდასხმის მიზეზი გაიგო, სცადა აბობოქრებული ხალხისათვის აეხსნა: დღეს გლოვის დღეა და მიტინგის ჩატარებას არავინ აპირებსო.

თავდამსხმელები არ წყნარდებოდნენ და გაიძახოდნენ: გამოათრიეთ ის გიაურები გარეთ, თორემ სახლს ავაფეთქებთო. მამაჩემის დასაცავად გამოსულ მეზობლებს ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენეს.

შემდეგ ფანჯრების მინები ჩაამსხვრიეს, კარი შემოამტვრიეს და სახლში შემოვარდნენ, ავეჯი დაამსხვრიეს. მამაჩემი და რობერტ ნადირაძე ქუჩაში გაათრიეს (რობერტი იმ წუთსვე გაათავისუფლეს).

ქუჩა-ქუჩა თრევითა და ველური ყიჟინით ნოდარ იმნაძე სადალაქოსკენ წაიყვანეს, რათა სახალხოდ გაეპარსათ წვერი და ყელი გამოეჭრათ. ამის შესახებ ხმამაღლა გაჰყვიროდნენ. შემდეგ ხელისუფლება მიხვდა, რომ სიტუაცია უმართავი ხდებოდა და ამ ამბავში სასწრაფოდ ჩაერია პროკურატურის სამი თანამშრომელი, რომლებმაც მამაჩემი გაავებულ ბრბოს ხელიდან გამოგლიჯეს".

1988 წლის დეკემბერში ქალაქ ბათუმის პროკურორი გახლდათ აწგარდაცვლილი მამუკა კობახიძე. ამავე წლის 10 დეკემბერს მომხდარის თაობაზე მან კომენტარი გააკეთა 2002 წლის იანვარში. მაშინ ის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. სწორედ მამუკა კობახიძის გაგზავნილმა პროკურატურის თანამშრომლებმა გამოსტაცეს ხელიდან ნოდარ იმნაძე გაავებულ ხალხს.

მამუკა კობახიძე: "მაშინ ქალაქ ბათუმის პროკურორი გახლდით. ის, რაც ჩაქვში მოხდა, არ ჩავრეულვარ, ვინაიდან ჩაქვი ქობულეთის რაიონს ეკუთვნის და ისინი არკვევდნენ მაგ სიტუაციას. ამ ამბავში მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ჩართული. რაც შეეხება 10 დეკემბერს ნოდარ იმნაძის სახლიდან გამოყვანას, ეს ამბავი მახსოვს. დამირეკეს, რომ ნოდარის სახლთან გარკვეული ჯგუფი იყო მისული. ის გამოიყვანეს და ბარათაშვილის ქუჩაზე მიჰყავდათ. იმას, თუ სად მიჰყავდათ, ნამდვლად ვერ გეტყვით, არ ვიცი. ორი თუ სამი თანამშრომელი გავაგზავნე. მათ ხალხი დააშოშმინეს, დაპირისპირებულები ერთმანეთს დააცილეს. ეგ კონფლიქტი ძალიან სწრაფად მოგვარდა. იმის თქმა, თუ ვინ იყო ის ხალხი და ვისი ორგანიზატორობით მოქმედებდნენ, ნამდვილად არ შემიძლია".

ამჟამად პარლამენტარი როსტომ დოლიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი გახლდათ. 1991 წლის 2 ივლისს მან გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" რედაქციას მისწერა წერილი, რომელშიც 1988 წლის 10 დეკემბერს მომხდარის თაობაზე რამაზ ჟღენტს მიმართავდა: "...ხომ კარგად გახსოვთ თუნდაც ის, როგორ გულგრილად ადევნებდით თვალყურს აწ განსვენებული ნოდარ იმნაძის ოჯახის დარბევას, თქვენ, იმჟამად აჭარის პროკურორის მოადგილე. დამრბევთა შორის ქედელთა რაზმის ერთ-ერთი წევრი კი მამათქვენი იყო. თქვენი მოვალეობა სრულიად საპირისპირო გახლდათ. თქვენ რომ მოვალეობის მიხედვით გემოქმედათ, დარწმუნებული ვარ, აქციაც აღიკვეთებოდა და შემდგომში დამნაშავენიც პასუხს აგებდნენ".

10 დეკემბერს მომხდარის თაობაზე დღეს როსტომ დოლიძე შემდეგ კომენტარს აკეთებს: "ეს ძალიან ძველი თემაა. ბევრი დეტალის აღდგენაც ძნელია და საერთოდ, ეს არ არის ის თემა, რომლის წამოწევა დღეს რაიმე დადებით შედეგს მოიტანს. მით უმეტეს, ის კომუნისტური ხელისუფლება სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს".

ჩვენი გაზეთი კომენტარისათვის ბატონ რამაზ ჟღენტს დაუკავშირდა, რომელიც დღეს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსია. სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ მის კომენტარს.

რამაზ ჟღენტი: "იცით, რას გეტყვით?! აჭარაში ჩემი მოღვაწეობის შესახებ თუ გინდათ გაიგოთ, ადგილზე ჩადით და გეტყვიან. ასე ზერელედ ლაპარაკი და პასუხის გაცემა არ შეიძლება. მამაჩემის სახელი საერთოდ არ ახსენოთ. მამაჩემი გარდაცვლილია. ის კაცურად ცხოვრობდა და ეგეთ რაღაცებს დაანებეთ თავი".

ჩვენს გაზეთს ხელში ჩაუვარდა აწ გარდაცვლილი ნოდარ იმნაძის წერილი, რომლითაც ის საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას და კერძოდ, ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, გივი გუმბარიძეს მიმართავდა. წერილი დათარიღებულია 1989 წლის 6 ნოემბრით. გთავაზობთ წერილიდან იმ ნაწილს, სადაც ნოდარ იმნაძე 1988 წლის 10 დეკემბრის მასზე განხორციელებულ დარბევის ორგანიზატორებზე საუბრობს:

"მიუხედავად ერთგვარი წარუმატებლობისა, 1988 წლის 10 დეკემბრის აქცია მავანთა მიერ "ფრიადზე" შეფასდა. შედეგი მართლაც განსაცვიფრებელი აღმოჩნდა: ისედაც მუსულმანური ორიენტაციის მქონე ადგილობრივი ხელისუფლების ძირითადი უმრავლესობა, პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთი შეხედვით "ჩრდილში" მყოფი ე.წ. "პარტიული ხოჯები", საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას აღარ ემორჩილება. სწორედ საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების უუნარობამ გამოიწვია ის, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ერგეში ბუდე დაიდო ისლამის აღორძინების ბაზაზე შექმნილმა ე.წ. "აჭარის ხსნის კომიტეტმა" და საკმაოდ ფართო პოპულარობა მოიპოვა მთელს აჭარაში. მის წარმმართველ ძალას ამჯერად წარმოადგენენ საკმაოდ ცნობილი პირები:

სელიმ ჟღენტი, ქედის სატყეო-სამეურნეო სამმართველოს უფროსი, 10 დეკემბერს ქედის "დამსჯელი რაზმის" მეთაური (ამ აქციაში "დამსახურებისათვის", მიუხედავად საქართველოს პროკურატურის წინააღმდეგობისა, მისი შვილი, რამაზ ჟღენტი აჭარის პროკურორად დაინიშნა); აზიზ ახვლედიანი, აჭარის გამომცემლობის დირექტორი; ჯემალ ჩხეიძე, აჭარის საზოგადოება "ცოდნის" ყოფილი უფროსი; ზურაბ გორგილაძე, ანტიქრისტე, პოეტი-ვიზიონერი. 10 დეკემბრის აქციის სულიერი იდეოლოგი; თემურ ფალავანდიშვილი, აჭარის სააფთიაქო სამმართველოს უფროსი; სულიკო ემირიძე, "დიდი ემირის" ძმა და აჭარის აგრომრეწვის მომარაგების უფროსი; მიხეილ ბეჟანიძე, ისლამის "აჭარული ვარიანტის" ბერმუხა, აჭარის შს მინისტრი. სარწმუნო წყაროებით იგი "აჭარის ხსნის კომიტეტის" თავმჯდომარის მოადგილეა; ისმეთ დიასამიძე, აჭარის ეკოლოგიური ცენტრის უფროსი".

ფაქტია, რომ 1988 წლის 10 დეკემბერს, ბათუმში ნოდარ იმნაძის ოჯახზე განხორციელებული თავდასხმისთვის (როგორც ბევრი სხვა რამისთვის) პასუხი არავის უგია. ოთხი თვის შემდეგ კი დედაქალაქში 9 აპრილს დატრიალებულმა ტრაგედიამ მანამდე მომხდარი ინციდენტები ჩრდილში მოაქცია და შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებას მსგავსი დღეების არსებობა მიავიწყა.