"ევროპული საქართველო“ ითხოვს, რომ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი პარლამენტმა უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილოს.
დადგენილების პროექტი დღევანდელ ბიუროზე დარეგისტრირდა. საკითხი განსახილველად ჯერ იურიდიულ კომიტეტს გადაეცა.
ამასთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტს დატვირთული დღის წესრიგი აქვს, მზად არის დადგენილების განხილვის თარიღთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართოს.
რაც შეეხება პლენარულ სხდომას, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ შემდეგი სხდომა, რეგლამენტის თანახმად არის საშემოდგომო სესიაზე. თუმცა, ამავე დროს არის შესაძლებლობა, ივლისში რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს. ამასთან დაკავშირებით იქნება კონსულტაციები, მათ შორის ოპოზიციასთან, რათა კონკრეტული თარიღი განისაზღვროს.
ოპოზიციონერი დეპუტატი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ საკითხი, რასაც დადგენილების პროექტი ითვალისწინებს, არ განელებულა და მათი მოთხოვნაა, შს მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
"12 დღეა, უკვე მიმდინარეობს პროტესტი. ადამიანები, რომლებიც შეკრებილები არიან პარლამენტის წინ, ითხოვენ გახარიას გადადგომას. ჩვენ ყველამ ვნახეთ ის კადრები, რაც მოხდა. ეს კადრები კიდევ ახალ-ახალი ემატება ყოველდღე. ვხედავთ, მიჯრით როგორ ესვრიან პოლიციელები ადამიანებს სახეში, ახლო მანძილიდან. არ მინდა ამ დეტალებში შევიდე, აქ არის საუბარი იმაზე, რაც მოხდა, მათ შორის თვალდაკარგულ ადამიანებზე, ამ ძალის გადამეტებაზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს შს მინისტრმა. რაც შეეხება იურიდიულ პასუხისმგებლობას, კონკრეტული სამართალდამცავების სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ეს არის სხვა საკითხი. ნამდვილად უნდა იყოს გამოძიებული ეგ ნაწილიც და ასევე მინისტრს თუ რაიმე სამართლებრივი პასუხისმგებლობა აქვს“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
საკითხთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ 20-21 ივნისს მომხდართან დაკავშირებით გამოძიებით პირველ რიგში მმართველი გუნდია დაინტერესებული.
ხელისუფლებამ პასუხისმგებლობის ნაწილის შეფასება პირველ რიგში დაიწყო სწორედ მის მხარეს. იცით, რომ გამოძიება დაწყებულია და დეტალურად მოხდება შეფასება თითოეული იმ ფაქტის, რაზეც საჯარო ინტერესი არსებობს. მეორეს მხრივ, ოპოზიციის ამ ინიციატივას რომ შევეხოთ, რა თქმა უნდა ჩვენ არ ვაპირებთ, რომ დემოკრატიას, თუნდაც საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივებს დავუკეტოთ კარები, მათ აქვთ კანონმდებლობით კონკრეტული უფლებამოსილებები მინიჭებული, შესაბამისად ჩვენ აქ მივყვებით რეგლამენტს და რეგლამენტის თანახმად მოხდება ამ საკითხის განხილვა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტი 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შს მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ეხება.
„ევროპული საქართველო“ ითხოვდა, რომ ეს რეგლამენტის პროექტი წინა კვირას, პლენარულ სხდომაზე განხილულიყო, თუმცა წინა ბიუროს სხდომაზე მათ სხდომის წამყვანმა განუმარტა, იმისათვის, რომ დადგენილების პროექტი სესიაზე განხილულიყო, ამისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადის და გარკვეული პროცედურის დაცვა იყო საჭირო. რეგლამენტის გათვალისწინებით კი, ოპოზიციას მაშინ უწევდა პარლამენტში დადგენილების პროექტის შეტანა, სანამ პარლამენტთან მოვლენები განვითარდებოდა. წინა სასესიო კვირას, აღნიშნული პროექტის განხილვა ვერ მოხდა.