პარლამენტის კულუარებში ვრცელდა ინფორმაცია პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის აუცილებლობაზე. ოპოზიციის პოზიცია ასეთია – ირაკლი კობახიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ არ გამოუვიდეს ვიღაცების „გაპრავება“, თვითონ ყველაფერს ახსნიან და ნათელი იქნება საზოგადოებისთვის.
როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები პარლამენტში, ეს უახლოეს დღეებში გამოჩნდება. foe.ge–სთან საუბრისას იურისტი ლევან ალაფიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე საუბარობს და განმარტავს, რომ უმრავლესობის განცხადებები საზოგადოებრივ პროტესტს ვერ ჩაახშობს.
უფლებამოსილება შეუწყდეს ზაქარია ქუცნაშვილს და გადადგეს პარლამენტის თავმჯდომარე – ოპოზიციის ამ მოთხოვნას უერთდება საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი. როგორ ფიქრობთ, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, პროცედურულად რამდენად სწორად არის საკითხი დასმული?
ლევან ალაფიშვილი: თავისთავად, ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებები გასაგებია, მაგრამ არ არის სწორი.
რას გულისხმობთ?
– ერთი დეპუტატი, რომელიც არის კონკრეტულ ქვეყანაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი და არა გადაწყვეტილების მიმღები, მასზე პასუხისმგებლობის ჩამოკიდება აბსოლუტურად არასწორია. საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან და ინსტიტუტებთან შეთანხმებით დიდი ხანია ეს ღონისძიება იგეგმებოდა, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სახელმწიფო დაცვის სამსხურთან. ასე რომ, საკითხის ამ დონეზე დაყვანა, რომ ერთმა დეპუტატმა აგოს პასუხი, აბსოლუტურად არ არის სწორი, მით უმეტეს, რომ ჩემი ქვეყნის სამხედროებს აყურებინეს, როგორ ავიდა საქართველოს უმაღლეს პოლიტიკურ ტრიბუნაზე ადამიანი, რომელიც 2008 წელს ბომბავდა საქართველოს, მაშინ, როდესაც ჩვენ ტერიტორიული მთლიანობა აღსადენი გვაქვს. რა მოჰყვება ამას სამხედრო ძალებში, როგორც მინიმუმ უსაფრთხოების და თავდაცვითი სტრუქტურებისთვის კარგად არის ცნობილი.
ფიქრობთ, რომ იცოდნენ სამხედრო ძალების რეაქცია, მაგრამ ამის მიუხედავად დაუშვეს ეს ფაქტი?
– უნდა ყოფილიყო ცნობილი და, თუ ეს მაინც დაუშვეს, ძალიან ცუდად ყოფილა საქმე და, მაშინ მათ უნდა დატოვონ თანამდებობა. ასე არ შეიძლება სახელმწიფოსთან მოპყრობა. ჩვენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენი გვაქვს, მტერი აქ გვყავს პარლამენტში და რა უნდა მოვთხოვოთ სამხედროებს?! მორალურად როგორ უნდა მოსთხოვს მეთაურმა სამხედროებს რამე ბრძანების შესრულება?! როგორც ვატყობ ამაზე არც უფიქრიათ.
ამ სკანდალის შემდეგ, უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის, მაგრამ სანამ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი პარლამენტში მივიდოდა, მას დახვდა სახელმწიფო დაცვა და გადაადგილდებოდა სახელმწიფო დაცვით. თავისთავად ჩნდება კითხვა, ადამიანი, რომლმაც მხარი დაუჭირა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობას“ და იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ვინ გამოუყო სახელმწიფო დაცვა?
– ძალიან სწორი და კარგი კითხვაა. ეს კითხვა მთლიანად აშიშვლებს ჩვენი მმართველი პოლიტიკური ძალის უნიათო მცდელობას, რომ იმართლონ თავი. თვითონ გავრილოვმა გაყიდა ესენი. მან ინტერვიუში აღნიშნა – საქართველოში კერძო ვიზიტებით რომ ჩამოვდივარ, იქ დაცვა არ მყავსო. დაცვა თქვენმა მთავრობამ დამახვედრაო. უსაფრთხოების სამსახური, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და პარლამენტი, ყველა იყო ჩართული. გავრილოვმა შეგნებულად გაუსვა ხაზი იმას, რომ მე ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე, ამ საპარლამენტო ასამბლეის პირველი პირი ვარო.
არ იცოდნენ ჩვენმა პარლამენტის წევრებმა?! რომელ საპარლამენტო სხდომაზე ყოფილა, რომ ფიზიკურად დასწრებულიყო სხდომას თავმჯდომარე და სხდომა წაეყვანა გენერალურ მდივანს, ყოფილა ასეთი?! – არ ყოფილა. ასე რომ, უმარვლესობის განცხადება არის თავის მართლების უსუსური მცდელობა. ჩვენ, საზოგადოებამ ეს არ უნდა გავატაროთ. პარაქტიკულად არ დარჩა სახელმწიფოში ინსტიტუტი, რომელსაც მნიშვნელოვნად არ შეერყა საფუძველი. ერთადერთი იყო სამხედრო ძალები, რომელიც მაღალი რეიტინგით და მორალური ავტორიტეტით სარგებლობდა ქვეყანაში, მაგრამ ამ შოუთი იქაც შეიძლება ძალიან მძიმე ვითარება შეიქმნას.
უმრავლესობის ყოფილი წევრი, ლევან კობერიძე მოუწოდებს არჩილ თალაკვაძეს და თამარ ჩუგოშვილს, რომ გულმხურვალე ფეისბუქპოსტების ნაცვლად უმრავლესობის გუნდში შეჯერდნენ თავის ღირებულებებზე, თუ არ ეთანხმებიან, დატოვონ უმრავლესობა. სწორი შეთავაზებაა, თუ არ ეთანხმები, მაშინ უნდა წახვიდე, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება უჭირთ უმრავლესობის ამ დეპუტატებს. რატომ, როგორ ფიქრობთ?
– ქართულმა საზოგადოებამ ნაკლები პოლიტიკური აქტიობის გამო დაუშვა ის, რომ ფესიბუქ პოსტებით ემართლებინათ თავი დეპუტატებს. აქცია, რომელიც მიმდინარეობს, ეს არის ძალიან კარგი გზავნილი დეპუტატებისთვის, რომ სამშობლოს ინტერესების დაცვის ხარჯზე აღარ გაუვათ ასეთი განცხადებები. შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი აქტიურობის კვალობაზე დააკორექტირებენ ჩვენი „არჩეულები“ თავიანთ ქცევებს. ეს სწორია, მაგრამ არასაკმარისი. სხვა რამის დროა, ამის იქით აღარ არსებობს არაფერი. ყველამ უნდა გავითვიცნობიეროთ პასუხისმგებლობა და პირველ რიგში ამომრჩეველმა. ამომრჩევლის გარეშე ხელისუფლება არ არსებობს. პასუხისხმგებლიანი ამომრჩეველი განსაზღვრავს ხელისუფლების ქცევას, ეს არის ძალიან მარტივი, რაც ყველამ უნდა გავათვიცნობიეროთ.
რამდენად იკვეთება პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი?
– როგორც იურისტისთვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონსტიტუცია, მაგრამ ახლა ვითარებაა, როდესაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა გამოიხატოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში. ამას უნდა მოჰყვეს კონკრეტული პასუხისმგებლობა. მორალური პასუხისმგებლობის გარდა, ჩვენგან განსხვავებით, დემოკრატიულ სახელმწიფოში უმრავლესობის წევრებს აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგელობა გამოიხატება მათი ხელისუფლებიდან ჩამოცილებით. მსჯელობა უნდა დავიწყოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე და მომზადება ამ პროცესის. ისეთი ავირჩიოთ, რომელიც „კოშმარში ვერ წარმოვიდგენდი“-ო იმას კი არ იტყვის, არამედ შეეშინდება ჩემი და შენი.
გასულ კვირას, აჭარაში ერთ–ერთ სასტუმროს თავზე აღიმართა რუსული დროშა, ეს ფაქტი გავატარეთ, ისევე როგორც რუსეთის მიერ დაფინანსებული ფორუმის ჩატარება საქართველოში, იგივე რუსული ბიზნესის შემოსვლა საქართველოში. თითქოს ხელისუფლება ცდილობს შეგვაჩვიოს იმას, რომ რუსეთი ოკუპანტი კი არ არის, მეზობელი სახელმწიფოა. ამ ფაქტის შემდეგ, ალბათ, ხელისუფლებას გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ ჩვენი არჩევანი არის ნატო და ევროკავშირი.
– გვინდა საქართველო? – პირველ რიგში ეს არის მთავარი. შემთხვევით არ მითქვამს, რომ ეს არის უკიდურესი წერტილი, რომლის იქეთ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ბორდერიზაციას და საზღვრის გადმოწევას – არა უშავსო, ჩვენი მოქალაქეებს რომ იტაცებენ – არა უშავსო, პომპეოს განცხადებას – არა უშავსო, მთავარია რუსი მაღალჩინოსნები არ გაგვიბრაზდნენო – ესეც გავატარეთ. ეს არის ის ფაქტები, რასაც 2012 წლის შემდეგ ვუყურებთ. ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რაც ახლა ხდება. ჟენევის ფორმატი მოკლეს, უცხოელების რცხვენიათ, თორემ გააუქმებდნენ ჟენევის ფორმატს, ამაში დარწმუნებული ვარ.
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი თვლის, რომ ასეთი სკანდალის შემდეგ სულ მცირე პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გადადგეს. ამ ვითარებაში კობახიძის გადადგომა რა პოლიტიკურ სურათს იძლევა?
– პარლამენტი უნდა წავიდეს სახლში. ერთი თავმჯდომარე და ერთი დეპუტატი კი არა, მთალიანად პარლამენტი უნდა წავიდეს სახლში. როდესაც რიგგარეშე არჩევნებზე ვსაუბრობ, სწორედ ამას ვგულისხმობ. ამ პარლამენტმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაიწყოს პროცესი რიგგარეშე არჩევნების მზადებისთვის. კობახიძის წასვლით რა იცვლება, გარდა იმისა, რომ თალაკვაძე დაჯდება იმ საკამზე, რომელშიც გავრილოვი იჯდა. საერთოდ უნდა დავწვათ ის სკამი, შავი ბანერი უნდა ჩამოვაფაროთ იმ ადგილს, რომ გვახსოვდეს ყველას რაც მოხდა. არ იქნება კობახიძე, იქნება თალაკვაძე – რა შეიცვლება იმით? კოლექტიური პასუხისმგებლობა ხომ ერთია?! ამიტომ მე უფრო რადიკალური ვარ, რაც მოიცავს იმას, რომ არ შეიძლება ასე გაგრძელება. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ და დავიწყოთ მზადება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე.
რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, ეს ბუნებრივია, ნახა პროტესტის რა ტალღა იყო, მაგრამ ეს არის ე.წ. თავის მართლების რეაქცია მზარდ ტალღაზე, რომელიც საზოგადოებას აქვს და რომელიც წალეკავს ამ მმართველ პოლტიკურ ძალას. ბუნებრივია, ახლა უნდა გააკეთონ განცხადება, მაგრამ როგორ ჩამოვიდა ისე, რომ არ იცოდა სუს–მა, სპეცსამსახურმა, პარლამენტმა; არ იცოდნენ დღის წესრიგი და ისიც, რომ ამ პლენარული სხდომის თავმჯდომარე გავრილოვი იყო. იცოდნენ! ნახეთ რას ამბობენ, ეს კი ვიცოდით, მაგრამ სკამში ჩაჯდომისთვის ქუცნაშვილს გავუშვებთო. ეს არ არის სერიოზული. არ ვფიქრობ, რომ ეს განცხადება ჩაახშობს პროტესტს.