დავით სერგეენკო „ოცნებაში“ მოსწონთ, მის სურათებს ბანერებზე აკრავენ, მას საპრეზიდენტო კანდიდატადაც განიხილავდნენ, მაგრამ სერგეენკომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ეს დაახლოებით იგივე სცენარია, როგორც ქობულიას შემთხვევაში, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ საუკეთესო პროფესიონალად მიაჩნდათ, მაგრამ მას მოძრაობის ტემპი დაუწუნეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერგეენკოსაც განცხადების დაწერა მოსთხოვეს, მაგრამ ქობულიას მსგავსად მისგანაც თურმე უარი მიიღეს. თუმცა დავით სერგეენკო ვითარებას ნათელს ხდის და ამბობს, რომ ამ ტიპის ცვლილებები სწორედ მისი რეკომენდაცია იყო და პრემიერიც დაითანხმა. სერგეენკო მთავრობის კანცელარიაში ჯანდაცვის საკითხებში პრემიერის მრჩევლად დაინიშნება.
პირადი მკურნალის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი პირად სტომატოლოგზე - ეკატერინე ტიკარაძეზე დებს ფსონს. სერგეენკო მისი შემცვლელის წარდგენას თავად დაესწრო და აღნიშნა, რომ ტიკარაძის კანდიდატურა თავად შესთავაზა პრემიერს. დღეს იგი ადასტურებს, რომ ეს გადაწყვეტილება ადვილად მისაღები არ ყოფილა. პრემიერთან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა მის გაშვებასთან დაკავშირებით. დავით სერგეენკო იმასაც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ თემასთან დაკავშირებით მას არ შეხვედრია.
დღემდე დავით სერგეენკოს თანამდებობიდან გაშვების რამდენიმე ვერსია სახელდებოდა, რომ ჯანდაცვის რეფორმა ჩავარდა; მეორე ვერსიაა, რომ კლანურ დაპირისპირებას გადაყვა ჯანდაცვის მინისტრი და მესამე ვერსია - ივანიშვილს მისი მაღალი რეიტინგი არ მოეწონა. თუმცა სერგეენკო თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად საკუთარ სურვილს ასახელებს.
ოპოზიციონერი დეპუტატი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ სერგეენკოზე არსებობს ეჭვი, რომ ის კორუფციაში იყო ჩართული, რასაც არც ბოკუჩავა გამორიცხავს.
გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ ჩვენ გადავიქეცით შპს-დ, სადაც ივანიშვილი გვინიშნავს თავის პირად მომსახურე პერსონალს.
დავით უსუფაშვილი კი ამბობს, რომ იგი ელოდა, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე სერგეენკოს გაარიდებდნენ მინისტრობას და მის პოზიტიურ იმიჯს გამოიყენებდნენ 2020 წლისთვის. თუმცა „ოცნებაში“ მოიფიქრეს ყველაზე დამაზარალებელი ვერსია იმ ადამიანის გაშვების, რომელიც დღემდე საამაყოდ ჰყავდათ. უსუფაშვილის აზრით, „ოცნების“ მაზოხისტური ნაბიჯებისკენ მიდრეკილება უსაზღვროა, სერგეენკოს კი გამძლეობისთვის ჯილდო ეკუთვნის.
Welfare Foundation-ის წარმომადგენელი სიმონ გაბრიჭიძე აცხადებს, რომ დავით სერგეენკოს დროს ჯანდაცვის სისტემა ქაოსურად მუშაობდა და კომერციული სექტორის ძლიერ გავლენას განიცდიდა. მინისტრი ამ სექტორის ინტერესს ითვალისწინებდა, პირველადი ჯანდაცვა ქვეყანაში არ არსებობდა და მოქალაქეებს ეზრდებოდათ სამედიცინო ხარჯები.
რეალურად, დავით სერგეენკო ის იშვიათი გამონაკლისი იყო თეა წულუკიანთან ერთად, რომელიც უცვლელად ინარჩუნებდა თანამდებობას. 3 პრეზიდენტი და 4 პრემიერი შეიცვალა, მაგრამ ხელშეუხებელი იყო დავით სერგეენკო.
ოპოზიციის მტკიცებით, სერგეენკოს ბედი მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა მის მაღალ რეიტინგზე იეჭვიანა. „ენ-დი-აი“-ს ბოლო კვლევით, სერგეენკო ხალხის რჩეულად დასახელდა და კახა კალაძესთან ერთად მოსახლეობის სიმპათიის 40-40% დაიმსახურა. ამ მაჩვენებლით კი ივანიშვილის რეიტინგსაც გადაუსწრო.
პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სიმშვიდის, კონსტრუქციულობის გამო დავით სერგეენკო მაღალი რეიტინგის პოლიტიკოსია. ამდენად, შეუძლებელია იგი არ გამოიყენონ.
„თუ დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრი არ იქნება, არ შეიძლება, სადმე არ გამოყენონ და უკეთესი რამ არ შესთავაზონ. შეიძლება, შემონახული კრედიტის სახით გამოჩნდეს მომავალ არჩევნებზე. თუნდაც იმავე ღარიბაშვილის მაგალითი ავიღოთ, ვინც ნორმალურად იქცევა, პოლიტიკური ველიდან არ გადის ხოლმე“, - მიიჩნევს თამარ კიკნაძე.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ კლანურ დაპირისპირებაზე საუბარი გადაჭარბებულია. გარკვეული დაპირისპირებები ყველგან არის, მაგრამ დამატებითი არგუმენტების გარეშე ამას კლანურ დაპირისპირებას ვერ დავარქმევთ.
„ძირითადად ჯანდაცვის რეფორმის იდეა და პრინციპი იყო სწორი, საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა გაცილებით მეტია და როგორ შეიძლება შევადაროთ წინა ხელისუფლების პირობებში არსებულ მდგომარეობას. განსხვავება ცა და დედამიწასავითაა. თუმცა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა რომ გაიზარდა, ეს არ ნიშნავს მიღწევით დავკმაყოფილდეთ. სერგეენკო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო, მას დიდი ავტორიტეტი და პოპულარობა ჰქონდა. ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც მასზე აუგს იტყვის, გარდა „ნაცებისა“, რომლებიც ყველას ლანძღავენ. მე მაგალითად, გული დამწყდა, რომ სერგეენკო, ეს ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი, წავიდა თანამდებობიდან“, - აცხადებს ჩვენთან საუბარში დავით ზარდიაშვილი და არ ეთანხმება ოპოზიციის მოსაზრებას, თითქოს სერგეენკო „ენ დი აი“-ს მაღალი შეფასების გამო გაუშვეს.
ანალიტიკოსის თქმით, სერგეენკოს ღრმა სპეციფიურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ის იყო ჯანდაცვის მინისტრი, არ მოიაზრებოდა გლობალური მასშტაბის პოლიტიკურ ლიდერად და არც ჰქონდა ამის ამბიცია. მას ებარა კონკრეტული მიმართულება და ამ მიმართულებით იყო ძალიან წარმატებული, არც პრემიერმინისტრობა უნდოდა და არც პრეზიდენტობა. ის სამედიცინო დარგის ლიდერი იყო, ყველაზე წარმატებული საქართველოს უახლოეს ისტორიაში.