„თუ ლევან ვასაძე პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს, ის შეიძლება პრობლემური გახდეს „პატრიოტთა ალიანსისთვის“

„თუ ლევან ვასაძე პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს, ის შეიძლება პრობლემური გახდეს „პატრიოტთა ალიანსისთვის“

თეთრი ჩოხითა და ჯვრით ხელში ლევან ვასაძე ხმაურით შემოიჭრა ქართულ პოლიტიკაში და მრავალმხრივი ეჭვის საფუძველი გაუჩინა ყველაფრით დაეჭვებულებს, ხომ არ არის ის რუსეთის კაცი, ხომ არ იბადება მისი ხელით ახალი „მხედრიონი“, სამოქალაქო დაპირისპირებამდე ხომ არ მიგვიყვანს?! ნაკლებად დაეჭვებულები გულს იმშვიდებენ, რომ „მხედრიონში“ სხვანაირი ადამიანები იყვნენ, ლევან ვასაძის შეფიცულები კი ძალიან შორს არიან „მხედრიონისგან“, უბრალოდ, 2020-ში ისინი შეიძლება მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად იქცნენ.

ამ ორი პოზიციის გარდა, არის მესამე თვალთახედვაც. მათთვის, ვისთვისაც ლევან ვასაძის რაინდული ბუნება რწმენის საკითხია, კითხვები არ არსებობს და შედეგიც აშკარაა: საჯაროდ დადებული ფიცი, სამშობლოსთვის შეფიცულები, სახალხო ლეგიონი, კომბლიანი მოხალისეები, რომლებიც ხელს შეუშლიან „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას.

ლგბტ-ეებისგან ხელთათმანი ნასროლია და შეფიცულები წმინდა დედაქალაქ მცხეთის სიახლოვეს მდებარე თბილისში, ანუ ჩვენს ახლანდელ წმინდა დედაქალაქში, სიბილწეს არ დაუშვებენ.

როგორი პერსპექტივა ელის ლევან ვასაძეს, თუკი იგი პოლიტიკაში ნამდვილად აპირებს შემოსვლას და დგას თუ არა მის უკან ბიძინა ივანიშვილი?! ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

რამდენად სწორი გათვლა იყო ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლა ლგბტ პირებზე გალაშქრების მოტივით? და, თუკი ის მართლაც შემოდის პოლიტიკაში, იქნება კი დამოუკიდებელი ფიგურა, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ვასაძის ახალ პარტიას 15 მილიონი დოლარით დააფინანსებს.

- 15 მილიონის ამბავი მოგონილი მგონია, რადგან კარგად ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს და მეეჭვება, ასეთი ნაბიჯი გადადგას. რაც შეეხება საკუთრივ ლევან ვასაძეს, იგი ამ ქვეყნის მოქალაქეა და აქვს კონსტიტუციური უფლება, პოლიტიკაში მიიღოს მონაწილეობა. ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონტექსტი, რა თქმა უნდა, იგრძნობა. მოგვწონს თუ არა, ეს ელექტორალური სეგმენტი არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, შესაბამისად, იმისთვის, რომ ამ სეგმენტის კაპიტალიზაცია მოახდინო, სწრაფ და ეფექტურ შედეგს მიაღწიო, აგრესიულად შემოჭრა პოლიტიკურ ბაზარზე მიღებული ფორმაა. თუკი ვასაძე დააპირებს პოლიტიკაში შემოსვლას, მას შეუძლია ეს კაპიტალი მოიპოვოს. რამდენად კარგია, თუ ცუდია, მე ამაზე ახლა არ ვმსჯელობ, არამედ წმინდა პოლიტტექნოლოგიური თვალსაზისით გეუბნებით, რომ, ჩემი აზრით, ეს სეგმენტი არ არის კრიტიკული. ამ სეგმენტის მოცულობა დაახლოებით 10-15%-ია; შეიძლება, ვასაძეს ამაზე მეტის ამბიცია არც აქვს.

ლევან ვასაძეს ეკლესია მეტ-ნაკლებად მხარს უჭერს. თუკი გავითვალისწინებთ მართლმადიდებლური ეკლესიის დიდ რეიტინგს, მაინც ასე მცირე 10-15% ექნება ვასაძეს?

- ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ მრევლი არჩევანს აკეთებს ეკლესიის მითითებით. ცხადია, არიან ისეთი მორწმუნეებიც, რომლებისთვისაც ეკლესიის სიტყვა გადამწყვეტია, მაგრამ დამერწმუნეთ, ასე არ ხდება სინამდვილეში. ეკლესიის პატივისცემა მრევლისთვის არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ არჩევანშიც მას დაუჯერონ. ამის პრეცედენტები ადრეც ყოფილა, მაგრამ ეფექტი არ იყო ისეთი მაღალი, ვიდრე მოლოდინი. ასე რომ, გადაჭარბებულად მიმაჩნია ისტერიკა. რასაც ახლაც ვაკვირდები, არასასიამოვნოა, რომ ასეთი რაღაცები ხდება, მაგრამ ვითარების დრამატიზებაც არ იქნებოდა სწორი.

ლევან ვასაძის ირგვლივ დარაზმული ადამიანები ზოგიერთებმა არაფორმირებულ დაჯგუფებებს შეადარეს. რამდენად სწორია თვითონ ვასაძისეული კომბლების რევოლუციის იდეა?

- საერთოდ, თუ ჩვენ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, სახელმწიფოში არსებობს კანონი და ნებისმიერი პარტია, პოლიტიკური მოღვაწე, თუ უბრალოდ მოქალაქე ვალდებულია კანონმდებლობის ფარგლებში იმოქმედოს. კანონმდებლობის მიღმა გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი უკანონო ქმედებაა. თავი გავანებოთ იმას, რომ უკანონო ქმედება დასჯადია, არა მგონია, ადამიანებსაც მოსწონდეთ ამ ტიპის ექსტრემალური გამოხტომები, თუკი რევოლუციური სიტუაციის საფუძველი არ არის მომზადებელი. არა მგონია, ქვეყანში დღეს რევოლუციური სიტუაცია იყოს. აქედან გამომდინარე, კანონს მიღმა და კანონის ზღვარზე რიტორიკა, ჩემი აზრით, დამაზიანებელია თვითონ იმ ადამიანისთვისაც, რომელიც ამ რიტორიკით მოქმედებს.

„შეფიცულები“ მიიჩნევენ, რომ პოლიციამ ხალხის დაკვეთა უნდა შეასრულოს და არა ამერიკის ან სხვა ქვეყნების დაკვეთა.

- თუ კანონი არ ვარგა, ამას სჭირდება ბრძოლა ასეთი კანონის შესაცვლელად. უვარგისი კანონის შეცვლისთვის უნდა იბრძოდე და არა იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს კუნთების თამაში დაუწყო. ეს აზიანებს არა მარტო სახელმწიფოს იმიჯს, აზიანებს იმასაც, ვინც ამის გაკეთებას ცდილობს.

თვითონ სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობაა ლევან ვასაძის მიმართ. დეკანოზი პეტრე კოლხი მიიჩნევს, რომ ვასაძემ რაინდულ სულს უღალატა და ის ცოდვასთან ერთად ებრძვის ცოდვილსაც, ამით კი ავიწყდება ჰაერში აღმართული ქრისტეს მკლავი, საზოგადოებისგან განწირულ დედაკაცს რომ გადაეფარა.

- 100%-ით მართალი რომ იყო და ჭეშმარიტებას ქადაგებდე, თუ ამას აგრესიულად აკეთებ, ეს უკვე ანტირელიგიური ქმედებაა. ერთ-ერთი ფუნდამენტი, რაზეც დგას სარწმუნოება, შემწყნარებლობაა. ნებისმიერი აგრესია, რაც არ უნდა ნათელი მიზნები გამოძრავებდეს, ეწინააღმდეგება თუნდაც იმ პრინციპებს, რისი სახელითაც თითქოს მოქმედებ.

ზოგიერთები ამ პროცესის მიღმა პრორუსულ ჯგუფთა გააქტიურებას ხედავენ. თქვენ თუ ხედავთ რუსულ ინტერესებს?

- შეთქმულების თეორიას ვერ ავყვები და ვერავის ბრალდებას ვერ წავუყენებ, თუმცა ირიბად რომ ვთქვა, ულტრაკონსერვატიული ნარატივი რუსეთს აწყობს. ეს არის ის სეგმენტი, სადაც რუსეთმა უნდა ეძებოს მოკავშირეები. ვერ ვიტყვი, რომ ეს მოკავშირეობაა და კოორდინირებულია რუსეთთან, მაგრამ, პრინციპში, ეს ორი პროცესი პარალელურად ვითარდება. დარწმუნებული ვარ, რუსეთის გავლენის აგენტურა ძალიან აქტიურად მოქმედებს ამ პერიოდში საქართველოში და ეს გავლენის აგენტურა ყველგან არის, მათ შორის, ლიბერალურ ფრთაშიც, რადგან, თუ შენ გინდა დიდი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინო, შენ ორივე მხარეს გჭირდება გავლენის აგენტები. ეჭვი მაქვს, რომ თუნდაც ამ დაპირისპირებაში რუსული გავლენის აგენტები მოქმედებენ, როგორც ამ ფრთაზე, ასევე, მის საწინააღმდეგო ფრთაზე, ანუ ლგბტ აქტივისტების ფრთაზე, რათა შედეგი მიიღონ. მათ სურთ, შუბლით დაატაკონ ადამიანები, ორივე მხარეს დაქოქონ სიტუაცია, რადგან, თუ ერთ მხარეს მაინც შერჩა საღი აზრი, შეიძლება შედეგი ვერ მიიღონ. ამიტომ, ჩემი აზრით, გავლენის აგენტები იქითაც მოქმედებენ და აქეთაც.

რუსეთში ფულის კეთება აპრიორი ნიშნავს, რომ რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული ბიზნესმენი უკვე რუსულ საქმეს ემსახურება? შეგვიძლია ასეთნაირად დავინახოთ ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელმაც ფული რუსეთში იშოვა, მათ შორის, ლევან ვასაძეც?

- არ შეიძლება ასეთნაირად დავინახოთ სიტუაცია, რადგან ამით შეურაცხყოფას მივაყენებთ საქართველოს რამდენიმე ასეულ ათას მოქალაქეს, რომელიც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, მუშაობდა რუსეთში. საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად, ძალიან ბევრი ადამიანი ჩარჩა რუსეთში, ბევრი გულანთებული პატრიოტი ახლაც მოღვაწეობს ჩვენს ჩრდილოეთით მდებარე ამ ქვეყანაში და ამ ხალხის სტიგმატიზება სახიფათო და არასწორი იქნება. ეს უსამართლო გზაა. თანაც, ნუ წარმოვიდგენთ, რომ ერთ და ორ კაცზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ვლაპარაკობთ ასეულ ათასობით ჩვენს თანამოქალაქეზე. არა მგონია, ისინი ჩვენზე ნაკლები პატრიოტები იყვნენ.

როგორც ჩანს, ლევან ვასაძის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში თქვენ არ გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ იგი მესამე ძალად იქცევა, ან დიდ გარღვევას მოახდენს ჩვენს პოლიტიკაში?

- თუკი ლევან ვასაძე პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს, მას ექნება თავისი ელექტორალური სეგმენტი, რაც, სხვათა შორის, საკმაოდ პრობლემური შეიძლება გახდეს „პატრიოტთა ალიანსისთვის“, რადგან მათი ელექტორალური სეგმენტი სერიოზულ კვეთაშია ერთმანეთთან. მაგრამ ლევან ვასაძე ძირითად ელექტორალურ მასას ვერ შეეხება. კიდევ გავიმეორებ, მას აქვს 10-15%, ესეც „პატრიოტთა ალიანსის“ ხარჯზე, ეკლესიაც მას გარკვეულ პროცენტებს აძლევს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ლევან ვასაძის ხელისუფლებაში მოსასვლელად.

 

სოციალისტი ლევან ვასაძე პოლიტიკაში არ შემოვა. თუ შემოვა , შემოვა პატრიოტთა ალიანსთან ერთად და მას გააძლიერებს! ლევან ვასაძეს საქართველო ისე გულწრფელად უყვარს, რომ პიროვნული ამბიციების მოთოკვას ნამდვილად შეძლებს!
5 წლის უკან
tngh დროა "პატრიოტთა ალიანსმა" და "დემოკრატიულმა მოძრაობამ" ყურად იღოს საზოგადოების პატრიოტული ნაწილის დაკვეთა... შექმნან საარჩევნო ბლოკი და მონაწილეობა ისე მიიღონ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ამისათვის მხოლოდ საკუთარი ამბიციების და პატივმოყვარეობის დათმობაა საჭირო...
5 წლის უკან
უ ც ხ ო :
ყველაფრის მცოდნე რომ არის ხუხაშვილი - გასაგებია, მაგრამ ის საიდანღა დაადგინა, 10-15% დაუჭერს მხარს ლევან ვასაძეს, მეტი თუ ნაკლები? რამდენადაც ვიცი, არც ერთ გამოკითხვაში ეს საკითხი არ დასმულა და თვითონ თუ ჩაატარა გამოკითხვა ფარულად, ეგრე თქვას... თუ არა და, "მე მგონია" მაინც დააყოლოს ხოლმე, ამ პროცენტებს რომ იმეორებს ინტერვიუდან ინტერვიუში!
5 წლის უკან
tngh "პალიტრანიუსი" უკვე გადაიქცა ტ/კ "ხუხავიზიად". მალე ალბათ for.ge გახდება... ხუხა. გე
5 წლის უკან
tngh ნეტავ გამაგებინა, თავისი თავი ვინ ჰგონი "ხუხას"... ყველას, რომ ჭკუას ასწავლის...
5 წლის უკან