მამუკა ბახტაძე გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორებს უწოდებს, თუმცა მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებს არ უარყოფს. პრემიერ–მინისტრი აცხადებს, რომ გუნდში განახლება და ახალი სისხლი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში ახალი სისხლი 42 წლის ეკატერინე ტიკარაძე იქნება, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, რომელიც კომპანია „დოსტაქარის“ აღმასრულებელი დირექტორია და რომლის შემადგენლობაში შედის საჩხერის მულტიფუნქციური საავადმყოფო.
მთავრობის კულუარებში ადასტურებენ, რომ შემდეგი, ვინც მინისტრთა კაბინეტს დატოვებს თეა წულუკიანია, რომელიც „ოცნების“ ყველაზე ურეიტინგო მინისტრია.
რაც შეეხება დავით სერგეენკოს, არსებული ინფორმაციით, იგი „ქართული ოცნების“ გუნდში რჩება. სერგეენკოსთან დაკავშირებით მოლოდინები დიდია, არაოფიციალური ინფორმაციით, სერგეენკო „ოცნების“ საარჩევნო სიაში პირველი იქნება, რომელიც არჩევნის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რომელიც მომავლ პრემიერ–მინისტრად სახელდება, აცხადებს, რომ ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ინფორმაციას პრემიერ–მინისტრი მიაწვდის. ცქიტიშვილი აცხადებს, რომ დავით სერგეენკო გუნდის წევრია.
„ნებისმიერ ასეთი სახის ინტერპრეტაციას საერთოდ გამოვრიცხავ. პრემიერ–მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი სახის საკადრო გადაწყვეტილება და, თუ ასეთი საკადრო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამის თაობაზე პირველ რიგში ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრის პორტფელის დატოვებას ადასტურებს ჯანდაცვის ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი, რომლის განცხადებით, მთავრობაში ცვლილებები პრემიერის პრეროგატივაა და მას ამის გაცხადების შესაძლებლობა არ უნდა წავართვათ.
„ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერ–მინისტრი პრეროგატივა, მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება განაცხადოს და ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას. ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, ეს ყველაფერი არის პრემიერ მინისტრის მისაღები გადაწყვეტილება“, – აცხადებს დავით სერგეენკო.
მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ საკანონდმებლო ორგანოში. ვიცე–სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, რა გარემოებებია ზუსტად და რის გამო ხდება ეს ცვლილება, თუკი მოხდა, რასაკვირველია, ამაზე მთავრობას ექნება დამატებითი კომენტარი.
„არც უარვყოფ და არც ვადასტურებ, თუმცა ეს პრეროგატივა ეკუთვნის პრემიერ–მინისტრს და ის დაგვპირდა, რომ უახლოეს პერიოდში გააკეთებს შესაბამის განცხადებას. როდესაც ასეთი საკითხი წყდება, ეს არის საერთო კონსენსუსი - ხვდებიან ადამიანები, ფიქრობენ და რასაკვირველია, იქ განცხადება დაიწერება. პრინციპში, თემაზე ეფექტური იყო თუ არა ჯანდაცვის მინისტრი, სადავო არავის არ აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ოპოზიციაში ფარულ დაპირისპირებაზე საუბრობენ, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა შეეწირა. უმრავლესობის ყოფილი წევრი, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ აშკარაა გარკვეულ ჯგუფებს შორის ფარული დაპირისპირებები. დეპუტატი თვლის, რომ სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლა არანაირად არ იქნება სწორი, გამართლებული და კარგი ნაბიჯი, რადგან თვლის, რომ ჯანდაცვის მინისტრს რეფორმების გასატარებლად საკმაოდ დიდი რესურსი ჰქონდა.
„თუ ეს ასე მოხდება, რაც ჯერ დადასტურებული არ არის, ვფიქრობ, რომ არანაირად არ იქნება სწორი, გამართლებული და კარგი ნაბიჯი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რეფორმა გასატარებელია, მე ვთვლი, რომ სერგეენკოს საკმაოდ დიდი რესურსი აქვს იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის რეფორმები გაატაროს. ერთი რამ შეიმჩნევა, რომ აშკარა არის გარკვეულ ჯგუფებს შორის ფარული დაპირისპირებები“, – ამბობს ლევან კობერიძე.
ლევან კობერიძე განმარტავს, რომ შესაძლოა სერგეენკოს გადაყენება მის მაღალ რეიტინგს პირდაპირ არ უკავშირდებოდეს, თუმცა, დეპუტატი ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრების უმრავლესობისთვის ჯანდაცვის მინისტრის რეიტინგი მოსაწონი არ იქნებოდა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მინისტრების დანიშვნა–მოხსნასთან დაკავშირებით, ივანიშვილთან შეთანხმებით, ან მისი პირადი მითითებით მიიღება.
კობერიძეს მსგავსად, შიდა კლანურ დაპირისპირებაზე საუბრობს დეპუატატი ბექა ნაცვლიშვილი, რომლის შეფასებით, ეს არის კლანური დაპირისპირება, სადაც სერგეენკო, როგორც მთავრობის წევრი, დამარცხდა. დეპუტატის განცხადებით, სერგეენკო მთავრობის სხვა წევრებთან შედარებით რეიტინგული მინისტრი იყო და სწორედ ამის გამო, ის კლანურ ბრძოლას შეეწირა.
„ნებისმიერი მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება–დანიშვნასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის თანხმობაა საჭირო. გამომდინარე აქედან, დარწმუნებული ვარ, რომ პარტიის თავმჯდომარის გარეშე პრემიერი ბახტაძე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ჯანდაცვის მინისტრი პოლიტიკოსი უნდა იყოს და არა ვიწრო სპეციალობის მქონე პირი. საექიმო საქმიანობის გამოცდილების მინისტრები კიარა პოლიტიკოსებია საჭირო“, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმები წარუმატებელი იყო, ის არ ყოფილა კორუმპირებული თანამდებობის პირი. დეპუტატი აცხადებს, რომ სერგეენკო გაათავისუფლეს შიდა ინტრიგების გამო.
„მიზეზები უნდა ვეძებოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ფსიქოლოგიაში, ამიტომ, მე ფსიქოლოგიურ კვლევებს ვერ დავიწყებ. ძალიან საყვარელი მინისტრებია, როგორც ჩანს, უყვარს ასეთი გამონათქვამი და ერთ-ერთი საყვარელი გაწირა, როგორც ამბობენ, შიდა ინტრიგების გამო.
ის არ იყო კორუმპირებული და მან ბევრი კორუმპირებული თავისი მოადგილე თუ თანამშრომელი გაათავისუფლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სერგეენკოს მიერ ჩატარებული ეკონომიკური რეფორმები იყო ცუდი, ვინაიდან მრავალი მილიარდი დაიხარჯა ამ წლების განმავლობაში, რომელსაც არ ჰქონდა სათანადო უკუგება, ეს კი უშუალოდ მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის მიდგომების ბრალი იყო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სერგეენკოს შეცვლა პრობლემებს ვერ მოაგვარებს. როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, ჯანდაცვის სისტემაში უამრავი ხარვეზი არსებობს, რომელიც არ მოგვარდება ვიდრე ხელისუფლება სრულად არ შეიცვლება.
„თუ მინისტრის ცვლილება ჯანდაცვის სფეროში სინამდვილეს შეესაბამება, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მინისტრების ცვლილება ჯანდაცვის სფეროში არსებულ უზარმაზარ პრობლემებსა და გამოწვევებს „ქართული ოცნები“ პირობებში ვერაფერს უშველის. აქ მთავარი პრობლემა არის საყოველთაო ჯანდაცვის არასწორი სტრუქტურა, არასწორი დიზაინი და ფულის უყაირათო ხარჯვა, რაც აკლდება 10 ათასობით პაციენტს. ამის გამოა ზუსტად, რომ მედიკამენტების პროგრამა არის უფუნქციო. წარმოუდგენელი მგონია, რომ ან სერგეენკოს ან მისი შემცვლელის პირობებში რამე შეიცვალოს, ვიდრე არ მოხდება ხელისუფლების ცვლილება და ზოგადად პოლიტიკის შეცვლა“, – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.