ივანიშვილის საკადრო კარუსელი სტარტს იღებს

ივანიშვილის საკადრო კარუსელი სტარტს იღებს

საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები – ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც მმართველ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, „ოცნება“ 2020 წლისთვის საზოგადოების წინაშე განახლებული პოლიტიკური პროგრამითა და გუნდით წარდგება. for.ge–ს ინფორმაციით, მუშაობა დაწყებულია ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე, ასევე დაწყებულია კონსულტაციები საზოგადოების გარკვეულ წრეებთან.

უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ განახლება იქნება საკმაოდ მასშტაბური, მათ შორის საპარლამენტო წარმომადგენლობის კუთხითაც, რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ საზოგადობას განახლებულ გუნდს შესთავაზებს. სტრუქტურული ცვლილებების პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობაში მორიგი საკადრო კარუსელი შემოდგომაზე დატრიალდება. ერთ–ერთი ვერსიით მამუკა ბახტაძეს ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შეცვლის, რომელიც პარტიის თავმჯდომარესთან საკამოდ დააახლოებული პირია.

კულუარებში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მაია ცქიტიშვილთან და გიორგი გახარიასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს, ვიდრე პრემიერ–მინისტრთან. პრემიერ–მინისტრთან ერთად იცვლება მთავრობის ეკონომიკური გუნდი – ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ივანიშვილი უკმაყოფილებას არ მალავს ფინანსთა მინისტრის მიმართ, რომელიც საქართველოს მთავრობაში ყველაზე არარეიტინგული ფიგურაა.

როგორც წესი, მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ საპარალამენტო უმრავლესობის წევრები. ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ მთავრობაში ამ ეტაპზე არავითარი გადანაცვლებები არ იგეგმება.

„თვეში ერთხელ, თუ უფრო ხშირად არა, ვისმენ საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას. რაღაც გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, გადანაცვლებები ხდება ხოლმე, ეს ჩვეულებრივი ამბავია. შემდეგ მიდის კამათი, ვინ გააკეთა სწორი პროგნოზი და ვის შეეშალა, თუმცა შეშლა ნაკლებად ახსოვთ და „ხომ ვამბობდი“ – ასეთი ნიშნის მოგებით განცხადება ბევრს ახსოვს. არავითარი გადანაცვლებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, მომავალში თუ იქნება, ამის თაობაზე ყველას გვეცოდინება წინასწარ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, პრემიერ–მინისტრის თანამდებობა მაია ცქიტიშვილმა დაიკავოს. ანრი ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ ამ თემაზე არანაირი საუბარი არც ერთ შეხვედრაზე არ ყოფილა. დანარჩენი შეფასება კი, როგორც ოხანაშვილი აცხადებს, პრემიერის პრეროგატივა არის.

ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, უმრავლესობაში ინფორმაციას რომ არ ფლობენ, ამაში უცნაური არაფერია, რადგან ჟურნალისტები გაცილებით ადრე გებულობენ ნებისმიერ ინფორმაციას, ვიდრე საპარლამენტო უმრავლესობა.

„რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს იმიტომ, რომ ივანიშვილის ქმედება პოლიტიკურ ლოგიკას ნაკლებად ემორჩილება. პარლამენტში დაიწყო ახალი გადაჯგუფებები, პოლიტიკური ლოგიკა მოითხოვდა, პროცესი გადანაცვლებულიყო მთავრობაში და მომხდარიყო გარკვეული ცვლილებები. ჩამოყალიბებულიყო ახალი გუნდი, რომელიც წარადგენდა საშუალო მოკლევადიან გეგმას და გრძელვადიან სტრატეგიას. ეს იქნებენოდა რეალური ცვლილებები და, რაც მთავარია, პოლიტიკურად გამართლებული. მაგრამ ჯერჯერობით ვხედავთ, რომ პროცესი საპარლამენტო უმარვლესობაში არ დასრულებულა“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, ძაბირაძე ამბობს, რომ მოულოდნელი არაფერი ხდება, მაგრამ ვერც იმას ამბობს, რომ აუცილებლად შემოდგომაზე განხორციელდება მორიგი საკადრო ცვლილება. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ეს ცვლილებები, შესაძლოა, განხორციელდეს ახლაც, მიმდინარე ვითარებაში. მისი თქმით, ხელისუფლებას, რომელსაც ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, ნდობის დაბალი მაჩვენებელი, მნიშვნელოვანია არა პიროვნებების ცვლა, არამედ ცვლილება, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული.

„თუ ახალ გუნდს, რომელიც მეთაური უნდა იყოს ისევ ივანიშვილი, ექნება მწყობრი გეგმა იმასა, რა ცვლილებები და რეფორმები უნდა განხორციელდეს მთლიანად, პროგრამა სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით, მაშინ ეს ცვლილებები დროზე უნდა გაკეთდეს. არჩევნებამდე რაღაცა შედეგი დაიდოს და მოსახლეობამ დაინახოს, რომ ახალმა გუნდმა რაღაცა პოზიტიური შედეგი მოიტანა.

თუ ასეთი რამ არ იგულისხმება, უბრალოდ პერსონალური ცვლილებები უნდა განხორციელდეს, მაშინ, რაც უფრო გვიან შემოდგომაზე განხორციელდება ცვლილება, მით უკეთესი ხელისუფლებისთვის. იტყვის, რომ პერსონალიები შევცვალეთ და რაღაცას ვიწყებთო, რაც გააჩენს დადებით განწყობას ამომრჩეველში, თუ რა თქმა უნდა, შესაბამისი რეიტინგის პიროვნებები მოვლენ ხელისუფლებაში. სხვა შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის როდის შეცვლიან, დღეს, თუ მომავალ გაზაფხულზე“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

რამდენად იზრუნებს ხელისუფლება რეიტინგის გაზრდაზე – პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ერთ–ერთი საკვანძო საკითხია. იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება დათანხმდება პროპორციულ სისტემას, მაშინ ისეთი რეზერვი მანდატების მოპოვებისა, როგორიც მაჟორიტარულ სისტემაშია, ოპოზიციის მხრიდან აღარ იქნება შეფასება, რომ მაჟორიტარობა ყოველთვის ხელისუფლებას აძლევს უპირატესობას. თუკი პროპორციულ სისტემის შემთხვევაში ხელისუფლება თავისივე რეიტინგის შესაბამის მანდატებს აიღებს, საყვარელიძის განცხადებით, ეს უკვე აუცილებელს გახდის მაქსიმალური იყოს ეს რეიტინგი.

„თუ, სარეიტინგო საკადრო პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ და, თუ ცვლილებები მოხდება შემოდგომისკენ, ვიდრე დღეს, ან ხვალ, სავარაუდოა, რომ ხელისუფლება საკადრო პოლიტიკას უფრო მეტი მონდომებით მოკიდებს ხელს. რაც შეეხება ცვლილებას, როგორც თქვენ შემომთავაზეთ საკითხი სარეიტინგო კონტექსტით, რა თქმა უნდა, ველოდები და ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლების რეიტინგის აწევას სჭირდება ამგვარი ცვლილებები, მაგრამ არა მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, საკანონმდებლო ხელისუფლებაშიც. მართალია, ამ შემთხვევაში ვერ მოხსნი ადამიანს, მაგრამ პრიორიტეტები, ვინ არის გადამწყვეტი და ვინ არა, ამის დალაგებით „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამომრჩეველს დაანახოს თავისი საკადრო პოლიტიკის მიმართულება.

მე მგონია, რომ ამ ორ ხაზზე რეიტინგის ცვლილებები საჭირო იქნება. რაც შეეხება ცქიტიშვილის დაწინაურების ვერსიას, უდავოდ გონივრული ვერსიაა, გარდა იმისა, რომ ცქიტიშვილი შესანიშნავი ფიგურაა, საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს მოსახლეობაში“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.