(გიგი მესვეტე)
აი, ბესო გუგუშვილი უზრდელი იყო. იყო რას ჰქვია, მაგას რა გამოასწორებდა?
ალბათ, ახლაც უზრდელია, ოღონდ, ფინეთში. გურამ პეტრიაშვილი უზრდელია უკრაინაში, დავით კეზერაშვილი უზრდელია ფინანსურ პოლიციაში, ირაკლი ოქრუაშვილი – ჯარში, მიხეილ ქარელი – შიდა ქართლში.
სიმართლე გითხრათ, მეც ბევრჯერ მიუზრდელია, მაგრამ ვინ ვარ მე? ოქროსუბნელი ვინმე მესვეტე. ელექტორატი მე არ მყავს და ამომრჩეველი, კაბინეტი მე არ მაქვს და არც სამივლინებოს მიწერს ვინმე. არც მინდა. ჩემი უზრდელობა ქვეყანას არ ავნებს და ესეც არ იყოს, ბოდიშის მოხდაზეც ყოველთვის ყაბულს ვარ.
ისე, ნამდვილად არ ვარ უზრდელი, მაგრამ 91-92, 93-94. 95-96...20005-2006 წლებში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა ყველას აგვიშალა ნერვები და ვისაც ვაწყენინე, ყველას ბოდიშს ვუხდი – გულიდან არ მოდიოდა, დედას ვფიცავარ.
საერთოდ, ზრდილობიანი კაცი ყველგან ზრდილობიანია, უზრდელი კი – შერჩევით.
იცის, ვისთან იუზრდელოს და ვისთან იყოს ცუციკი და ცუნგუშა.
ისინი ჩინოვნიკები არიან. დანიშნული ჩინოვნიკები, არჩეული ჩინოვნიკები. მათი უზრდელობის სამიზნე ჯგუფი უბრალო მოქალაქეებისგან შედგება, ანუ, იმ ადამიანებისგან, ვისგანაც იღებენ ხმებს და ხელფასებს.
ბაღდათში მავანმა კანდიდატ - მაჟორიტარმა ვინმე მოქალაქე - ამომრჩეველს აგინა დედა. დედა, რომელმაც გააჩინა და მისცა ხმა, რათა ეს ხმა არჩევნებში თავისი შეხედულებისამებრ გამოეყენებინა.
აგინა. მანამდე უბრალოდ იდგა და იგინებოდა, შემდეგ კი ამას აგინა. იფიქრა, ეგ ჩემთვის ხმის მომცემი არ არისო. აგინა და ურტყა.
მგონი, დათუაძე უნდა იყოს გვარად და ისიც ხომ დათუაძეა, შალვა ახალციხელის ქუთაისელი სეხნია? ჩინოვნიკი, დროებით უფლებამოსილებამოხსნილი, საარჩევნო კამპანიაში ჩაბმული, დღისით მოქადაგე, საღამოს – კაი პურის მჭამელი. ოცნებაში ბიძაშვილ გამარჯვებული და უფლებამოსილებააღდგენილი. ოცნებაში კი არა, უახლოეს პერსპექტივაში. რაღა პერსპექტივაში – არჩევნებამდე და დათუაძეების გამარჯვებამდე ორიოდე დღე დარჩა. გაიმარჯვებენ და მაშინ ნახეთ... ეგ ამბავი გადაწყვეტილია და წყალი არ გაუვა. უბრალოდ, საკითხავი ის არის, რამდენად გამოგვადგება ასეთი... კინაღამ შევიგინე. „კინაღამ“ არ ითვლება.
ჩინოვნიკური ფსიქოლოგია ასეთია: უნდა აგინო ქვემდებარეს, ხოლო ზემდებარისგან მორჩილად უნდა მოისმინო კიდევ უარესი და... ამის შემდეგ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ უნდა აგინო ქვემდებარეს და ქვემდებარეთა მთელ ამალას, რომლებსაც თავის მხრივ, ასევე მოეპოვებათ საკუთარი ქვემდებარეები.
ისე, ერთხელ რომ შეგაგინებენ და ჩაყლაპავ, ამის შემდეგ რამდენსაც არ უნდა შედგე მრავალსართულიანი ზმნებით, მაინც უთავმოყვარეო ზედსართავი სახელი ხარ.
მთელი ეს ჩალიჩი – ტომრებისა და დაპირებების დარიგება, იმისთვის მიდის რომ ერთ დღესაც ვიღაცამ გაგინოს და შენც აგინო ვიღაც სხვას.
„საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს აირჩიოს და იყოს არჩეული...“ - თუ არ ვცდები, ასეა ჩამოყალიბებული საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი მუხლი, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ცოტა სხვაგვარად ხდება. „საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს აგინოს და თავად იყოს შეგინებული“ - ჩემი ნება რომ იყოს, ასე ჩავწერდი.
პრინციპები... კი, პრინციპები მთავარია, მაგრამ არც თავმოყვარეობაა მეორეხარისხოვანი. სხვა ერებში მხოლოდ უთავმოყვარეო ერები ითქვიფებიან, ისინი, ვინც ხელისუფლებაში უთავმოყვარეო ხალხს ირჩევს. ტყუილად არ გავიხსენე კეზერაშვილი, რომელმაც თავის უშუალო უფროსს ყველაფერი შეუგინა, ხოლო უფროსმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა, ახალგაზრდაა და არ მწყინსო.
არადა, გაგიჟდებოდა, მაგრამ კაცს თავში სკამი და პორტფელი რომ უტრიალებს, ასეთ კაცს ძნელია თავმოყვარეობაზე ელაპარაკო. ანაც, სოფლის მეურნეობის მინისტრი რომ ავიღოთ, მიხო სვიმონიშვილი.
კლასიკური მაგალითი. რაც კი შეურაცხმყოფელი სიტყვა არსებობს, პრეზიდენტმა ყველაფერი უთხრა. ეს კამერებთან. კამერების გარეშე კი მგონი სულ წიხლქვეშ ყავს გაგდებული. ვითომც აქ არაფერიაო, და უსიტყვოდ აგრძელებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას: ჭამს ყურძენს და ყლაპავს შეურაცხყოფას.
ერთადერთი ჩინოვნიკი, რომელიც ყველას აგინებს და ზემდებარე მაგინებელი არ გააჩნია, არის პრეზიდენტი და ამიტომაც არის, ყველას პრეზიდენტობა რომ უნდა. ვისაც არ უნდა, ყოველთვის ყველანაირ უმცირესობაში იმყოფება, გარდა სექსუალური უმცირესობისა.
ერთ მაღალ-მაღალ ჩინოვნიკს ვიცნობ, ოჯახში არ შეიშვება პირველი ჭიქის მერე ამბობს: „ბოდიშით და, ეგ არამზადები...“. მეოთხე ჭიქის შემდეგ დედის სისხლით და დედის სარძევე ჯირკვლებით რომ დაიწყებს დედის ხორთუმით ამთავრებს ხოლმე.
იმ ცნობილი მოვლენების დედა რომ ვატირე, თორემ დურუ ხუნჭუას მეხიკოში, ოლიმპიურ სტადიონზე იწვევდნენ, ოღონდ შეიგინეო. ვერ დაიყოლიეს.
„ამ ჩემალალამ იმ ჩემალალას უთხრა, შე ჩემალალაო“ - ეს არის არჩევნები.