ძმარი გემოვნებით

ძმარი გემოვნებით

გიგი მესვეტე

რა სჯობს კარგ მწვადს?

საგულდაგულოდ შერჩეულ და დაჭრილ ხორცზე ხახვს და მარილ-პილპილს საგულდაგულოდ რომ მოაყრი! ძმარი გემოვნებით, დაყოვნება ზომიერად, შამფურზე აგება თან ფრთხილად და თან ენერგიულად... ნაკვერჩხალი ოდნავ რომ განელდება, მაშინ უნდა დაიწყო „ბოლთადენა“. ერთი მხარე რომ დაიბრაწება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადააბრუნო და სულ მალე მწვადი მზად არის. მთავარია, არ გადაამლაშო, ხოლო ძმარი, აუცილებლად გემოვნებით.

თუმცა კი, მთელი ამ დროის განმავლობში არ გტოვებს განცდა, რომ... (აქ კი დოჩანაშვილს მოვიშველიებ). ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე იყავი...

ჭეშმარიტად: მწვადს და სტატიას აქვთ რაღაც საერთო. ერთისთვისაც და მეორისთვისაც აუცილებელია მარილი, პილპილი და ცეცხლი. ძმარიც, ოღონდ, გემოვნებით.

ისე, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მაინც...

გამსახურდია ჩამოთვლიდა ხოლმე: „დრონი“, „შვიდი დღე“...  აი, ესენი არიან, მეგობრებო, კრემლის დასაყრდენები საქართველოში.

გაუბერავდა და გაუბერავდა. „კრემლის დასაყრდენები“ თავისას უბერავდნენ და მოხდა ომი. ყველანი გავბითურდით, მაგრამ დღეს რომ ბითურობა ხდება, მიმიქარავს ზვიად განმათავისუფლებელისა და ედუარდ აუფეთქებელის ეპოქები.

ერთი გაზეთი ტენდერებით სულდგმულობს, მეორე – ქირომანტიით, მესამე – ნიუსებით, მეოთხე – სათაურებით...

„საქართველოს რესპუბლიკა“ რომ „საქართველოს რესპუბლიკაა“, ღრმად პატივცემულ თავს ვალდებულად თვლის რომელიმე გვერდზე აუცილებლად დაბეჭდოს სამ მეოთხედზე გაშიშვლებული ევროამერიკელი „ნაშა“, რათა ისეთი სათაურების შემდეგ, მაგალითად როგორებიცაა, „გულწრფელი მადლობა მათ“ და „ყველა თბილისელი მას მისცემს ხმას“, სიცოცხლის წყურვილი გაუღვიძოს ღვაწლმოსილ მკითხველს.

ბითური მწერალი წარმოშობს ბითურ მკითხველს, რომელთა ფართო მასები ეწაფებიან ღრმად გამაბითურებელი ჟურნალების გარეკანებს, რომლებზეც მსხვილი შრიფტით არის გამოტანილი რომელიმე ხორცშესანიშნავი შუშისთვალება გოგოს სიტყვები: „ბევრი მამაკაცის გამოცვლა დამღლელია“.

იქვე იბეჭდება ლიტერატურული შედევრები „მწვანეთვალება ანგელოზი“ და „მგლები – 2“, რომელთა გააკადემიურებასაც ცდილობენ სტატიით „რა ხდება `რუსთავი 2“-ში“.

ქართული პრესის და ქართველი მკითხველის ურთიერთობა სატელეფონო სექსს დაემსგავსა, როდესაც 57 წლის ასკილოიანი დედაკაცი 57-კილოიან სახედამუწუკებულ ბიჭს მიბნედილი ხმით ეუბნება: „ფრთხილად, ნეკნები არ დამამტვრიო, გიჟო“.

ბოლო-ბოლო, ყველამ კარგად დაინახა რამდენად თავისუფალი იყო „თავისუფალი თემა“, ყველას აინტერესებს სინამდვილეში ვინ არიან „პირველები“ და ყველას უკვირს, რატომ ჰქვია „ტაბუს“ „ტაბუ“, როდესაც თავისუფლად შეეძლოთ დაერქმიათ „საქათმე 9 საათზე“.

სრული მარაზმი! სრუ-ლი!!!

მოჯადოებული წრეა – არ არის მწერალი, არ არის მკითხველი. რადგან არ არის მკითხველი, ვისთვის უნდა წერო?

ასევეა ტელესივრცეშიც. რამდენიმე ლათინოსის მაგალითზე მეამბოხე სულის ანატომიას გვასწავლიან, თავისუფლების აპოთეოზს კი ბოშური ცხოვრების წესი წარმოადგენს. იქვე, ძალად ბარი, ვითომ ინდუსტრია, შეუფერებელი კანდიდატი, საეჭვოდ ენერგიული ამტანი, გაბღენძილი მდიდრები და დაბოღმილი ღარიბები... მაგრამ, ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ – ბეჭდური მედია დიდი ავიაციაა. ჩვენს სიმღერებს საინფორმაციო გამოშვებები მღერინ, ჩვენი დაწერილი ბიბლიოთეკებში ინახება. 10, 20, 30. 50 და 100 წლის შემდეგ ვინმე წაიკითხავს და არა მგონია თავმოყვარე კაცისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს, როდის შეაგინებენ პატრონ-მყვარებელს, დღეს, ხვალ თუ 20 და 50 წლის შემდეგ.

გაზეთის ფურცლებზე ცეცხლი უნდა ენთოს. ასეთი ცეცხლი შესაბამისი სავარძლების მფლობელებს აიძულებს უფრო სწრაფად ჩააქრონ ტყეში გაჩენილი ხანძრები და ის ხანძრები პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს შორის არაფრის (ადამიანურად თუ შევხედავთ) გამო, სახელმწიფოსა და საზოგადოების ხარჯზე რომ მძვინვარებენ.

ძაან ისე გამომივიდა...

მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ აუცილებელია მარილი, პილპილი, შამფური, ცეცხლი და ტრიალი, ტრიალი, ტრიალი. ალალად და უსაყვედუროდ.

შესაწვავი უნდა შეიწვას, შესაჭმელი უნდა შეიჭამოს. ოღონდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძმარი გემოვნებით.