მთაწმინდელმა ამომრჩეველმა არჩევანი ლადო კახაძეს სასარგებლოდ გააკეთა. საარჩევნო უბნის დახურვიდან რამდენიმე წუთში „ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიდი უპირატესობა აძლევს საშუალებას გამარჯვება მიულოცოს ლადო კახაძეს.
„შუალედურ არჩევნებზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ვართ ძლიერი გუნდი და რაც მთავარია, გვაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა, შეგვწევს ძალა ვმართოთ და საზოგადოებასთან ერთად სწორი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. ეს შედეგი ჩვენთვის ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი. მთაწმინდელებს არ გაუჭირდათ სწორი გადაწყვეტილების მიღება, სწორი ანალიზის გაკეთება, შავის და თეთრის გარჩევა. ყოველთვის გააკეთებენ არჩევანს არა ტოტალიტარული წარსულის, არამედ სამართლიანი მომავლის სასარგებლოდ“, – განაცხადა კახი კალაძემ.
არჩევნების მეორე ტურზე აქტიურობას მიესალმება და ამომრჩეველს მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ლადო კახაძე, რომლის განცხადებით, არჩევნები, რომელიც ჩატარდა, წინგაგადგმული ნაბიჯია, თუმცა ყველა პროცესს აქვს მცირე ხარვეზები და გამონაკლისი არც ეს პროცესია.
„ჩემთვის, როგორც ამ მარათონში მონაწილე ადამიანისთვის, დიდად საპატიო იყო ჩვენს მოსახლეობასთან, ოპონენტთან შეხვედრა და მასთან ჩემი აზრის გაზიარება. ეს ყველაფერი კი მოხდა საჯარო სივრცეში, ყოველგვარი წესების დაცვით და ის ყველაფერი, რაც ამ არჩევნებთანაა დაკავშირებული, მე ვფიქრობ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
თავის პატარა მინუსები ყველაფერს ახლავს თან, მაგრამ ამის მიუხედავად, მე ვთვლი, ეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე ძიძგილაობა, ვიდრე რაღაც შეურაცხყოფის მიყენება. ვიხვეწებით, მომდევნო არჩევნები კიდევ უკეთესი უნდა იყოს და ამის შემდგომიც კიდევ უფრო უკეთესი“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. თუმცა „ევროპული საქართველო–თავისუფალი დემოკრატები“ ამტკიცებენ, რომ მთელი დღის განმავლობაში საარჩევნი უბნებთან მობილიზებულები იყვნენ ე.წ. ძველი ბიჭები და „ქართული ოცნების“ კოორდინატორები საარჩევნო სიებით, რომლებიც უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. როგორც ირმა ნადირაშვილი აცხადებს, დგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტსაც, როდესაც ოპოზიციის დამკვირვებლებს თავს დაესხნენ. ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება.
„ეს არჩევნები იყო კრიმინალის და ხელისუფლების შერწყმა და ამის საშუალებით არჩევნების ჩატარება. „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას არჩევნების ბედის გადაწყვეტა უნდა არა საარჩევნო უბანზე, არამედ კრიმინალების მობილიზებით, შანტაჟით, მოსყიდვით. ეს არის „ქართული ოცნების“ სტილი“, –განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ოპოზიციის ბრალდება ღიმილის მომგვრელია შს მინისტრისთვის. გიორგი გახარიას განცხადებით, როდესაც ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ასეთი ისტორიების მოგონების გარდა სხვა არგუმენტი არ გააჩნია იმისთვის, რომ არჩევნებში ღირსეულად იბრძოლოს, ეს ღიმილის მომგვრელია. როგორც გახარია აცხადებს, ხელისუფლებას არჩევნებში გასამარჯვებლად კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზება არ სჭირდება.
„თუ სადმე იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები მობილიზებულები, რომლებმაც დაარღვიეს კანონი, ან რაიმე სახით შეუზღუდეს ჩვენს მოქალაქეებს გამოხატვის, ხმის მიცემის თავისუფლება, მოგვეცით ეს ინფორმაცია და ამაზე მკაცრი და სწრაფი რეაგირება გვექნება. ყველა, ვინც ვინმეს სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, არ აქვს მნიშვნელობა ვის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მოქალაქეს, პოზიციას თუ ოპოზიციას, ყველა იქნება დასჯილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ვიცე–სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, იყო გარკვეული პროვოკაციები, თუმცა მისი თქმით, მთლიანობაში ოპოზიციამ ვერ შეძლო ამისგან შეექმნა ისტორია. რაც შეეხება ამომრჩეველზე ზეწოლის და ზემოქმედების ფაქტებს, რომელზეც ოპოზიციის ლიდერები მიუთითებენ, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ასეთი რამ შეუძლებელია. ვოლსკის განცხადებით, მას ვერ წარმოუდგენია, რომ რომელიმე ადამიანმა შეძლოს მოახდინოს ზეგავლენა მეორე ადამიანზე მაშინ, როდესაც ადამიანი უნდა შევიდეს საარჩევნო უბანში.
„თუ კრიმინალურ საქმიანობაში შემჩნეულ პირებს ვინმე იცნობს, მათ შორის ჟურნალისტი, აუცილებელია, რომ არა მხოლოდ არჩევნების დროს, არამედ არჩევნების შემდეგ, შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს. პოლიტიკა, კანონის აღსრულება კრიმინალური ავტორიტეტების მიმართ საკმაოდ მკაცრია.
უნდა იცოდეს მთაწმინდის ამომრჩეველმა, რომ აირჩია კანდიდატი, რომელიც არის ყველას წარმომადგენელი, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს. მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ვინც მივიდა საარჩევნო ყუთთან და ასეთი იყო უმრავლესობა იმ საკონსტიტუციო ფარგლებში, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს ცალკეული პროვოცირების მიუხედავად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.