„სააკაშვილს შუბი დაუჩლუნგდა, შემოეცალა ყველა, შემოეხა ტანსაცმელი“, - ასეთია გია ვოლსკის თვალით დანახული „უკრაინელი“ სააკაშვილი.
სავარაუდოდ, ვლადიმერ ზელენსკი აღარ გაიმეორებს თავისი წინამორბედის პოროშენკოს მიერ დაშვებულ შეცდომას, როცა პოროშენკომ სააკაშვილი ზომაზე მეტად დაიახლოვა და შემდეგ ეს ინანა.
თავდაპირველად ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ზელენსკის გარემოცვაში მნიშვნელოვან პოსტს ჩაიბარებდა, თუმცა უკრაინის ახალი პრეზიდენტი მისთვის მხოლოდ პასპორტის დაბრუნებით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური გეგმები არ აქვს.
იმის მიუხედავად, რომ მისი იდეოლოგიური დახმარება უკრაინაში არ სჭირდებათ, სააკაშვილი მაინც ამბობს, რომ ზელენსკის დახმარება სჭირდება, რისთვისაც მზადყოფნას გამოთქვამს.
პარალელურად, არავისთვის უცნობი არაა, რომ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს „ქართული ოცნება“ არ წამოჭრის, რადგან „ოცნებას“ არ აწყობს საქართველოში დაბრუნებული სააკაშვილი და ამით გამოწვეული ზედმეტი თავის ტკივილი. როგორც ჩანს, ეს ერთგვარად ამ ხელისუფლების სტრატეგიული მოითმინებაა მიშასთან მიმართებით.
როგორ ესახებათ უკრაინის ახალი პრეზიდენტის ხელში ქართულ-უკრაინული ურთიერთობები ჩვენს პოლიტოლოგებს?
ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილის „აქტივია“, რომ ის კიდევ ეიმედებათ, როგორც ამერიკული გავლენის ცენტრებს უკრაინაში, ისე რუსული გავლენის ცენტრებს მოსკოვში, ორივე მათგანი სააკაშვილისგან ისეთ ქმედებებს ელის, რომელიც მათთვის ხელსაყრელი და სასარგებლო იქნება. სააკაშვილი თავისი საქმიანობის წესით, რადიკალიზმით, ექსპრესიულობით ორივე ცენტრის მოთხოვნას აკმაყოფილებს, ამიტომ რომელი გადასძალავს და რომელი უკეთ გამოიყენებს, ეს ძნელი სათქმელია.
„ერთხელ მე ასეთი რამ ვთქვი და ჩემი კოლეგებისგან სარკასტული რეპლიკები დავიმსახურე, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში არ არის გაჭრილი ფიგურა, მის პოლიტიკურ კაპიტალში არის პარტია საქართველოში, რომლის პირველი პირიც, ფაქტობრივად, სააკაშვილია და, რომელიც ჯერ კიდევ მთავარი ოპოზიციური პარტიაა საქართველოში. მეორე მხრივ, მას აქვს გარკვეულ პიროვნულ ხიბლსა და ექსპრესიაზე დაფუძნებული გავლენა უკრაინულ საზოგადოებაში. ეს მისი აქტივია. თავისთავად ცხადია, რომ არც ზელენსკი და არც მის უკან მდგომი გავლენიანი ფიგურები არ არიან გულუბრყვილოები და, თუ ისინი გამოიყენებენ სააკაშვილს საკუთარ თამაშში, მაშინ უკრაინაში სააკაშვილს ექნება პერსპექტივა. ხოლო, თუ ვერ გამოიყენებენ, მაშინ პასპორტის ჩამორთმევის ახალ მიზეზს ისევ მოუძებნიან უკრაინელები“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.
მისივე თქმით, თუკი უკრაინელები სააკაშვილის ფაქტორს გამოიყენებენ, მაშინ დღევანდელი საქართველოს ურთიერთობა უკრაინასთან დაიძაბება. თუ არადა, სააკაშვილი შეეცდება უკრაინაში თავისი წარმატებული მდგომარეობა საქართველოში გავლენის დასაბრუნებლად გამოიყენოს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილი უკვე ჩაძირული და ჩარეცხილი პოლიტიკოსია, ის უკვე ნულია საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც, ის წარსულის პარტიაა.
„სააკაშვილმა თვითჩარეცხვა განახორციელა. მე მგონი, უკრაინელებს ჭკუა ეყოფათ, სააკაშვილის გამო ქართულ-უკრაინული ურთიერთობები არ გააფუჭონ. აშკარად ჩანს, რომ უკრაინელები ამას არ გააკეთებენ“, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.