"ძალიან ვწუხვარ შალვა, რომ ამ ინფორმაციას თქვენამდე თურმე ჯერ ვერ მოუღწევია", - ამის შესახებ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს და სულხან მოლაშვილის წამების საქმეს იხსენებს.
"მართალი ხართ შალვა, მე მოვინახულე ნაწამები სულხან მოლაშვილი და პირველმა გავაჟღე მისი წამების შესახებ საჯაროდ. ეს არ იყო სულხანის სურვილი, ის მთხოვდა არ გაასაჯაროო ეს ინფორმაცია, ჩემები ამას ვერ გადაიტანენ და მათ ცოდვას ნუ დაიდებო. საათნახევარი ვარწმუნებდი მას, რომ თუ მისი წამება არ გახმაურდებოდა, სავარაუდოდ, სასამართლომდე ცოცხალს არ დატოვებდნენ, ვინაიდან სასამართლოზე ვეღარ დაიმალება წამების ფაქტი და ამიტომ შენი მოკვლის რეალური საფრთხეა და მე არ შემიძლია ეს დავმალო.
სულხანი გაჩუმდა, შეიძლება დაიღალა კიდეც, მე ეს ჩავთვალე მის თანხმობად და ციხიდან გამოსვლისთანავე გავასაჯაროვე. ორი დღის შემდეგ შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან, მათიას იორშთან და კირილოვთან, რომლებმაც ყველა საქმე გადადეს, სულხანი მოინახულეს და მათაც გააკეთეს განცხადება, (ჟურნალისტ თამთა ქარჩავა "რეზონანსი") რომ მოლაშვილი არა მარტო ფიზიკურად იყო ნაწამები, არამედ ის ისეთ პირობებში ყავდა ხელისუფლებას რომელიც ტოლფასია წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის.
ჩემი თხოვნით მათიას იორშმა პირდაპირ სააკაშვილს სთხოვა შეეშვათ მოლაშვილთან, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. იორშის ძალისხმევით მაია შევიდა, გადაიღო მოლაშვილის წამების ამსახველი ფოტოები, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და ყველამ გაიგო სააკაშვილის რეჟიმის პირველი ნაწამების შესახებ. ძალიან ვწუხვარ შალვა, რომ ამ ინფორმაციას თქვენამდე თურმე ჯერ ვერ მოუღწევია", - წერს კაკაბაძე სოციალურ ქსელში.