ლევან ვასაძის თემა პერიოდულად აქტიურდება. ზოგჯერ მის მიმართ გავრცელებული ჭორები შეგვახსენებს თავს, თითქოს იგი პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, თუმცა ამ კულუარული ინფორმაციების მიუხედავად, დღემდე ეს ჭორები არ გამართლებულა და ვასაძე პოლიტიკისგან დისტანცირებითაც ახერხებდა საზოგადოების ნაწილში სიმპათიების აღძვრას.
ზოგიერთს მისი დეკლამატორობა და ეკლესიაში საკუთარი ლექსის („ბედნიერებამ მითხრა, ნუ მეძებ“...) წაკითხვის მანერა ხიბლავდა, ზოგი მასში ოდესაღაც არსებულ და აწ მივიწყებულ რაინდულ ბუნებას ამჩნევდა, ზოგსაც ლევან ვასაძისეული მსჯელობა იზიდავდა ზნეობრიობასთან დაკავშირებით.
ზოგიერთებს მისი „გაშავება“ იმდენად სურდათ, რომ ერთხანს „კაზანტიპის“ ჩატარების ერთ-ერთ ორგანიზატორადაც დაასახელეს, რის წინააღმდეგაც იგი ყოველთვის იბრძოდა. ლევან ვასაძემ ეს ჭორები უმალვე უარყო და აღნიშნა, რომ „კაზანტიპის“ ჩატარება სწორედ მიხეილ სააკაშვილის ოცნება იყო, რომელსაც სურდა, მთელი საქართველო კაზანტიპად ექცია, ამიტომაც მოუწოდებდა სააკაშვილი ახალგაზრდებს კომკავშირული ტიპის ბანაკებში ბუჩქებში სიყვარულისკენ.
ლევან ვასაძის მოწინააღმდეგეები არგუმენტად ყოველთვის იშველიებენ მის რუსულ კავშირებს და იმას, რომ მისი ბიზნესმენური კარიერა რუსეთთან იყო დაკავშირებული.
2013 წელს იგი სახელდებოდა საპრეზიდენტო კანდიდატადაც, რაც არ გამართლდა. ასევე, 2013 -ში პოლიტიკურ კულუარებში ატყდა აჟიოტაჟი, თუ ვინ იბრძოლებდა დედაქალაქის მერობისთვის - გიორგი მარგველაშვილის მეგობარი ლევან ვასაძე, ალასანია, სააკაშვილი, თუ ლევან გაჩეჩილაძე? მაგრამ იმხანად ლევან ვასაძეს დედაქალაქის მმართველის გასაღები არ ჩაუბარებია.
უფრო მეტიც, თავის დროზე ლევან ვასაძემ ბიძინა ივანიშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად პოლიტიკაში შემოსვლაზე უარი უთხრა. მცდელობის მიუხედავად, ივანიშვილმა ვასაძე ვერ დაითანხმა.
თანამდებობის დაკავებაზე მეტად მას სხვა ინტერესები ჰქონდა. ბიზნესმენი ვასაძე აქტიურად მოითხოვდა ქართულ ეთნოფსიქიკაზე, ჩვენს გეოკულტურულ როლზე მორგებული ეროვნული კონსტიტუციის მიღებას, რომელშიც ქვაკუთხედი ოჯახური ღირებულებები და ოჯახის სიწმინდე იქნებოდა.
იგი თანაუგრძნობდა სამეფო წყვილსაც. ერთ-ერთი წყარო იმასაც იუწყებოდა, რომ ბაგრატიონების პომპეზურად მოწყობილი სამეფო ქორწილის ხარჯები სწორედ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გაიღო და მანვე დააფინანსა სამეფო წყვილის შემდგომი საცხოვრისის ხარჯები ტახტის მემკვიდრის დაბადებამდე.
დღეს ლევან ვასაძეს ცალკეული ადამიანები ურჩევენ, ფეისბუკმიმართვებს თავი დაანებოს და პოლიტიკაში აქტიურად გამოჩნდეს, რადგან ეს მისთვის წარმატების მომტანი იქნება.
თუმცა მას მიაჩნია, რომ ჩუმად არასდროს ყოფილა. პატრიოტიზმზე საუბრისას მისი წინაპრების ტრაგედიას ახსენებენ საზოგადოებას - მისი ოთხი დიდი ბაბუა გადაასახლეს და დახვრიტეს, პირადად იგი 9 აპრილს მძიმედ დაიჭრა და ნაწილობრივ დაბრავდა.
ლევან ვასაძეს სამ კატეგორიად ყოფს პოლიტიკოსებს: „პოლიტიკაში სამი კატეგორიის ადამიანები მოდიან: არამზადები-ძალაუფლების ტკბობისა და სიმდიდრის მოსახვეჭად, მიამიტი ჯიგრები, რომელთაც ჰგონიათ, რომ რაღაცას გააკეთებენ ქვეყნისთვის და მერე ფუჭდებიან და ვაჟკაცი ხალხი, რომლებიც შედიან ამ ბრძოლაში და ჯვარზე ეკვრებიან, მიუხედავად იმისა, რომ იციან, ამისთვის არავინ მადლობას არ ეტყვის...“
დღეს რა შეიცვალა ლევან ვასაძის ბიოგრაფიაში და რამდენად რეალურია გავრცელებული ხმები, თითქოს იგი პოლიტიკაში აპირებდეს შემოსვლას, რასაც მისი ახლობლებიც არ გამორიცხავენ?! რამდენად შეუშლის ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლას ხელს მისი სახელის დაკავშირება რუსეთთან და, ასევე, რუს მილიარდერ ვლადიმერ ევტუშენკოსთან, რომლის ფინანსებითაც ის აპირებს გააქტიურებას?
ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთში მოღვაწეობა, რუსეთუმეობა, ასეთი იარლიყები ლევან ვასაძეს პოლიტიკაში მოსვლისას ხელს ვერ შეუშლის, რადგან რუსეთუმეობა ძალიან პირობითი ცნებაა და ძალიან ხშირად გამოიყენება იმ ადამიანთა მიერ, რომლებსაც თვითონ აქვთ რუსეთთან დალაგებული ურთიერთობა და, ფაქტობრივად, რუსულ საქმეს აკეთებენ ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ იარლიყების მიწებება კატეგორიულად დაუშვებელია, ვინაიდან ჩვენ პატარები არ ვართ და კარგად ვნახეთ, კგბ-ს გენერალმა ალიევმა როგორ გამოიყვანა აზერბაიჯანი რუსული გავლენისგან და დასავლეთისკენ მიაქცია.
„ლევან ვასაძეს თავისი ხედვებით, თავისი ცხოვრების წესით ქართული ელექტორატის მიმხრობის საკმაოდ სერიოზული შანსი აქვს. ეს არის მინიმუმ 10-15%-იანი ხმები, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუკი ქართული ეკლესია მას მხარს დაუჭერს. მართლმადიდებლური ეკლესიის ჭარბი და ძალიან მაღალი ნდობა მნიშვნელოვანი ფაქტორია ქართულ სინამდვილეში. საბოლოო ჯამში, მე მომხრე ვარ იმისა, რომ საზოგადოებაში არსებული ხედვები, განწყობა პოლიტიკურ პარტიებში აისახოს და ეს განწყობა პოლიტიკურმა პარტიებმა ასახონ. კონსერვატიული, გარკვეული თვალსაზრისით, კლერიკალური წრეების გავლენით ნასაზრდოები განწყობა, რომელიც არსებობს ქართულ საზოგადოებაში, სერიოზული რამაა. პოლიტიკური სპექტრი, თითქოსდა, ამას ასახავს კიდეც, განსაკუთრებით, „პატრიოტთა ალიანსი“, მაგრამ ეს საქმე სრულად ვერ გამოსდით. ამიტომ კარგი იქნება, თუ ვასაძე შემოვა პოლიტიკაში, რადგან მაშინ ღია და სპონტანური აფეთქებების საფუძველი აღარ იქნება. ცხადია, ამ სპექტრს და ამ მიმართულებას ჩვენ ვერ გავაქრობთ, მაგრამ, როდესაც ამ სპექტრს არ უშვებენ პოლიტიკაში ჩვენი შიდა და გავლენიანი ძალები, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს ეს სპექტრი ისე მოვიდეს, რომ წალეკოს რაღაცები, რაც ქვეყნისთვის კარგი არ იქნება“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, თუკი ეკლესია ლევან ვასაძეს მხარს დაუჭერს, პირველ რიგში, ეს წამგებიანი იქნება ეკლესიისთვის. ამდენად, საეჭვოა, პატრიარქმა დააფიქსიროს დადებითი პოზიცია ვინმეს მხარდასაჭერად, ვინც არ უნდა იყოს იგი.
„90-იანი წლებიდან დღემდე, რაც კი თავი მახსოვს, პატრიარქი ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო ნეიტრალური. საბოლოო ჯამში, მან ეს შეძლო და ისიც შეძლო, ეკლესიისთვის აერიდებინა პოლიტიკური ორომტრიალი. აქ ღია ორომტრიალზეა საუბარი, თორემ კულუარებში რაღაცები რომ ხდება, ეს გასაგებია. ჩვენ უცნაური ხალხი ვართ, სიტყვით ძალიან ბევრი ადამიანი მორწმუნეა, მაგრამ, თუკი ჩვენს ცხოვრებას და ყოფას შევხედავთ, არც საქართველოს და არც ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად არ ეტყობა ქრისტეს რწმენაზე ვიყოთ გადაგებულნი. საქართველოში მოდად არის ქცეული, ყველა პირჯვარს იწერს, ყველა ლოცულობს და ამ დროს ეკლესიიდან გამოსული მზად არის, ყელი გამოჭრას თავის თვისტომს იმავე ეკლესიის ეზოში. ასე რომ, თუ ვინმეს ჰგონია ეკლესიის მოწოდებაზე მრევლი ადგება და ვინმეს მისცემს ხმას, ასე არ იქნება. ეკლესიის გააქტიურება და პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა არც არაფერს არ მისცემს ეკლესიას და არც იმას, ვისაც ეკლესია დაუჭერს მხარს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე, რომლის აზრითაც, ეკლესიაში კიდევ ცალკე პრობლემებია და გარედან რაც ჩანს და რასაც ვუყურებთ, ეს კიდევ ცალკე თემაა.
ამდენად, ეკლესიას ჯერ სხვისთვის არ სცალია, მას თავისთვის აქვს მისახედი.
ვაჟა ბერიძე: "რუსეთუმეობა ძალიან პირობითი ცნებაა და ძალიან ხშირად გამოიყენება იმ ადამიანთა მიერ, რომლებსაც თვითონ აქვთ რუსეთთან დალაგებული ურთიერთობა და, ფაქტობრივად, რუსულ საქმეს აკეთებენ ჩვენს ქვეყანაში." -
ეს გახლავთ სრული სიმართლე, რომლის საჯაროდ თქმასაც ძალიან უფრთხიან ანალიტიკოსებად და ექსპერტებად ცნობილი ადამიანები!
რაც შეეხება ძაბირაძის მტკიცებას, რომ ეკლესიის მხარდაჭერას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს პოლიტიკოსისათვის, ეს იმდენად სასაცილოა თეზაა, საწინააღმდეგოს მტკიცებისთვის გარჯაც არ ღირს.
დედა-ეკლესიის მხარდაჭერისთვის კი არა, თავიანთ ქვეყნებში არსებული რელიგიური სექტების მხარდაჭერისთვისაც ტყავიდან ძვრებიან პოლიტიკოსები ნებისმიერ ქვეყანაში, რადგან ეს ამომრჩევლის ძალიან სერიოზული რესურსია.
ღირებულებები, რომელთაც ლევან ვასაძე უჭერს მხარს თავის ვიდეო-გამოსვლებში, მე მგონი, სრულ თანხვედრაშია იმასთან, რაც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის მორწმუნე მრევლსა აქვს გაცხადებული. ეს ნიშნავს, რომ ამ პიროვნებას ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ექნება ქართულ ფასეულობებზე აღზრდილ საზოგადოებაში.
(ახლა, ლიბერსტებისა და ლგბტ თემის მხარდაჭერა რომ არ ექნება, ცხადია!).
P.S.
ბარემ ინტერვიუ ჩაგეწერათ ბ-ნ ლევანთან და თვითონ გვეტყოდა თავის სათქმელს!
ვაჟა ბერიძე: "რუსეთუმეობა ძალიან პირობითი ცნებაა და ძალიან ხშირად გამოიყენება იმ ადამიანთა მიერ, რომლებსაც თვითონ აქვთ რუსეთთან დალაგებული ურთიერთობა და, ფაქტობრივად, რუსულ საქმეს აკეთებენ ჩვენს ქვეყანაში." -
ეს გახლავთ სრული სიმართლე, რომლის საჯაროდ თქმასაც ძალიან უფრთხიან ანალიტიკოსებად და ექსპერტებად ცნობილი ადამიანები!
რაც შეეხება ძაბირაძის მტკიცებას, რომ ეკლესიის მხარდაჭერას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს პოლიტიკოსისათვის, ეს იმდენად სასაცილოა თეზაა, საწინააღმდეგოს მტკიცებისთვის გარჯაც არ ღირს.
დედა-ეკლესიის მხარდაჭერისთვის კი არა, თავიანთ ქვეყნებში არსებული რელიგიური სექტების მხარდაჭერისთვისაც ტყავიდან ძვრებიან პოლიტიკოსები ნებისმიერ ქვეყანაში, რადგან ეს ამომრჩევლის ძალიან სერიოზული რესურსია.
ღირებულებები, რომელთაც ლევან ვასაძე უჭერს მხარს თავის ვიდეო-გამოსვლებში, მე მგონი, სრულ თანხვედრაშია იმასთან, რაც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და მის მორწმუნე მრევლსა აქვს გაცხადებული. ეს ნიშნავს, რომ ამ პიროვნებას ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ექნება ქართულ ფასეულობებზე აღზრდილ საზოგადოებაში.
(ახლა, ლიბერსტებისა და ლგბტ თემის მხარდაჭერა რომ არ ექნება, ცხადია!).
P.S.
ბარემ ინტერვიუ ჩაგეწერათ ბ-ნ ლევანთან და თვითონ გვეტყოდა თავის სათქმელს!