საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდება, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარედ განიხილავენ გია ვოლსკის, თამარ ჩუგოშვილსა და ზვიად ძიძიგურს.
მედიაში გავრცელებული ამ არაოფიციალური ვერსიის თანახმად, თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა თავაძე უზაენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნება, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე გახდება.
ფრაქცია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე შენიშნავს, რომ ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ჯერ კიდევ ბევრი „შავი საქმე“ აქვს გასაკეთებელი და, ბუნებრივია, ივანიშვილი მას რაღაც მომენტამდე არ შეელევა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის თქმით, პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე თავის მოვალეობას მშვენივრად ასრულებს. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ კობახიძის გადასვლის შესახებ დასმული შეკითხვა ინტრიგნულია. ვოლსკი კატეგორიულად გამორიცხავს, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი თავად დაიკავოს.
პარლამენტარი ბიძინა გეგიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის გადასვლას გაუმართლებლად მიიჩნევს. მისი მოსაზრებით, ასეთი გადაადგილება გამართლებული არ არის თუნდაც იმიტომ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სხვა ადამიანის ყოფნა დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდიდა.
ეს ერთადერთი ინფორმაცია არ არის, რომელიც ცვლილებებს შეეხება. შესაძლოა, სულ მალე მთავარი პროკურორის პოსტიც ვაკანტური გახდეს, რადგან შალვა თადუმაძემ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის შესახებ განცხადება შეიტანა.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დაახლოებით 6 თვეში, ანუ მომავალი არჩევნებისთვის ახალი კონფიგურაცია იქნება, სიების შედგენა დაიწყება, მეტი ნათელი მოეფინება ამ ვითარებას და გაირკვევა, სად იქნება ირაკლი კობახიძის ადგილი. დღესდღეობით კი პარლამენტის არსებული შემადგენლობა იმ შთაბეჭდილებას არ იძლევა, რომ ცვლილებების დრო დადგა. ასეთი მოსაზრებები უსაფუძვლოა, არავითარი რადიკალური ცვლილებები არჩევნებამდე პარლამენტში არ იგეგმება და წარმოუდგენელიც კია, რადგან არჩევნების წინ რადიკალური გადაადგილებები, პარლამენტის შიგნით ვითარების გამწვავება არასასურველი იქნება.
„უშუალოდ არჩევნების შემდეგ რა სიას წარადგენს „ქართული ოცნება“, ვინ სად მოხვდება, საერთოდ იქნება თუ არა ცვლილებები და ირაკლი კობახიძეს რა მომავალი ელის, ეს უკვე შემდეგი ეტაპია. ნაკლებად მოსალოდნელია, ახლავე შეცვალონ პარლამენტის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძე პოპულარული არ არის, მაგრამ ის არ გახლავთ ისეთი ფიგურა, რომელიც იაფფასიან პოპულარობას გამოეკიდება. ხშირ შემთხვევაში, მისი განცხადებები საკმაოდ დისონანსური და მკვახეცაა ხოლმე, მაგრამ მცდარია მოსაზრება, რომ ის ვერ უძღვება საპარლამენტო საქმიანობას. მისი საკანონმდებლო მოღვაწეობა საკმაოდ ეფექტურია. ირაკლის მთავარი დამსახურებაა ახალი კონსტიტუცია, სადაც მისი როლი წამყვანია“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
რაც შეეხება შალვა თადუმაძეს, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და ამერიკის მაგალითიც შეგვიძლია მოვიტანოთ, სადაც პროკურორებს აკრძალული არ აქვთ მოსამართლედ გახდომა და, პირიქით, არც ყოფილ მოსამართლეებს ეკრძალებათ პროკურორად გადანაცვლება. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ჩაანაცვლონ კიდეც პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძე და ამ ადამიანსაც ჰქონდეს სურვილი, გადაინაცვლოს სასამართლოში. მით უფრო, რომ თადუმაძე მაღალი კვალიფიკაციის იურისტია.
დავით ზარდიაშვილის აზრით, რასაკვირველია, არ არის კარგი მთავარი პროკურორის კანდიდატურების ხშირ-ხშირად ცვლა, პროკურატურის სისტემა მაინც სტაბილური უნდა იყოს, მაგრამ სასამართლოსაც ახალი სისხლი სჭირდება. ამდენად, ასეთი მსჯელობა, რომ არც ძველი მოსამართლეები გვაწყობს და არც თადუმაძე გვჭირდება სასამართლოში, რადგან ის პროკურორია, გამართლებული არ არის.
თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 2020 წლის არჩევნები გვიახლოვდება, ამიტომ ასეთი კონფიგურაცია და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის გადაყვანა არ იქნება გამართლებული.
„ცხენებს გადასასვლელზე არ ცვლიან. თქვენს მიერ ჩამოთვლილი პიროვნებები ლოიალურნი არიან არსებული ხელისუფლების მიმართ იმ თანამდებობებზე, რომლებზეც ისინი გვევლინებიან. ამიტომ ვერანაირ რაციონალურ აზრს ვერ ვხედავ, რა პრაგმატული მოსაზრებით შეიძლება გადაინაცვლონ სხვა ადგილებზე. საერთოდ, გადანაცვლება გადანაცვლებისთვის ნაკლებად ახასიათებს ამ ხელისუფლებას. ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის კარუსელები, მაგრამ „ქართული ოცნებისთვის“ ასეთი კარუსელები ჩვეული არაა“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.