უზაენაესი სასამართლოსკენ ისევ ოდიოზური ფიგურები მიილტვიან. მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144-კაციანი სია გაცხადდა, ბევრმა დაზარალებულმა ამ სიაში სწორედ ის მოსამართლეები აღმოაჩინა, რომლებიც მათ უსამართლოდ დევნიდნენ და „ნაციონალების“ დავალებებს უყოყმანოდ ასრულებდნენ. ერთ-ერთმა დაზარალებულმა ნონა გიგაიამ უვადო მოსამართლეობის მსურველი საკუთარი დამზარალებელი დავით მამისეიშვილი დააფიქსირა. For.ge ნონა გიგაიას ესაუბრა.
- ამა წლის პირველ ივნისს უზენაესი სასმართლოს უვადო მოსამართლეობის პრეტენდენტთა სია გაგვაცნეს ტელევიზიით, ფოტოებსაც აჩვენებდნენ. ერთი მათგანი მაშინვე ვიცანი, დავით მამისეიშვილი... დაკაცებულა, მოსუქებულა, მაგრამ მის სახეს რა დამავიწყებს, ან იმ ამბებს რა დამავიწყებს. 2006 წლის ოქტომბერში შიდა ქართლის სამხარეო პროკურატურაში გამომიძახეს. მანამდე, 2004 წლიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდრების, ირაკლი ოქრუაშვილისა და მიშა ქარელის დავალებით პროკურატურა, სასამართლო და კონტროლის პალატა სწავლობდნენ ჩემი კუთვნილი, გორის ბავშვთა პოლიკლინიკის, შ.პ.ს. „ჯანმრთელი მომავალის“ საქმეს... ვერაფერი იპოვეს ხელჩასაჭიდი და ერთ ხანს თავი დამანებეს. იმ დღეს კი პროკურატურის შენობაში დამხვდენენ ჩემთვის ცნობილი პაატა კალანდია და ორი უცნობი გამომძიებელი; ერთი გამეცნო, როგორც გელა გელაშვილი და მეორე, როგორც დანელია. სწორედ ის გახლავთ ამ ჩემი მოგონების „გმირი“. ჩემი ადვოკატი, ლადო სანიკიძე კარგად დააკვირდა „დანელიას“ და ჰკითხა, თქვენ ხომ ქუთაისელი ხართ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდით, თქვენ დანელია არ ხართო! ახალგაზრდა კაცი დაიბნა, მერე „შეცდომა“ გამოასწორა და თქვა, მამისეიშვილი ვარ, დედით კი ვარ დანელიაო.
ანუ უცნობი გამომძიებელი (დავით მამისეიშვილი) შეგნებულად დედის გვარით გაგეცნოთ, რათა არ გაგეგოთ მისი ნამდვილი ვინაობა?
- დიახ, მერე გავიგე, რომ, როცა გამომძიებელმა პაატა კალანდიამ ვერაფერი გააწყო და საქმე ვერ „შეკერა“, დასახმარებლად დავით მამისეიშვილი ამოუყენებიათ გვერდში და საგამოძიებო ჯგუფის უფროსი გელა გელაშვილიც და პროკურორი მორის ჩუბინიძეც ჩართულა. სწორედ მაშინ მოუძებნიათ დამსმენი, ანუ ცრუ მოწმე გიორგი (გოგა) თოფჩიშვილი, ქონების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი, და საქმეც „წარმატებით“ დაუსრულებიათ. სამართლებრივ საკითხებზე დიდხანს არ გაჩერებულან, პირობა წამომიყენეს: ან სახელმწიფოს აჩუქებ ბავშვთა პოლიკლინიკას, ან 150 000 ლარს ჩარიცხავ მითითებულ ანგარიშზე, ან დაგაპატიმრებთო. ამას მოჰყვა სამთვიანი დევნა, მუქარა, შანტაჟი, ჩემი ჯანმრთელობის შერყევა და ბოლოს ღამის თერთმეტ საათზე ნოტარიუსთან მისვლა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ქონების გადაფორმება. ამ ამბავში ყველაზე სასეირო გვარის დამალვაა, იცოდა ახალგაზრდა კაცმა, რომ უსამართლობას სჩადიოდა და მალავდა გვარს. მას მერე ამ ბატონს (დავით მამისეიშვილს) შთამბეჭდავი კარიერა გაუკეთებია. აი, მისი ნამსახურეობის ნუსხა:
2008-2009 წლებში იყო ქედის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე, ამასთან, მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა შუახევის რაიონულ სასამართლოში;
2009-2013 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
2009-2012 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე;
2013-2016 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 19 სექტემბრის 1/254 გადაწყვეტილებით გამწესდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 20 ოქტომბრის 1/279 გადაწყვეტილებით დაინიშნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
როგორც ვიცი, თქვენი საქმის განხილვას დღემდე ამაოდ ელოდებით პროკურატურასა და სასამართლოში. სხვა საქმეებთან ერთად თქვენი საქმეც თაროზეა შემოდებული?
- 2012 წლიდან ველოდები, რომ პროკურატურაში შექმნილი დეპარტამენტი და სასამართლო განიხილავენ ჩემს საქმეს და კარგად თუ ავად, ჩემს სასარგებლოდ თუ ჩემს საზიანოდ გადაწყვეტენ. დღემდე პასუხს ვერ ვეღირსე, ან როგორ უნდა ვეღირსო, თუკი ჩემი „გამკულაკებლები“ კვლავაც პროკურატურისა და სასამართლოს მაღალჩინოსნები არიან. ჩემს საჩივარს რომ ჩახედოს ნებისმიერმა სამართალმცოდნემ, ცხადად დაინახავს ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილ ცილისწამებას და იმასაც, რომ სასამართლოზე იმ ჯალათი გამომძიებლების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება, რომელთა შორისაც დავით მამისეიშვილიც იყო. სწორედ ამიტომაა შემოდებული ჩემი და სხვა მრავალთა საქმეები ძალზე მაღალ თაროზე, რომ ეგებ მტვერმა დაფაროს და მავანთ და მავანთ კარიერულ წინსვლაში ხელი არ შეეშალოთ.
ირაკლი ოქრუაშვილი და მიშა ქარელი ახსენეთ. ამ ადამიანებმა თქვენი ოჯახი მას შემდეგ ხომ არ ამოიღეს მიზანში, რაც თქვენი მეუღლე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ჩხეიძე ქალაქ გორის ყოფილი მერი „ნაციონალებს“ არ თანაუგრძნობდა?
- დიახ, ისინი იძიებდნენ შურს ჩემს მეუღლეზე, როგორც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე. მათ მისი ძველი ჯავრი ჰქონდათ, ჯერ კიდევ 2003 წლიდან მოყოლებული გვებრძოდნენ. ოქრუაშვილი მაშინ იყო თავდაცვის მინისტრი, ხოლო მისი ხელის ბიჭი და მოვალეობის შემსრულებელი გუბერნატორის პოსტზე იყო მიშა ქარელი. ისინი ჩემი მეუღლის მიმართ ბოღმას ვერ იშორებდნენ და გადაწყვიტეს, პოლიკლინიკის წართმევით გადაეხადათ სამაგიერო.
საიდან იცით, რომ ამ საქმეში უშუალოდ ოქრუაშვილისა და ქარელის ინტერესი იკვეთებოდა?
- ეს ამბავი რომ უშუალოდ მათი დავალება იყო, ამის შესახებ გვითხრეს ჩვენმა ახლობლებმა. ოქრუაშვილი და ქარელი თურმე საუბრობდნენ ამ თემაზე და პროკურორს მიუთითებდნენ, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დაანებო თავი და ბოლომდე უნდა დასაჯო ეს ხალხიო. მოტივი ის იყო, რომ 2002 წელს ჩემი მეუღლე ქალაქ გორის არჩეული მერი გახდა „ახალი მემარჯვენეებიდან“. მაშინ ოქრუაშვილი და ქარელი იბრძოდნენ ამ თანამდებობაზე თავიანთი კანდიდატურის გასაყვანად, მაგრამ ჩემმა მეუღლემ გაიმარჯვა და მათი კანდიდატურა შთამბეჭდავად დაამარცხა. ამის შემდეგ ისინი ცდილობდნენ, ჩემი მეუღლე წარმოეჩინათ, როგორც კორუმპირებული ადამიანი ქალაქში; არადა, ჩემი მეუღლე იყო უნივერსიტეტის კათედრის გამგე. უშუალოდ მას ვერანაირი გამამატყუვნებელი საქმე ვერ მოუძებნეს, ამიტომ გაარკვიეს, რომ მე პოლიკლინიკის მთავარი ექიმი ვიყავი და მოხდა ამ პოლიკლინიკის პრივატიზაცია, ანუ შეტანა საპრივატიზაციო ნუსხაში; გინდა თუ არა, უნდა იყიდოთო, მაშინ იყო დაძალება, რომ მოეშორებინათ თავიდან, ეს პოლიკლინიკაც სასაცილო ობიექტია, რომ ნახოთ, ერთი პატარა სახლია.
პოლიკლინიკა ამჟამად ვის დაქვემდებარებაშია?
- პოლიკლინიკა ახლა გორის მუნიციპალიტეტის ხელშია.
თქვენმა მეუღლემ თანამდებობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნა?
- სააკაშვილი რომ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩემი მეუღლე მაშინ ქალაქ გორის მერი იყო, ოქრუაშვილი იყო გუბერნატორი, შემდეგ ოქრუაშვილი წავიდა და მიშა ქარელი დარჩა გუბერნატორად. მიშა ქარელის დროს, 2004 წლის თებერვალში ჩემი მეუღლე გადადგა თანამდებობიდან, რადგან ქარელმა განაცხადა, მერს ყველა უფლება ჩამორთმეული ექნებაო. მართლაც, მთელ საქართველოში ასე ხდებოდა და გუბერნატორები მართავდნენ ყველაფერს.
ზუსტად 2004 წლიდან, ანუ მეუღლის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მოითხოვეს პოლიკლინიკის გადაცემა?
- დიახ, 2004 წლიდან დაიწყო შურისძიება პოლიკლინიკის წართმევით. ამის შემდეგ ჩემი მეუღლე პროფესორთა გაცვლითი ფულბრაიტის პროგრამით აშშ-ში გაემგზავრა. ეს ხდებოდა 2005-6 წლებში, მაშინ კიდევ უფრო გაძლიერდა ჩვენზე ზეწოლა, მიმდინარეობდა ყველანაირი შემოწმება, ათი შემოწმება მაინც ჩაუტარეს პოლიკლინიკას და ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. მერე, უბრალოდ, ადამიანი მიიყვანეს, რომელმაც თქვა, რომ პოლიკლინიკის შესყიდვისას თურმე რაღაც დარღვევები ხდებოდა და ეს მოგვდეს ბრალად. როგორც აღვნიშნე, საჩივარი 2014 წლიდან შეტანილი გვაქვს პროკურატურაში, ასევე, სასამართლოშიცაა საქმე და მას მერე საქმე გაჩერებულია. ხომ წარმოგიდგენიათ, გაჩერებული იქნება ეს საქმე, აბა, რა იქნება, რადგან ეს ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს, ისევ იქ არიან მოკალათებულნი.
თქვენ პოლიკლინიკის დაბრუნებას ითხოვთ?
- ჩვენ ვითხოვთ გამართლებას, რათა დადასტურდეს, რომ ჩვენს მიმართ შეთითხნილი ბრალდებები ტყუილი იყო. აღმოჩნდა, რომ მამისეიშვილი ახლა არის სასამართლოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, მერე აღმოჩნდება, რომ პროკურატურის მაღალჩინოსანია რომელიღაც დამნაშავე. ზუსტად ამიტომ ჭიანურდება საქმეების გამოძიება, ამიტომაც იბლოკება საქმეები არა მარტო ჩემი, არამედ, ზოგადად, 10 ათასი, 20 ათასი საქმე.