ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ კომისარიატებსა და ჯარის ნაწილებში არსებული კორუფციის ფაქტები შეაგროვა.
ჯარში გიწვევენ? ჩვენი კომისარიატები ისეთი გულჩვილები არიან, ნუ ინერვიულებთ, თუკი, რა თქმა უნდა, ჯიბე სქელი გაქვთ. ჯარიდან დახსნა 1200 დოლარი ჯდება. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში შევლაც არ დაგავიწყდეთ, თუკი ჯარის ნაწილში ლარებით იოლად გახვალთ, კომისარიატები მხოლოდ უცხოურ ვალუტაზე ირჯებიან.
დანარჩენი ფასები კი ასეთია: ჯარში გაწვევის გადავადება 150-250 დოლარი დაგიჯდებათ, თუ 1000-1200 დოლარს გადაიხდით, ყალბ სამხედრო ბილეთს იქვე „ჩაგახუტებენ“. „დაბრაკვა“ – 500-600 დოლარი ღირს. ამბობენ, „დაბრაკვის“ მსურველი იმდენად მომრავლდა, ფასი ნელ-ნელა ზემოთ იწევსო. ისე, ყველაზე ძვირი ფასები თბილისის კომისარიატებს აქვთ.
ფართოდ აპრობირებული ასეთი მეთოდი არსებობს: კომისარიატის თანამშრომელს წინასწარ მომზადებული ჰყავს მარტოხელა ორშვილიანი დედა, რომელსაც ჯარში არწასვლის მსურველს ურიგებენ და ფიქტიურ ხელმოწერასაც უფორმებენ. წვრილშვილის მამობა მხოლოდ 500 დოლარი დაგიჯდებათ და ყაზარმაშიც არავინ გიკრავთ თავს.
ეს ყველაფერი ზუგდიდის, ფოთის, დიდუბის, ნაძალადევის, ისნის და ქუთაისის კომისარიატებშია დაფიქსირებული.
სამხედრო ნაწილების ეროვნულ-იდეოლოგიური დონე ძალიან მაღალია და აქ მხოლოდ ლარებით ვაჭრობენ. მაგალითად, ჯარისკაცს შეუძლია სახლში მუთაქაზე იკოტრიალოს, ოღონდ თვეში ერთხელ ნაწილის უფროსს 25-50 ლარი უნდა ჩაუტანოს. მართალია, „ჩეპეების“ დროს ნებიერა ჯარისკაცს შეიძლება სულ ერთი-ორი დღით მუთაქა მიატოვებინონ, ღმერთმა უწყის, რანაირ კომისიებს და შემოწმებებს აღარ იგონებენ ხოლმე, მაგრამ გამოძახება, რაღა თქმა უნდა, დროულად და ოპერატიულად ხდება.
ასეთი ფაქტები კი მარნეულში და გორის ნაწილებში დაფიქსირდა.
ჰოსპიტალში მოხვედრა ჯარისკაცს 500-800 დოლარი უჯდება.
გორელები, საერთოდ, საინტერესო ხალხია და ნატურით გადასახადი ქართული ჯარის პრაქტიკაში პირველებმა სწორედ მათ დანერგეს - ერთ-ერთ ჯარისკაცს ფული არ ჰქონდა და ორი გოდორი თეთრი ბალი უნდა ჩაეტანა.