(გიგი მესვეტე)
ერთი ანეკდოტი მახსენდება.
ზამთარი დადგა, აცივდა, ჭრიჭინა არსად ჩანს. ნოემბრის შუა რიცხვებში სახლში რომ შეიკეტა, აღარც გამოსულა.
შეეცოდა ჭიანჭველას ჭრიჭინა, იფიქრა მშიერი იქნება, ვინ იცის, იქნებ გარეთ გამოსვლის თავიც არ აქვსო. დააწყო ხონჩაზეც მცირე მოსაკითხი – მჭადი, ყველი, ცოტა ჩირი და „პააატარა არაყი „თეთრი“. მივიდა, დაუკაკუნა. კარი არავინ გაუღო. შიმშილით ისეა დასუსტებული, ყურშიც აღარ ეყურება ამ საწყალსო, გაიფიქრა მშრომელმა ჭიანჭველამ და კარი შეაღო. ჭრიჭინა დივანზე იყო წამოგორებული და „ფეშენ თივის“ ცქერით ტკბებოდა. მის ფეხებთან სპარსული კატა თვლემდა. იქვე მდედრი ჭრიჭინა თმებს იმშრალებდა (ჭიანჭველას დანახვაზე ხალათის ღილები სასწრაფოდ შეიკრა, მაგრამ არა ბოლომდე – მეორე ტელევიზორი (ისიც პლაზმური) „ჯეობარს“ აჩვენებდა).
ჭრიჭინას ბინის ევრორემონტის და ანტიკვარული ავეჯის აღწერით თავს არ შეგაწყენთ. მოკლედ გეტყვით, რომ ჭრიჭინამ ჭიანჭველა შეიპატიჟა, გამოუტანა იმ დილით აფრიკაში დაკრეფილი კიტრი-პომიდორი, ცხელ-ცხელ ფრანქფურტული ძეხვეული, სერიოზული ფრანგული ღვინო... შესთავაზა ჰავანური სიგარა... ჭიანჭველა უარის ნიშნად ყველაფერზე თავს იქნევდა. „რა ვქნა, რით გცე პატივი?“ - ჰკითხა შეწუხებულმა ჭრიჭინამ. „კრილოვის მობილურის ნომერი მითხარი, დედა უნდა ვაგინო“ - იყო პასუხი.
ასეთი ანეკდოტი გამახსენდა. იქნებ, ანეკდოტი ის იყო, კრილოვმა რაც დაწერა, ხოლო ეს, რაც მე ანეკდოტად მოვყევი, ალბათ, უკვე იგავ-არაკია.
რას იფიქრებდა, როგორ წარმოიდგენდა ჭიანჭველა, რომ სანამ ის მიწას ებრძოდა, სანამ ბაზარში იდგა და სიმინდის ფქვილთან ერთად ბანანს ყიდდა, სანამ ბაზრის კონტროლიორებს ემალებოდა და თითო ლარს ზოგავდა, ანუ სანამ ზამთრისთვის ემზადებოდა, სარჩოს აგროვებდა და ჭირნახულს აბინავებდა, თურმე ჭრიჭინა თავის ჩანაფიქრს ზედმიწევნით ზუსტად ახორციელებდა.
ჭრიჭინამ დრო იხელთა და დემოკრატიის მატარებელს შეახტა. ხალხი გაიცნო, მიდგა-მოდგა, პერსპექტიულ პოლიტიკურ ორგანიზაციაში შევიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, აითვისა გრანტები, შეისყიდა მიწის ნაკვეთები (როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ასევე -არასასოფლოც). პარტიიდან მოხვდა პარლამენტში, მოიარა უცხოეთის მრავალი ქვეყანა, ათასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი არჩია და გაოცება ვერ დამალა, როდესაც ნახა, რომ ელისეს მინდვრები სინამდვილეში სულაც არ არის მინდვრები.
ჭიანჭველამ ისიც არ იცოდა, რომ ჭრიჭინას ახლადაშენებულ კორპუსებში ჰქონდა სიდედრზე და ცოლისძმაზე გაფორმებული რამდენიმე დუპლექსის ტიპის ბინა, ასევე წილი ერთ-ერთ სამშენებლო ფირმაში და დისტრიბუციის ექსკლუზიური უფლება ერთ-ერთ ცნობილ საწარმოში.
აბა, საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ის მიწა, რომელიც იჯარით ჰქონდა აღებული და რომელსაც გამთენიიდან დაღამებამდე ებრძოდა, ჭრიჭინას საკუთრება იყო?! საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ბაზარი, რომელშიც ვაჭრობდა, ბეწვზე გადაურჩა დანგრევას?! მის ადგილზე ჭრიჭინას მეგობრებს ჰიპერმარკეტის აშენება სურდათ.
ჭიანჭველამ არ იცოდა, რომ ჭრიჭინა იყო „კრიშა“.
ჭიანჭველა ჯეოგოიმი იყო.
ჭიანჭველამ იცოდა, რომ მისი ქვეყნის ღერბს აწერია „ძალა ერთობაშია“, მაგრამ არ იცოდა, რომ ჭრიჭინას არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში კედელს ამშვენებს დიდი წარწერა „ვოთ ვი ქენ ნოთ დუ ით ელოუნ, ვი ქენ დუ ით თუგეზა“, რაც ჭიანჭველას ენაზე (სხვათა შორის, ჭრიჭინას ენაზეც) ნიშნავს „ძალა ერთობაშია“.
რას იზამ - ზოგი ჭრიჭინად იბადება, ზოგი რწყილად და ზოგი ჭიანჭველად. ზოგი მდედრ ჭიანჭველად იბადება და ჭიანჭველებად დაბადებულ შვილებს შრომას ასწავლის. ზოგიც, მდედრ ჭრიჭინად დაბადებული, ხალათის ღილებს სასწრაფოდ იკრავს (მაგრამ არა ბოლომდე – ტელევიზორში „ჯეობარს“ აჩვენებენ) და გაჭირვებით იხსენებს, დილით რამდენი ჭიანჭველაა ჭრიჭინასთან მიღებაზე ჩაწერილი.
ზოგი კრილოვად იბადება, ბევრს ჭამს და საინტერესო რაღაცეებს წერს, მაგრამ გადის დრო, გამოხტება ვიღაც და იგავ-არაკს ანეკდოტად გადააკეთებს.
- არჩევნები მოდის და ხმები შემიგროვე - უთხრა გამომშვიდობებისას ჭრიჭინამ ჭიანჭველას და სახეში შეაბოლა.
გარეთ ძალიან ციოდა. სახლში – არც ისე.
- რამე მაჭამე, დედაკაცო – ემოციური სტრესის შემდეგ ჭიანჭველას ჭამა უნდებოდა.
- ყველი აღარ გვაქვს. ის ბოლო თავი იყო.
„არადა, ზამთარი მხოლოდ ახლა იწყება“ – გაიფიქრა ჭიანჭველამ და ჭრიჭინას ბოლო სიტყვები გაახსენდა: „არჩევნები მოდის და ხმები შემიგროვე“.
- კრილოვის დედაც! აწი ყველაფერი სხვანაირად იქნება – რატომღაც ხმამაღლა თქვა, საბანი შემოიკეცა და ძილს მისცა თავი. გადაწყვეტილება მიღებული იყო. ჭიანჭველას მშვიდად ეძინა და ტკბილ სიზმარს ხედავდა. ესიზმრა, როგორ შეახტა დემოკრატიის მატარებელს და მის დანახვაზე როგორ იხსნიდნენ ხალათის ღილებს (ბოლომდე) მდედრი ჭრიჭინები.