(გიგი მესვეტე)
ეჭვსგარეშეა, რომ „ჯაშუშური სკანდალი“ არჩევნებს დაამთხვიეს. ისიც ეჭვგარეშეა, რომ ოპოზიციის ლოიალობაც არჩევნებს უკავშირდებოდა, მაგრამ გაუმარჯოს არჩევნებს.
თუ არჩევნები აგენტურული ქსელების განადგურების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს და გაუმარჯოს არჩევნებს თუ მის გარეშე ვერ ვახერხებთ რუსეთს ვაჩვენოთ, რომ ქართველებს რაღაცაში მაინც გაგვაჩნია ერთიანი აზრი და პოზიცია.
ცუდი ისაა, თუ ქართული სპეცსამსახურებისათვის აქამდეც იყო ცნობილი გრუ-ს ქსელის შესახებ, მაგრამ არჩევნებს ელოდებოდნენ. ცუდი ისაა, ლუსტრაციის კანონი რომ არ არსებობს. აგერ, ესტონელი ნოტარიუსები რომ ჩამოვიდნენ, აჯობებდა ისინი მოგვეწვია, ვინც ესტონეთში ლუსტრაციის კანონი დაწერა და აღასრულა.
მაგრამ, მთავარი და გადამწყვეტი არის არა ლუსტრაციის კანონი (ერთ უმშვენიერეს დღეს არც ერთი ძველი აგენტი ცოცხალი აღარ იქნება) და არც როდის რამდენ აგენტს გამოვავლენთ (რამდენიც არ უნდა გამოვავლინოთ, იგი წავა და სხვა მოვა), არამედ ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება რუსეთის სახელმწიფოს ფენომენისადმი, რუსეთის საზოგადოებისადმი, რუსული ფსიქოლოგიისადმი და ერთმანეთისადმი.
ცუდი ისაა, რომ უკანასკნელ მოვლენებს ბევრი საკუთარი პიარისთვის იყენებს და როცა პიროვნება (რა თქმა უნდა, საუბარია ე.წ. ცნობილ სახეებზე) ასეთ დროს საკუთარ ქულებზე ფიქრობს, საზოგადოებას და მის თითოეულ წევრს ვერ მოსთხოვ, სამოქალაქო გმირობისა და პატრიოტიზმის მაგალითების ჩვენებას. ვერ მოსთხოვ, მშვიდად აიტანოს სიცივე, სიბნელე და ცეცხლი, რომელიც ბაზარს აუცილებლად მოეკიდება.
სასაცილო იყო „საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებული ღია წერილი ვლადიმერ პუტინისადმი, რომელსაც ხელს აწერდა „თეთრი მანდილის“ დამფუძნებელი, ღირსების ორდენის კავალერი, საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებული....
რეგალიების ჩამონათვალი იყო ძალიან სასაცილო, აღარაფერს ვამბობ „საქართველოს რესპუბლიკის“ მეორე გვერდზე.
ძალიან სასაცილოა, თუ წერილის ავტორს სჯერა, რომ პუტინი „საქართველოს რესპუბლიკას“ კითხულობს. არ მჯერა, რომ სჯერა. უბრალოდ, თავი შეგვახსენა.
ძალიან სასაცილო იყო ტელეკომპანია „ალანიას“ ეთერით მოსმენილი სიტყვები: „სახელგანთქმულმა ქართველმა მუსიკოსებმა, ჯგუფ
„ქუჩის ბიჭებიდან“ რუსეთის მთავრობის პოლიტიკისადმი პროტესტის გამოსახატად აქცია გამართეს ფილარმონიასთან. ფილარმონიასთან აქციის გამართვა უკვე სასაცილოა, მაგრამ „სახელგანთქმული მუსიკოსები“... თავი გაიპიარეს. მე მგონი, უნდა გავიცინოთ.
ხშირად ვხმარობ სიტყვას „პროვინციალიზმი“ და ვერც ამჯერად შევიკავებ თავს. ყოველთვის ვცდილობ ვუცქირო „დროებას“, მაგრამ ბოლო გადაცემის შემდეგ არ ვიცოდი მეცინა თუ მეტირა. წამყვანმა ოტო ბისმარკის ციტირება რუსულად მოახდინა. თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ ის ფრაზა ბისმარკმა რუსულად წარმოთქვა ან რუსულად დაწერა, პირველმა მესროლოს ქვა.
ნუთუ, ასეთი გოიმები ვართ?!
ღვინის, მინერალური წყლებისა და კიდევ უამრავი ნაირ-ნაირი ემბარგოს შემდეგ გული დამწყვიტა ლევან ბერძენიშვილის სიტყვებმა, რომ ის ყოველთვის ცდილობს „ლუკოილის“ ბენზინი ჩაასხას. გული დამწყვიტა ნოდარ ლადარიას საყვედურმა კობა დავითაშვილისადმი, რუსულად კარგად ვერ ლაპარაკობსო. რა მოხდა მერე, „ევგენი ონეგინს“ ზეპირად ორიგინალში თუ ვერ ვკითხულობთ? ქართველებს, პირველ რიგში ქართული ენის კარგად ცოდნა და ჩვენი ქვეყნის სიყვარული მოგვეთხოვება.
რა თქმა უნდა, იძულებითი წინასაარჩევნო პიარი იყო ოპოზიციის მიერ რუსეთის დაცარიელებულ საელჩოსთან ორგანიზებული ცოცხალი „სამშვიდობო ჯაჭვი“, მაგრამ ის, რომ მასში ხელისუფლების არც ერთმა წარმომადგენელმა არ მიიღო მონაწილეობა, იყო პროვინციალიზმი.
ხელისუფლება, კოტე გაბაშვილის თამადობით, ამ დროს არაფრისმაქნისი შეფასებებით იყო დაკავებული. ასეთ შეფასებები და ასეთი განცხადებების კეთება, როცა რუსეთზეა საუბარი, ჩემს ორი წლის შვილსაც შეუძლია – ორი წელია ვასწავლი.
სასიამოვნო მოსასმენი იყო ნიკა გვარამიას კატეგორიული განცხადება დსთ-დან გამოსვლის თაობაზე, მაგრამ ამას მოჰყვა პავლე კუბლაშვილის მოსაზრება, ჯერ კარგად ავწონ-დავწონოთო.
რით ვერ აწონ-დაწონა ამდენ ხანს?!
მოდით, ჩვენ გავიდეთ და პავლე კუბლაშვილი დარჩეს. პავლე კუბლაშვილს შეუძლია პერსონალურად შეუერთდეს რუსეთ-ბელორუსის კავშირს.
რეჟისორი ქალბატონის ღია წერილზე კიდევ ერთხელ გამახსენდა რადიო-105 და მისი ერთ-ერთი არტი: „მორბის პატარა ბეკეკა. ტაში, ტაში. მოაქვს მთა-ბარი. ტაში, ტაში...“. „აუ, ქალბატონო, დავაი, რა“!